რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „საგარეო საქმეთა სამინისტროში“ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რეგიონში ვითარება ფეთქებადია, საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
„საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ, გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, მეორე მხრივ, ვხედავთ რას აკეთებს. საქმე იმაშია, რომ დამრტყმელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების მიწოდებაზე კონტრაქტები იზრდება, ნატოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და დაზვერვა აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა არძინბამ.
„იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება, იმის გათვალისწინებით, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვესაჭიროება თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, მტკიცედ დგომა და ჩვენი ინტერესების დაცვა“, - განაცხადა არძინბამ.
მისი სიტყვებით, ეს საკითხები „აფხაზეთის უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე განიხილება, რომელიც ორშაბათს, 19 სექტემბერს, გაიმართება.
როგორც სააგენტო ТАСС-ი წერს, არძინბამ ასევე გაიხსენა, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე, რის შემდეგაც „მან თქვა, რომ რეფერენდუმი არ იქნება და ა.შ."
ასევე ნახეთ შამბა: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება„აფხაზეთის უშიშროების საბჭოს“ მდივნის, სერგეი შამბას თქმით, "შიშები რეალურია და ამან არ შეიძლება არ შეგვაწუხოს". ”ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - თქვა შამბამ.
მისი სიტყვებით, ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს მხარს დაუჭერს „ყველა, ვინც ახლა უკრაინას უჭერს მხარს, იქვე იქნებიან აზერბაიჯანი და სომხეთიც... ჩვენი მოკავშირე რუსეთია და ეს ჩვენთვის სერიოზული მხარდაჭერაა“, - დასძინა მან.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში საფრთხედ აღიქვეს „მეორე ფრონტის“ შესახებ რეფერენდუმის „იდეა“შამბა მხარს უჭერს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებასაც.
ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. 31 წლის არძინბა სოხუმში დაიბადა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.