უნგრეთის მმართველი პარტია აღშფოთებულია ევროპარლამენტის განცხადებით, რომ ქვეყანა აღარ შეიძლება ჩაითვალოს "სრულყოფილ დემოკრატიად"

ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი

უნგრეთის მმართველმა პარტია "ფიდესმა" კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლის თანახმად, უნგრეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს "სრულყოფილ დემოკრატიად".

15 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტის დეპუტატების 81%-მა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთი გადაიქცა „საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად“, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული.

უნგრეთის მმართველი პარტიის, "ფიდესის" თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ბალაშ ხიდვეგიმ რეზოლუციას უწოდა უნგრეთზე "მორიგი შეტევა" და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი "დაუშვებელია" იმ დროს, როდესაც "ადამიანები საომარი მდგომარეობით და არასწორი სანქციებით გამოწვეული ინფლაციით და სერიოზული ეკონომიკური შედეგებით იტანჯებიან".

უნგრეთის მმართველი პარტია "ფიდესის" ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. ის აკრიტიკებდა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას. მისი თქმით, შემოღებული სანქციები ურტყამს თავად ევროკავშირს, არ ასუსტებს რუსეთს და არც კიევს ეხმარება. სხვათა შორის, უნგრეთი არ დათანხმდა თავისი ტერიტორიის გავლით უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების მიწოდებას.