საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები იყო საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
ღარიბაშვილმა და ერდოანმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მის შედეგად მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების რთული ვითარება და რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, ამ კონტექსტში აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგად აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს გადასცა მნიშვნელოვანი რუკები.
პრეზიდენტ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და მეგობრები არიან და მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება.
თურქული სააგენტოს, „ანადოლუს“, ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოანმა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ მიიღო და მათი შეხვედრა პრესისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ თურქეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. ანკარა ჰუმანიტარულ საკითხებში, მაგალითად, უკრაინიდან სურსათის ექსპორტის განახლების პროცესში, მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე კვირაში თურქეთის შუამავლობით დაიწყო მხარეთა მოლაპარაკების პროცესიც, რომელიც მალევე შეწყდა. თურქეთმა, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები არ დაუწესა. საქართველოს მთავრობამაც უარი თქვა რუსეთისთვის ეროვნულ დონეზე შეზღუდვების დაწესებაზე, თუმცა, აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციებს იცავს.