სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
ოსკარ უაილდს - ირლანდიელ პოეტს, მწერალს, კრიტიკოსს, დრამატურგს, რომანის „დორიან გრეის პორტრეტი“ და პიესის „სალომე“ ავტორს, ინგლისური ესთეტიციზმის, დენდიზმისა და გონებამახვილობის ემბლემატურ ფიგურას - უნიკალური ადგილი აქვს ლიტერატურის ისტორიაში. კრიტიკოსები მას ხან რომანტიზმის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენლად მიიჩნევენ; მგრძნობელობის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო სუბიექტური, ირაციონალური, ტრანსცენდენტული, სპონტანური, ემოციური, წარმოსახვითი - კლასიციზმის წესრიგისა და რაციონალიზმისგან განსხვავებით; ხან კი უაილდს პირიქით ახასიათებენ - ავტორად, რომელმაც ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც სხვადასხვა როლის მორგებით, იდეებისა და იდეოლოგიების გონებამახვილური რღვევით დაასუსტა რომანტიზმის წარმოდგენები ადამიანის შინაგანი „თვითობის“ შესახებ.
ლიტერატურის ისტორიკოსები ასევე ბევრს ლაპარაკობენ უაილდის, როგორც ავტორის, ჟანრულ მრავალფეროვნებაზე, მის უნიკალურ უნარზე აეღო დამკვიდრებული, კონვენციური ფორმა და ის შიგნიდან შეეცვალა, ორაზროვანი გაეხადა, ახლებური მღელვარებით, მგრძნობელობით, ემოციებით დაემუხტა - მაგალითად, გოთიკური რომანი „დორიან გრეის პორტრეტში“, ფრანგული საზოგადოებრივი კომედიები თავის პოპულარულ პიესებში „ლედი უინდერმირის მარაო“ და „რაოდენ მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული“. და, რა თქმა უნდა, ლაპარაკობენ მის ზღაპრებზე - უფლისწულებით, ბულბულებით, ვარდებით, გოლიათებით, ბავშვებით, მეფეებით, ქალთევზებით დასახლებულ, იდუმალ და ლირიკულ ტექსტებზე, რომლებიც სევდიანი იუმორით, სათუთი ეროტიკულობით და ბიბლიური თემატიკით ფეთქავს.
კრიტიკოსებისგან განსხვავებით, თავად უაილდი - საჯაროდ - წერაზე ჭეშმარიტი დენდის გულგრილობით ლაპარაკობდა ხოლმე, მისგან შემოგვრჩა ფრაზა „მთელს ჩემს გენიას ჩემს ცხოვრებაში ვდებ. ჩემს ნაწარმოებებში კი ვდებ მხოლოდ ნიჭს“ - მაგრამ ამ თითქოს დისტანციური მიმართების მიღმა მძიმე შრომა, ბევრჯერ გადაწერილი ხელნაწერები და მწერლის პროფესიონალიზმი იმალებოდა. თუმცა, მისი ეს განაცხადი გასაკვირი არაა - ლიტერატურის თავისი უნიკალური მგრძობელობით წერის გარდა, უაილდი ხომ ბრწყინვალე ოსტატობით ახერხებდა საკუთარი თავის მუდმივად შექმნას, საკუთარი პიროვნების უწყვეტ და შთამბეჭდავ დრამატიზაციას. ამიტომაც, სადაც ახსენებენ სახელს, „ოსკარ უაილდი“, იქვე, როგორც წესი, ციტირებენ ცნობილ განაცხადს „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ - ესთეტიციზმის პრინციპს, რომ ხელოვნება გამართლებას არ საჭიროებს, რომ მას არ სჭირდება პოლიტიკური, მორალური, დიდაქტიკური ან რაიმე სხვა მიზანი, რომ ის უბრალოდ, თავისთავად „არის“. ხოლო ოსკარ უაილდს ეს პრინციპი უკიდურესობამდე მიყავდა, რადგან ის, ლიტერატურის გარდა, თავის ცხოვრებასაც მიზანმიმართულად გარდაქმნიდა ხელოვნების ნიმუშად - სტილით, ჩაცმულობით, გონებამახვილობით, თეატრალურობით, ხავერდის გრძელი და ფერადი პიჯაკების საღილეში მუდმივად გაყრილი მწვანე მიხაკით. და, რაც მთავარია - უაილდისთვის მისი ცხოვრება ხელოვნებს ნაწარმოებს უნდა დამსგავსებოდა დინამიზმით მფეთქავი გამოცდილებებისკენ მოუთოკავი სწრაფვით.
1895 წელს ოსკარ უაილდის პოპულარობა ატლანტის ოკეანეს ორივე მხარეს სწვდებოდა, მაღალი კლასების ცხოვრებაზე შექმნილი მისი სატირული პიესები დიდი წარმატებით იდგმებოდა, თავად უაილდი კი ლონდონის ელიტარული თავყრილობების მთავარი და სასურველი სტუმარი იყო. და სწორედ ამ დროს, ასეთი წარმატების მომენტში უაილდი ჰომოსექსუალობისთვის - მაშინდელი, ვიქტორიანული ინგლისის ევფემიზმების ლექსიკით „მასშტაბური უხამსობისთვის“ - დააპატიმრეს და სკანდალურ, საჯარო, სიძულვილით დამუხტულ სასამართლო პროცესზე ორი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, ციხეში მძიმე შრომის თანხლებით. ამ დამანგრეველმა გამოცდილებამ უაილდის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა შეუქცევადად შეარყია. ინგლისის საზოგადოების მიერ მოძულებული უაილდი პატიმრობის შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდა, ცდილობდა დაებრუნებინა წერის, სიცოცხლის მოტივაცია, მაგრამ გრძნობდა, რომ ამას ვერ შეძლებდა, ამბობდა „ამ საუკუნეს ვერ გავცდები. კიდევ რომ ვიცოცხლო, ამას ინგლისელი ხალხი ვერ გადაიტანსო“. მართლაც ასე მოხდა - უაილდი 1900 წლის 30 ნოემბერს, ციხიდან გამოსვლიდან სამ წელიწადში, 46 წლის ასაკში პარიზის იაფფასიანი სასტუმროს ნომერში, სიღარიბეში გარდაიცვალა.
ეს ვარდნა ისეთი დრამატული იყო და თავისი მნიშვნელობით იმდენად მრავლისმთქმელი განსხვავებულის ჩაგვრის, უსამართლო კანონების, საზოგადოების ფარისევლობის შესახებ, რომ მან უაილდის მთელი ცხოვრებისეული გზის აღქმა შეცვალა, მას თითქოს ბერძნული ტრაგედიის, იკაროსის მითის ელფერი მისცა. უაილდი გადაიქცა ნონკონფორმიზმის სიმბოლოდ - ჰომოფობიას და სიძულვილს შეწირულ ავტორად, შემოქმედებითი, გენდერული, სექსუალური დაუმორჩილებლობის ემბლემატურ ფიგურად, რომელიც შემდგომი თაობებისთვის შთამაგონებელ სახედ რჩება. და სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ლაპარაკია კაცზე, რომელიც თავის დროს თითქმის ერთი საუკუნით უსწრებდა წინ, და რომელსაც ეკუთვნის წინასწარმეტყველური სიტყვები - „ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს გზა გრძელია და წითელი, ურჩხულისებრი მოწამეობით“.
მაგრამ ადამიანის ცხოვრებას - თუნდაც ასეთ ბრწყინვალე და არაორდინარულ ცხოვრებას - ბედისწერის გარდა შემთხვევითობა და კონტექსტიც განსაზღვრავს, და სწორედ ეს კონტექსტი, თუ ეპოქის ატმოსფერო ცოცხლდება მონუმენტურ ბიოგრაფიაში, 2018 წელს დაბეჭდილ წიგნში სათაურით „ოსკარ უაილდი: ერთი ცხოვრება“, რომელსაც გამოცემა Times-ის ლიტერატურულმა დამატებამ „წლის, და შესაძლოა მთელი ათწლეულის წიგნი“ უწოდა. ამ ბიოგრაფიის გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსები რეცენზიებში წერდნენ, რომ მკითხველს ერგო უაილდის ცხოვრების ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ზუსტი და, რაც მთავარია, ყველაზე ადამიანური აღწერა, იმ უამრავი წიგნის ფონზე, რომლებიც უაილდზე დაწერილა და იწერება.
ოსკარ უაილდისადმი მიძღვნილ ეპიზოდს „ასათიანის კუთხეში“ სწორედ ამ წიგნის ავტორი სტუმრობს - მეთიუ სტერჯესი, ბრიტანელი ისტორიკოსი, ბიოგრაფი, 1890-იანი წლების ინგლისური დეკადანსის ავტორიტეტიანი სპეციალისტი. ჩვენი სტუმარი გვიყვება უაილდის ბედნიერ და არაორდინარულ ბავშვობაზე ირლანდიაში, გვიხატავს გვიანდელი ვიქტორიანული პერიოდის ინგლისის კულტურულ მღელვარებას, მათ შორის პრერაფაელიტების საძმოს მიერ მოწყობილი სახელოვნებო ამბოხებას - რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ოსკარ უაილდის ფენომენი. მეთიუ სტერჯისი გვიხსნის იმ გავლენასაც, რომელიც უაილდის წარმოსახვაზე ფრანგულმა დეკადენტიზმმა და სიმბოლიზმმა იქონია, განსაკუთრებით მისთვის უმნიშვნელოვანესი ცნების, „სილამაზის“ აღქმის თვალსაზრისით - რომ სილამაზე და მშვენიერება არის ტკივილშიც, ცოდვაშიც, სიმახინჯეშიც და ხრწნაშიც.
ეპიზოდში ვყვებით უაილდის იმ დროისთვის სკანდალური პიესის, „სალომეს“ შექმნის ისტორიას, ვკითხულობთ ნაწყვეტებს სინაზით, სიყვარულით, ქრისტიანული მგრძნობელობით გაჯერებული ზღაპრიდან „თავკერძა გოლიათი“, ვცდილობთ შევიგრძნოთ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტის“ მარადიული და ეროტიკული იდუმალება - არქეტიპული, ფაუსტისეული რომანის, რომელშიც უაილდი მისი ბრწყინვალე ორაზროვნების მწვერვალზეა და თავადვე უთხრის ძირს ამ რომანის თითქოს მორალურ ფორმას. ვიხსენებთ უაილდის მიერ პატიმრობაში დაწერილ, საოცარ და პოეტურ ტექსტსაც, სათაურით De Profundis ("სიღრმეებიდან") – მისი ცხოვრების სიყვარულისადმი, ლორდ ალფრედ დაგლასისადმი მიძღვნილ წერილს, ერთგვარ მედიტაციას სიყვარულის, სინანულის, ხელოვნების, ტანჯვის მნიშვნელობაზე, რომელშიც უაილდი ყველაზე მკაფიოდ და პოეტურად აყალიბებს თავის მარადიულ მონუსხულობას ქრისტიანული მგრძნობელობით, და იესო ქრისტეს უზენაეს რომანტიკოს შემოქმედად წარმოაჩენს.
მეთიუ სტერჯესი უაილდის ცხოვრების ბოლო წლებზეც მოგვიყვება - მის სასამართლოზე და პატიმრობაზე, იმ ფარისევლობაზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე, რომლითაც მას მოექცნენ და აღგვიწერს იმ დრამატულ კონტექსტს, რომელშიც ოსკარ უაილდი მგრძნობიარე დაუმორჩილებლობის ბრწყინვალე სიმბოლოდ, თუ „გოლიათად“ იქცა.