"უცხოელებზე ნადირობა" - რა დგას "ჯაშუშებთან" ბრძოლის უკან აფხაზეთში?

ინალ არძინბა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტი, რომლის მიზანიც აფხაზური ვაზის ჯიშების განვითარებაა, არ იხურება. მისი თქმით, იკრძალება მხოლოდ ის პროექტი, რომელსაც სანერგეები გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, რუსეთის სამხედრო ბაზის მიმდებარედ ჰქონდა.

ინალ არძიმბას ეს კომენტარი მოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ალხას არგუნის „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც არგუნმა „სისულელე და ბოდვა“ უწოდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ პროექტის მენეჯერის, საფრანგეთის მოქალაქის, ტიფანი ლუკასის „პერსონა ნონ გრატად“ და, ფაქტობრივად, ჯაშუშად გამოცხადების ფაქტს.

„ეს ხომ სიმართლე არ არის. ჩვენ არაფერი დაგვიხურავს. მოვიწვიე FAO-ს ხელმძღვანელი და ვუთხარი, რომ სამხედრო ბაზის გვერდით და ამ ქალთან [იგულისხმება ტიფანი ლუკასი - რ.თ.] არაფერს გააკეთებთ, თუ გსურთ ჩვენი მეღვინეების დახმარება, ეს სხვაგან გააკეთეთ-მეთქი. „კარგიო“ თქვა და გაიცინა“, - ასეთია ინალ არძინბას კომენტარი.

რა მოხდა?

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრძალა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთი პროექტი. ამ პროექტის ხელმძღვანელი ტიფანი ლუკასი კი „ჯაშუშურ საქმიანობაში“ დაადანაშაულა. ე.წ. მინისტრის თქმით, ფრანგი კოორდინატორი, რომელიც წლების განმავლობაში უნიკალური აფხაზური ყურძნის ჯიშების აღორძინებაზე მუშაობდა, სინამდვილეში „სადაზვერვო ინფორმაციას“ აგროვებდა.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში საფრანგეთის მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს

მაშინ ინალ არძინბა აცხადებდა, რომ ლუკასის „ქმედებები განიხილებოდა, როგორც პირდაპირი საფრთხე აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.

ვინ დაიცვა FAO-ს თანამშრომელი აფხაზეთში?

ამ ამბავს ოკუპირებულ აფხაზეთში უხმაუროდ არ ჩაუვლია.

პირველი, ვინც ტიფანი ლუკასი დაიცვა და თქვა, რომ სწორედ ლუკასმა მიიზიდა მსოფლიოს მევენახეობის საუკეთესო სპეციალისტები აფხაზეთში, ადგილობრივ მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ალხას არგუნი იყო. მან თქვა:

„სრული ბოდვაა, ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. რა უნდა დაზვერო ყურძნის მოყვანით? ეს პროგრამა აფხაზური ვაზის ჯიშების აღორძინებისთვის იყო შექმნილი და ეს ადამიანი რამდენიმე წლის განმავლობაში გულწრფელად ცდილობდა აფხაზეთისთვის რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა. ახლა მას რაღაც გიჟურ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, რაც „კუდიანებზე ნადირობას“ ჰგავს“.

ალხას არგუნი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტი

„ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში არგუნი შენიშნავს, რომ სავარაუდოდ, „რუსულმა ისტერიამ“ აფხაზეთზეც იმოქმედა: მისი შეფასებით, როგორც ჩანს, იქ დაწყებულმა ბრძოლამ ე.წ. უცხოელ აგენტებთან, აფხაზეთშიც გადაინაცვლა.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება დაკარგოს ამ პროექტის დახურვით აფხაზეთმა, არგუნი უპასუხებს, რომ დაგეგმილი იყო აფხაზური ვაზის 53 უნიკალური ჯიშის გადარჩენა, აღდგენა და მოშენება. თუ ეს პროცესი არ გაგრძელდება, მისი შეფასებით, ვაზის ამ უძველეს ჯიშებს უბრალოდ ვეღარ აღადგენენ. გარდა ამისა, მისი თქმით, მათ ხელი მიუწვდებოდათ ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც რუსეთშიც არ არის, ასევე დაკარგავენ კავშირს უდიდესი მონაცემთა ბაზების მქონე ყურძნის წამყვან ლაბორატორიასთან.

რა ვიცით ტიფანი ლუკასზე?

ალხას არგუნის ინტერვიუდან ირკვევა, რომ ტიფანი ლუკასი საფრანგეთში, ბურგუნდიაში, მეღვინეების ოჯახში გაიზარდა. ბავშვობიდან იყო ამ საქმით დაკავებული და სწორედ მან დაწერა აფხაზური ვაზის ჯიშების გადარჩენის პროექტი, რომელიც დაფინანსდა კიდეც. მხარდამჭერი ორგანიზაციები იყვნენ მეღვინეობის ინსტიტუტი ბორდოში, ლაბორატორია მონპელიეში, ღვინის ინსტიტუტი შვეიცარიაში. უკვე დაგეგმილი იყო სპეციალისტების ჩასვლაც ადგილზე, რაც, არგუნის განცხადებით, სავარაუდოდ, ვეღარ მოხერხდება.

„ეს უბრალოდ ამაზრზენია, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ! აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ადამიანს აგდებენ აქედან! ადამიანს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გულწრფელად გვეხმარებოდა, არასოდეს გაუკეთებია პოლიტიკური განცხადებები. როგორც ჩანს, ეს რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის ნაწილია. მათ არაფერი აინტერესებთ და ... ჩემი აზრით, საერთოდ არ აღელვებთ რა მოხდება აფხაზეთში“.

ამ პროექტამდე რამდენიმე წლით ადრე, ტიფანი ლუკასი მუშაობდა საფრანგეთის საელჩოშიც, თბილისში, კოოპერაციის ატაშეს თანამდებობაზე, მანამდე კი იყო პრაქტიკანტი თავდაცვის ატაშეს ოფისში, რაც რადიო თავისუფლებას საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმაც დაუდასტურა.

„ტიფანი ლუკასი საფრანგეთის საელჩოში რამდენიმე წლის წინათ მუშაობდა კოოპერაციის ატაშეს თანამდებობაზე. ვიტყოდი, რომ საქმეს ძალიან კარგად ასრულებდა. ამ დავალებამდე, ის, ძალიან ახალგაზრდა სტუდენტი, მცირე ხნით პრაქტიკანტი/ინტერნი იყო თავდაცვის ატაშეს ოფისში, სადაც ძალიან დაბალი ხარისხის პასუხისმგებლობა ებარა, რაც ნორმალურია ნებისმიერი ახალგაზრდა პრაქტიკანტისათვის. მე შემიძლია მხოლოდ დავგმო ყალბი ამბების გავრცელება, ტრიუკები თავის გამოსაჩენად და ნებისმიერი სახის უპასუხისმგებლო საქციელი, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც ისედაც უკვე ბევრი კონფლიქტია“, - ნათქვამია პასუხში.

რადიო თავისუფლება ეცადა დამატებითი დეტალები გაერკვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და ასევე FAO-ს რეგიონული ოფისისგან, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არცერთი მათგანი კომენტარს არ აკეთებს.

ინალ არძინბას ინფორმაციით, ტიფანი ლუკასმა აფხაზეთის ტერიტორია უკვე დატოვა.

უცხოელებზე ნადირობა

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისათვის მთელი ეს ამბავი სხვა არაფერია, თუ არა უცხოელებზე ნადირობა.

„ჯერ აფხაზებზე არ გადასულან. აფხაზებს ემუქრებიან, მაგრამ უცხოელებზე ნადირობენ“, - საერთაშორისო ორგანიზაციების დევნის პროცესი, პაატა ზაქარეიშვილის დაკვირვებით, ინალ არძინბას თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დაიწყო. თუმცა ასეთი პროტესტი, რაც FAO-ს ამ კონკრეტული პროგრამის გაჩერებამ გამოიწვია, არც ერთ სხვა მსგავს ფაქტს არ მოჰყოლია და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი - ამ პროგრამამ და მისმა ხელმძღვანელმა გაქრობას გადაარჩინეს ძალიან ბევრი აფხაზური, კავკასიური ვაზის ჯიში.

კონფლიქტოლოგი იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ დაახლოებით ათი წლის წინ, აფხაზური მეღვინეობა საკმაოდ გაიმართა წელში მას მერე, რაც რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესა. მაშინ აფხაზური ღვინო ძალიან პოპულარული იყო რუსეთში, ხოლო აფხაზეთი, მისი თქმით, უცნაურად ბევრ ღვინოსაც აწარმოებდა და ისიც ცნობილი ფაქტი იყო, რომ მათ ყურძენი შეჰქონდათ მოლდოვიდან და ასევე, კახეთიდანაც:

„სწორედ მაშინ დაიწყეს განვითარება აფხაზურმა მეღვინეობის კომპანიებმა, ჯიშების გადარჩენა-აღდგენაზე ზრუნვა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაც მაგ პროცესში მაშინ ჩაერთო. ახლა კი, ინალ არძინბამ, აფხაზური მეღვინეობის წარმატება დარტყმის ქვეშ დააყენა. ამან იქ დიდი მღელვარება გამოიწვია ადგილობრივ ბიზნესმენებში, მეღვინეებში და მის წინააღმდეგ წავიდნენ. ცხადია, არძინბა მიხვდა ამას და მერე თქვა, რომ მათ პრეტენზია მხოლოდ ამ პროექტის კოორდინატორთან აქვთ“.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი

პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, ტიფანი ლუკასს იქ, სავარაუდოდ, აღარ დააბრუნებენ, თუმცა პროგრამა ვერ უნდა დახურონ. მეორე საკითხია, ამბობს კონფლიქტოლოგი, რამდენად მოითმენს გაერო თავისი თანამშრომლის შეურაცხყოფას, რომლის ვითომდა ჯაშუშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აფხაზურ მხარეს არ წარუდგენია.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ქალის მიმართ გაღიზიანება იმით იყო გამოწვეული, რომ ის მანამდე საქართველოში მუშაობდა, საფრანგეთის საელჩოში, სამხედრო ატაშეს ოფისში და მხოლოდ ამასთან დააკავშირეს ალბათ მისი სამხედრო ჯაშუშობა, რაც აბსოლუტური სისულელეა“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოირჩევა სწორედ ინალ არძინბა მსგავსი შინაარსის განცხადებებით და გადაწყვეტილებებით, ამაზე პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ის რუსი პოლიტიკოსია, რუსი ჩინოვნიკი, რომელსაც მხოლოდ გვარი აქვს აფხაზური და რომლისგანაც თავად აფხაზებიც არ ელიან არაფერ სასიკეთოს.

სხვა რამდენიმე უარი საერთაშორისო პროექტებზე

FAO-ს ამ პროექტამდე, ჯერ კიდევ მაისში, ინალ არძინბამ დახურა კიდევ ერთი, საერთაშორისო ორგანიზაციის, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ პროექტი. ეს პროგრამა ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებაზე მუშაობდა.

მაშინაც არძინბას უწყებაში აცხადებდნენ, რომ „უშიშროების სამსახურმა“ პროექტის მონაცემებსა და აქტივობებს შორის შეუსაბამობა აღმოაჩინა.

ასევე ნახეთ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო პროექტების მასთან შეთანხმებას

2022 წლის 19 იანვარს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ინალ არძინბამ მათ გარკვეული პროექტების განხორციელება აუკრძალა. World Vision-ის, DRC-ისა (დანიის ლტოლვილთა საბჭო) და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ასევე ნახეთ ინალ არძინბა აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილს პროექტების განხორციელებას უკრძალავს

„მსგავსი ინიციატივები წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მიზნებისა და ამოცანების ხელშეწყობისაკენ“, - ნათქვამი იყო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.