რუსეთი და უკრაინა 200 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ, ამის შესახებ ნიუ-იორკში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ორასი პატიმრის გაცვლა მოხდება მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - თქვა თურქეთის ლიდერმა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობს.
ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი უკრაინაში. მისი თქმით, ეს დასკვნა მან უზბეკეთში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ასევე ნახეთ
პრეზიდენტი ერდოანი აცხადებს, რომ უკრაინას თავისი მიწები დაუბრუნდება"ბატონმა პუტინმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები", - თქვა ერდოანმა, თუმცა ეს ნაბიჯები არ დაუკონკრეტებია. შეკითხვას, რამდენად სწრაფად შეიძლება უკრაინაში ომის დასრულება, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დამოკიდებულება. ერდოანის თქმით, უზბეკეთში, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას, შთაბეჭდილება დარჩა, რომ მას ომის სწრაფად დასრულება სურს, რადგან სიტუაციის განვითარება საკმაოდ პრობლემურია.
ერდოანი და პუტინი ერთმანეთს გასულ კვირაში უზბეკეთში შეხვდნენ "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტის ფარგლებში.