თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების პირობა არ შეიძლება იყოს რუსეთის მიერ იმ ტერიტორიების შენარჩუნება, სადაც ის შეიჭრა. ერდოანმა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება და გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობს, 19 სექტემბერს ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ PBS-ს.
ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა მისცენ თუ არა რუსეთს თებერვალში შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის წართმეული ტერიტორიების შენარჩუნების ნება და უნდა იყოს თუ არა ეს კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი, ერდოანმა უპასუხა: „არა, რა თქმა უნდა, არა“. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, როცა საუბარია ურთიერთშეთანხმებაზე, იგულისხმება, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემთხვევაში, ტერიტორიების დაბრუნება მნიშვნელოვანი გახდება, ეს არის ის, რაც მოსალოდნელია და მიწები, სადაც შეჭრა მოხდა, უკრაინას დაუბრუნდება.
"ბატონმა პუტინმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები", - თქვა ერდოანმა, თუმცა, ეს ნაბიჯები არ დაუკონკრეტებია. შეკითხვას, რამდენად სწრაფად შეიძლება უკრაინაში ომის დასრულება, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დამოკიდებულება. ერდოანის თქმით, უზბეკეთში, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას შთაბეჭდილება დარჩა, რომ მას სწრაფად დასრულება სურს, რადგან სიტუაციის განვითარება საკმაოდ პრობლემურია. ერდოანი და პუტინი ერთმანეთს გასულ კვირაში უზბეკეთში შეხვდნენ "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტის ფარგლებში.
ამერიკელი ჟურნალისტის ინგლისურენოვან შეკითხვებს თურქეთის პრეზიდენტი თურქულად, თარჯიმნის მეშვეობით პასუხობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ თავის რუსულენოვან საიტზე წერს, რომ ინტერვიუში პრეზიდენტმა ერდოანმა ილაპარაკა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში, უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
PBS-ის ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა დართონ თუ არა რუსეთს ყირიმის შენარჩუნების ნება, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მის ძვირფას მეგობარ პუტინს“ ამაზე 2014 წლიდან ელაპარაკება და კანონიერი მფლობელისთვის ყირიმის დაბრუნებას სთხოვენ.
ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ერდოანს შეხვდარუსეთ-უკრაინის ომის მიმართ თურქეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. ანკარა ჰუმანიტარულ საკითხებში, მაგალითად, უკრაინიდან სურსათის ექსპორტის განახლების პროცესში, მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე კვირაში, თურქეთის შუამავლობით დაიწყო მხარეთა მოლაპარაკების პროცესიც, რომელიც მალევე შეწყდა. თურქეთმა, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები არ დაუწესა.