"რუსეთის დროშა და ანკესი" - ყველაფერი, რაც ვიცით "საქართველოს ბანკში" შეჭრილზე და მის მოთხოვნებზე

დაახლოებით დილის 11 საათზე ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მამაკაცმა 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. მძევლების მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, “რადიო თავისუფლებამ” მოაგროვა ინფორმაცია თავდამსხმელსა და მის მოთხოვნებზე.

თავდამსხმელი კამერაში არ ლაპარაკობს და არც კადრში გამოჩენა უნდა. იმისდა მიუხედავად, რომ სახე დაფარული აქვს, ბანკში მყოფებს აფრთხილებს, რომ წელსზემოთ არ გადაუღონ.

გავრცელებულ ვიდეოებში თავდამსხმელი მშვიდად ელაპარაკება მძევლებს. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ხმა გარკვევით ისმის, მას იმერული კილო აქვს.

მამაკაცი მძევლების მეშვეობით უყენებს ულტიმატუმებს პოლიციას. იგი უარზეა, გაანთავისუფლოს მეძვლები ნაწილ-ნაწილ და სამართალდამცველებს აფრთხილებს, რომ ბანკში მხუთავ აირს თუ გაუშვებენ, ხელყუმბარას ააფეთქებს.

ვიდეოებში არ ჩანს, რომ თავდამსხმელი მძევლებზე ძალადობს. თუმცა ერთგან ბანკში მყოფები პოლიციას სთხოვენ, შენობის პერიმეტრი დატოვონ, რადგან მამაკაცი “მათ [სამართალდამცველების] გამო ცუდად ექცევა”.

მამაკაცი აიძულებს მძევლებს, გაავრცელონ მისი მოთხოვნები და დროდადრო ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში გავიდნენ. ერთ-ერთი მძევლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ თავდამსხმელი მას ეუბნება: “2 მილიონი დოლარი 3 საათში”.

ცნობილია თავდამსხმელის დანარჩენი მოთხოვნებიც. მას სურს, რომ ბანკის წინ მინივენი “სპრინტერი” დაახვედრონ, ქუთაისის ძველ აეროპორტში კი ვერტმფრენი. გარდა ამისა, გამტაცებელი გაურკვეველი მიზეზით ითხოვს “სპილინძის” ანკესსა და რუსეთის დროშას. მძევლის კითხვას, დროშა რად უნდა, ის უპასუხოდ ტოვებს.

თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ფეხზე - გაცრეცილი ყავისფერი “ბათინკები”. ტანზე მიმაგრებული აქვს მოციმციმე ხელსაწყოები, რომელსაც ასაფეთქებლებს უწოდებს. მარჯვენა ხელზე ხელყუმბარა ერთ-ერთმა მძევალმა მიუმაგრა. შარვლის ჯიბეში უდევს დანა.

ვიდეოში, რომელიც “მთავარმა არხმა” 14:18-ზე ატვირთა, მძევალი ამბობს, რომ ბანკის კარებზე მიმაგრებულია “ლაზერული ბომბი”. მასზე წამზომია ჩართული და ის “საათნახევარში აფეთქდება”. გავრცელებულ ვიდეობში ჩანს კარებზე დამაგრებული მოწყობილობა. სავარაუდოდ, ბომბი.

ამ დროისთვის უცნობია, ვინაა თავდამსხმელი. ისიც არ ვიცით, გაარკვიეს თუ არა მისი ვინაობა სამართალდამცველებმა.