უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით არსებითი პროლემები არ შექმნია. მკაცრი სასჯელისა და სასტიკი დარბევის შიშით მალევე შეწყდა ისედაც მცირერიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები, ცალკეული არტისტების მოზომილ განცხადებებს კი დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ვითარება შეიძლება შეცვალოს ცნობილი რუსი და საბჭოთა მომღერლის, ალა პუგაჩოვას ღიად კრიტიკულმა პოზიციამ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროსათვის გაგზავნილმა გამომწვევმა მიმართვამ.
73 წლის ალა პუგაჩოვა - საბჭოთა და რუსი ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი, ესტრადის რეჟისორი, პროდიუსერი, კინომსახიობი, ტელეწამყვანი და სსრკ-ის სახალხო არტისტი, ღიად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში შეჭრის გამო, თუმცა პუგაჩოვამ რუსეთის მთავრობას სარკაზმით სავსე კრიტიკული წერილით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მომღერლის ქმარი, კომიკოსი მაქსიმ გალკინი უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა.
„მიმართვა რფ-ის იუსტიციის სამინისტროს: გთხოვთ ჩამრიცხოთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელ აგენტთა რიგებში, რამეთუ სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ქმარს, პატიოსან, წესიერ და გულწრფელ ადამიანს, რუსეთის მოუსყიდავ და ნამდვილ პატრიოტს, რომელიც სამშობლოს მხოლოდ აყვავებას, მშვიდობიან ცხოვრებას და სიტყვის თავისუფლებას უსურვებს და, რომელიც ითხოვს ჩვენი ბიჭების ხოცვის შეწყვეტას იმ ილუზორული მიზნებისათვის, რომლებიც რუსეთის გარიყვას და მისი მოქალაქეების ცხოვრების დამძიმებას იწვევს“.
ალა პუგაჩოვას ეს მიმართვა რუსეთში თითქმის არავის დარჩენია შეუმჩნეველი, მათ შორის არც ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს, რომლებიც ყოველთვის მძაფრად განიცდიდნენ საბჭოთა პოპკერპების ამბოხს. რუსეთის საზოგადოებას დღემდე ბოლომდე ვერ მოუნელებია „მიმინოს“ - ვახტანგ კიკაბიძის დემარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ვახტანგ კიკაბიძეც, თავისი სიმღერების რეპერტუარითა და გია დანელიას საკულტო ფილმებში ნათამაშები როლებით - გვიანი საბჭოთა კავშირის ერთგვარი კერპია, თუმცა, როგორც სოციოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებენ, 40 წელს გადაცილებული რუსეთის მოქალაქეებისთვის ანუ მათთვის, ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, ალა პუგაჩოვა სულ სხვა მასშტაბის სიმბოლოა.
ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი არტემი ტროიცკი ამბობს, რომ რუსეთში ალა პუგაჩოვა მომღერალზე მეტია. მისი თქმით, ალა პუგაჩოვა ათეულობთი მილიონი ადაიმანის ცხოვრების ფაქტია. ის, რომ პუგაჩოვამ აზრი გამოთქვა ომზე, ძალიან ძლიერი დარტყმაა პუტინის მთელ სისტემაზე, რადგან ეს სიტემა დიდწილად დგას იმ ადამიანზე, რომლებიც ნოსტალგირებენ საბჭოთა კავშირზე. ალა პუგაჩოვა გარკვეული აზრით საბჭოთა კავშირის ცოცხალი სიმბოლოა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმითაც, ალა პუგაჩოვა არა მხოლოდ რუსული ესტრადის ყველაზე დიდი ვარსკვლავია მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არამედ 40+ ასაკის რუსეთის მოქალაქეებისთვის ის ასევეა მათი საბჭოთა წარსულის საუკეთესო ნაწილი, იმ საბჭოთა კავშირისა, რომლის მატრიცის აღდგენა შეუკვეთეს კიდეც ვლადიმირ პუტინს.
პუგაჩოვა
ოლექსი არესტოვიჩის თქმით, ალა პუგაჩოვა არის ამ 40+ ასაკის ხალის თვითიდენტიფიკაციის ნაწილი. მომღერალი განასახიარებს ყოველივე იმას, რაშიც ამ ადამიანებმა თავიანთი ახალგაზრდობის ინვესტირება მოახდინეს. პუგაჩოვას სიმღერის ფონზე დაქორწინდნენ, გაზარდეს შვილები და ა.შ. მის კონცერტებზე ბილეთების შოვნა იყო შეუძლებელი. პუგაჩოვა ერთდროულად მისაღები და საყვარელი იყო როგორც ხალხისთვის, ასევე იმ სისტემისთვის, რომელიც ამ ხალხს თრგუნავდა. არც პარტიაში ყოფილა და არც პარტიული სიმღერები უმღერია. მას შეეძლო სახიფათოდ ეხუმრა ხელისუფლებაზე, თავხედურადაც კი. გვიანი ბრეჟნევის პერიოდის ნაცრისფერი მოქალაქე პუგაჩოვას უყურებდა აღფრთოვანებით, რადგან მომღერალი იქცეოდა ისე, როგორც ვერავინ სხვა. ამ დროს გაჩნდა ასეთი გამონათქვამი: „ლეონიდ ბრეჟნევი - ალა პუგაჩოვას ეპოქის წვრილი პოლიტიკური მოღვაწე“. არქეტიპული ფიგურაა რუსეთისთვის. სულ ორი ადამიანი იყო სსრკ-ში, ვინც ხალხის სახელით ლაპარაკობდა: ვისოცკი და პუგაჩოვა...
პუტინი
ოლექსი არესტოვიჩის თქმით, პუტინი სსრკ-ის მატრიცის აღმდგენი (ოღონდ არა 15 რესპუბლიკის კავშირისა და პარტიული ყრილობების) ფიგურაა, აღმდგენი იმ შეგრძნებებისა, რომელშიც საბჭოთა ადამიანები ცხოვრობდნენ: როცა ერთი დიდი ოჯახი იყო, სადაც ტელევიზორში „მიმინოს“ უყურებდნენ, როცა ყველა ძმობას ეფიცებოდა ერთმანეთს, როცა ნათელი მომავლის სადღეგრძელოს სვამდნენ და ა.შ. მოკლედ, იყო მთელი პლასტი, რომელიც რუსეთში 40+ ასაკის ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია, ხოლო მთავარი ბრილიანტი ამ პლასტში ალა პუგაჩოვაა. მისი ხელყოფა - მათი წარსულის გათელვაა, რის უფლებასაც არ მისცემენ... პუტინის პოლიტიკასა და მის ლეგიტიმურობას უზრუნველყოფენ სწორედ ეს 40+ ასაკის ადამიანები. პუგაჩოვა ერთგვარი შემკვრელია მათი განცდების, მათი გრძნობებისა. აი, ეს შემკვრელი უჯანყდება კაცს, რომელსაც ხალხმა დაავალა აღადგინოს სსრკ როგორც ცხოვრების მატრიცა (არა მატერიალურ საზღვრებში) და აი, ეს მატრიცის სუპერშემკვრელი ეუბნება პუტინს, რომ ვერ გაართვი თავი, რასაც შენ აკეთებ, ყველაფრის წინააღმდეგი ვარო. ჩვენ ვხედავთ სსრკ-ის ბუნტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. პუგაჩოვა - ეს არის სსრკ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ რეჟიმისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენება შეუძლებელი იყო. ფაქტობრივად, მოიხსნა ლეგიტიმაცია და ამ +40-ის მიერ გაცემული კურთხევა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ინსტაგრამში გამოქვეყნებული ამ პატარა წერილის ეფექტს არაფერი ეშველება.
პროპაგანდის რეაქცია
ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს პუგაჩოვას განცხადებაზე.
რა მგონია, რომ ეს არის კითხვა, რომელიც რაიმე სახით ეხება კრემლს“, - განაცხადა პესკოვმა 19 სექტემბერს, თუმცა ამ დღეებში ბევრმა გაიხსენა მისი სხვა განცხადება, რომელიც პუგაჩოვა-გალკინის წყვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთა:
„არსებობენ ხელოვანები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენეს საკუთარ რეპუტაციას სრულიად უხამსი და მიუღებელი განცხადებებით. მე არ მსმენია ალა პუგაჩოვას არც ერთი განცხადება, მისი ქმარი კი, დიახ, ჩვენგან განსხვავებულ გზას ადგას. ძალიან ცუდი განცხადებები აქვს გაკეთებული“.
მოულოდნელად თავშეკავებული იყო ვლადიმირ სოლოვიოვი, რუსული სახელმწიფო მედიის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი:
„ალა პუგაჩოვა პათეტიკურად დაუდგა მხარში უცხო აგენტად აღიარებულ მაქსიმ გალკინს, რომელიც რუსეთს ნაგავს აყრიდა, უკრაინისთვის კი ფულს აგროვებდა. ღრმა ჩანაფიქრის მიხედვით, ყველა უნდა ატირდეს, აღფრთოვანდეს ასეთი მამაცური ნაბიჯით და ყველამ სასწრაფოდ უნდა გაუგოს და შეუნდოს მაქსიმს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. სიბრძნე ყოველთვის არ მოდის ასაკთან ერთად. ხანდახან სიბერე მარტო მოდის“.
რუსული ესტრადის ვარსკვლავის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ ტოლსტოიმაც, რომლის თქმით, „სამწუხაროა, რომ პუგაჩოვამ, ქვეყნის ყოფილმა ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა, დაკარგა კავშირი რეალობასთან და სოლიდარობა გამოუცხადა იმათ, ვინც დღეს რუსეთს დამარცხებას უსურვებს“.
„ახლა მისი ადგილი სსრკ-ის დროინდელ ისტორიულ მუზეუმშია, - ამბობს ტოლსტოი, - ხელოვანისთვის, ალბათ, ყველაზე სევდიანია, დაკარგო საკუთარი ქვეყნისა და ხალხის შეგრძნება, ამოვარდე სამშობლოს ისტორიიდან. პუგაჩოვას, გალკინისგან განსხვავებით, სხვა ქვეყანა არ ექნება. ვერც უცხოელ აგენტად იქცევა და ვერც წესიერი რუსი ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს. ჩვენ გავიმარჯვებთ მისი სიმღერების გარეშე“.
პუგაჩოვა vs პუტინი
კრემლისა და მისი პროპაგანდის რეაქცია ბევრს აფიქრებინებს რუსეთში, რომ გაჭირდება არა თუ ალა პუგაჩოვასათვის იარლიყის მიკერება, არამედ გალკინის აგენტობაში საზოგადოების დარწმუნებაც.
„უცხოელი აგენტის სტატუსის მინიჭება არა იმდენად გალკინის დისკრედიტაციას ახდენს, რამდენადაც თავად ამ სტატუსისას. ბოლოს და ბოლოს, ხალხს ესმის, რომ არანაირი უცხოელი აგენტი გალკინი არ არის - თუნდაც იმიტომ, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, - ამბობს ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი, აბას გალიამოვი, - ახლა ყველაზე გამოუცდელი ობივატელისთვისაც კი ცხადი გახდება, რომ ამ სტატუსს არავითარი სემანტიკური შინაარსი არ გააჩნია. ესაა იარლიყი, რომელიც მინიჭებულია აბსოლუტურად თვითნებურად და რეალურ ვითარებასთან ყოველგვარი ბმის გარეშე. სახელმწიფოს სიტყვა გაუფასურებულია და არაფერს ნიშნავს“.
ჟურნალისტი მაიკლ ნაკიც დარწმუნებულია, რომ მაქსიმ გალკინის უცხოელ აგენტთა რეესტრში შეყვანით კრემლმა დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან პუგაჩოვას რეაქციის შემდეგ ბევრი მოქალაქე კრიტიკული თვალით შეხედავს რეალობას, მეტიც, შესაძლოა პუგაჩოვას საქციელს მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ.
„ძლიერი ფლეშმობი გამოვა, თუკი პუგაჩოვას შემდეგ სხვა ცნობილი და პოპულარული ადამიანებიც მოითხოვენ მათთვის უცხოელი აგენტის სტატუსის მინიჭებას. ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხოლო უცხოელი აგენტის სტატუსი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ნიშნად იქცევა“.
პოლიტოლოგმა არკადი დუბნოვმა პუგაჩოვას - რუსეთის მთავარი ქალის - მიმართვა შეადარა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მიერ პუტინისთვის წაკითხულ „ლექციას“ სამარყანდის სამიტზე, სადაც პუტინს მოუწია ინდოელ კოლეგასთან თავის მართლება უკრაინაში შეჭრის გამო.
„ეს არის ნამდვილი სიყვარული!" - ცრემლებს ღვრიან დარბაზში და ეს "ნამდვილი სიყვარული" იქცა უზარმაზარ პრობლემად რუსეთის მთელი სამთავრობო პროპაგანდისთვის, - წერს ცნობილი რუსი ანალიტიკოსი მაქსიმ შევჩენკო, - გასაგებია, რომ გალკინს დევნიან არა მისი ახლანდელი პოზიციისთვის, არამედ „პირველი პირის“ შეუთანხმებელი პაროდირებისთვის. საინტერესოა, ვინ ვის აჯობებს: პუგაჩოვა სისტემას თუ სისტემა - პუგაჩოვას? ტიტანების შერკინებაა. ამ დაპირისპირებაში მე ნამდვილად არ დავდებდი ფსონს სისტემის გამარჯვებაზე“.
ალა პუგაჩოვას თამამმა სამოქალაქო პოზიციამ უკრაინაშიც მიიპყრო ყურადღება. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე (2019-2021 წწ.) ანტონ გერაშჩენკო დარწმუნებულია, რომ პოპულარული მომღერალი და არაერთი თაობის მრავალი მილიონი რუსის კერპი, არჩევნებშიც კი დაამარცხებს ვლადიმირ პუტინს. გერაშჩენკოს თქმით, პუგაჩოვას ბევრი კოლეგა-მამაკაცისგან განსხვავებით არ შეეშინდა და, თავისუფლების აღკვეთის რეალური საფრთხის მიუხედავად, ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა პუტინს.
„ალა პუგაჩოვას მიმართვა, მაქსიმ გალკინის კვალად ისიც შეყვანილ იქნეს "უცხოური აგენტების" სიაში, პუტინის დასასრულია! ნეხვისა და ჯოხებისგან აგებული სახლი სახელად "პუტინის რუსეთი", რომელსაც კრემლის მთავარი ტერორისტი 22 წლის განმავლობაში აშენებდა თავისი ხალხის გონებაში, ლაწალუწით იშლება. ეს პროცესი, რომელიც თავის ირგვლივ სისხლსა და სიმყრალეს წარმოშობს, ვეღარ შეჩერდება!“ - განაცხადა ანტონ გერაშჩენკომ.