რამზან კადიროვის სახოტბო კომენტარებს ინტერნეტში ბოტები შეამოწმებენ

ჩეჩნეთის ერთ-ერთი სკოლის ფასადი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერის, რამზან კადიროვის პოსტების ქვეშ გამოქვეყნებული სახოტბო კომენტარების რაოდენობას ბოტები შეამოწმებენ. ამის შესახებ "კავკაზ.რეალიის" რეგიონის ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელობამ აცნობა, ხოლო განათლების დეპარტამენტის ანონიმურმა წყარომ ეს ცნობა დაადასტურა.

ამ ზომის დანერგვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ეფექტიანი "მუშაობის" თვალის დევნების სურვილმა განაპირობა. ანონიმური წყაროების ცნობით, ამისთვის ელექტრონული ფორმების სახით შეაგროვეს საჯარო მოხელეების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ფსევდონიმები და ასევე ტელეგრამის არხებსა და ინსტაგრამში მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები.


"ბოტი დაითვლის, თუ ვინ და რა სახის კომენტარი დატოვა, ამასთან, უბრალო "სმაილიკები" სათვალავში არ მიიღება. ხოლო თავად კომენტარი უნდა შედგებოდეს სულ მცირე სამი და მეტი სიტყვისაგან. ასევე არ მიიღება კომენტარები, თუ [კადიროვის პოსტის] პუბლიკაციის შემდეგ 24 საათი იქნება გასული", - განუცხადა თანამოსაუბრემ "კავკაზ.რეალიის" და დასძინა, რომ ბოტების მიერ შეგროვებული კომენტარები რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გადაეგზავნება.

მანამდე რამზან კადიროვის პოსტების ქვეშ ჩეჩნეთის პედაგოგებს სახოტბო კომენტარების დაწერა დაავალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ "სოციალურ ქსელებში იკლო აქტიურობამ". მანამდე საბიუჯეტო თანამშრომლები ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს ე.წ. სკრინშოტებით აბარებდნენ.