"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დღემდე არ იცის, ვინ ედავება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მხრიდან. ამის შესახებ მან დღეს, 20 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. ნიკა გვარამიას საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
"მე ვერ ვიგებ, ვინ მედავება. მედავება სახელმწიფო, რომელმაც ჩაანაცვლა იურიდიული პირი სამართალსუბიექტურობის განსაზღვრისას, ის ხალხი, ვის წინაშეც მე პასუხისმგებელი ვიყავი.
მეტსაც გეტყვით, მინორიტარ აქციონერს რომ შეაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე განცხადება, ის უნდა ედავებოდეს ასევე მაჟორიტარ პარტნიორებს საწარმოსთვის შეგნებულად ზიანის მიყენებისთვის. მინორიტარ აქციონერთანაც არ ვარ პასუხისმგებელი სისხლის სამართლებრივად, თუ ის არ დავობს, ზოგადად, საწარმოსთვის ზიანის მიყენებაზე, რასაც დირექტორი ვერ აკეთებს...
დღემდე არ ვიცი, ვინ მედავება "რუსთავი 2-ის" მხრიდან, "რუსთავი 2" ვინ არის საერთოდ, რომ მედავებოდეს, ვინ არიან ის ადამიანები, ვის წინაშეც მე პასუხისმგებლობა დავარღვიე და ბოროტად გამოვიყენე ჩემი თანამდებობა... ამაზე განმარტება არ გაკეთებულა პროცესის არცერთ ეტაპზე", - მიმართა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიას.
დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გაგრძელდა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ. კოლეგია განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივარს - ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ასევე ნახეთ როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდანგვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.