„საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ შსს განცხადებას აქვეყნებს

ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული პირი არის 1985 წელს დაბადებული გ.ნ.

გამოძიების თანახმად, შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, 14 პირი მძევლად აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ „საქართველო ბანკი" სპეცოპერაციის დასრულებას ეხმაურება

თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის" შენობაში დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა. ის თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისათვის ცნობილი იყო მისი "საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში.

თავდამსხმელის "საქართველო ბანკში" შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი მძევლის ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმოდა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, კაცი 2 მილიონ ამერიკულ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.