18 სექტემბერს გაიხსნება ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ჩატარება მინიმალური ბიუჯეტით გახდა შესაძლებელი. სახელმწიფოს მხარდაჭერის გაუქმების გამო ბათუმის კინოფორუმს, რომელიც 17 წელია ეწყობა, ჩაშლა დაემუქრა. ფესტივალის დირექცია იძულებული გახდა, დახმარებისთვის კინოს მოყვარულებისთვის მიემართა. FUNDRAISING-ის კამპანიას შეუერთდნენ „ბიაფის“ პარტნიორები და რამდენიმე საელჩო. როგორც ჩანს, შეგროვილი თანხა არაა საკმარისი მასშტაბური ფესტივალის ჩასატარებლად. პროგრამა (ბათუმის კინოფორუმი ითვალისწინებს სამ ნომინაციას - საუკეთესო მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი) მნიშვნელოვნად შეკვეცილია. გამოქვეყნებული პროგრამით თუ ვიმსჯელებთ, „ბიაფის“ ყველაზე პოპულარულ სექციაზე „დიდოსტატთა კოლექცია“ სულ რამდენიმე ფილმია წარმოდგენილი. თუმცა ამ ფილმების ხარისხი ძალიან მაღალია. პროგრამაში ვხედავთ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმით“ აღნიშნულ „სევდის სამკუთხედს“, რუბენ ესტლუნდის ფილმს, რომელსაც პირველად უჩვენებენ საქართველოში. არანაკლებ საინტერესოა წლევანდელი „ბიაფის“ საკონკურსო პროგრამაც, საკმაოდ მრავალფეროვანი. თუმცა ჩემი არჩევანი მაინც 4 ფილმზე შეჩერდა. თუკი ფესტივალს დაესწრებით, ეს პრემიერები არ გამოტოვოთ!
1. Reminiscences of a Journey to Lithuania, Jonas Mekas, Lithuania/USA, 1972
ამერიკული ანდეგრაუნდის ერთ-ერთი ლიდერი (ამერიკული კინო მხოლოდ ჰოლივუდი არ არის!) გვიამბობს სამშობლოში დაბრუნებაზე ლიეტუვის დატოვებიდან 25 წლის შემდეგ. ნოსტალგიური ფილმი ცოტა არ იყოს უჩვეულოა მეკასისთვის, თუმცა დიდი რეჟისორი თავის სტილს არ ღალატობს - სამყაროს წარმოადგენს ფრაგმენტულად, მე ვიტყოდი, „წყვეტილად“, იმ გრძნობების შესაბამისად, რომლებიც მან განიცადა ბავშვობის ადგილებთან შეხვედრის შემდეგ. განსაკუთრებით ამაღელვებელია მეკასის დედის პორტრეტები, უაღრესად სადად, „პედალის“ გარეშე წარმოდგენილი. ფილმი სამ ნაწილადაა დაყოფილი და სამივე ნაწილი პრინციპულად განსხვავებულადაა გადაღებული და აგებული.
მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ მთლიანობის შეგრძნება აუცილებლად დაგრჩებათ - მეკასისთვის კინო პირველ რიგში „ხსოვნის შენახვაა“, ხმოვან-ვიზუალურ სახეებში წარმოდგენილი დღიურია, რომელსაც არასდროს აქვს ობიექტურობის პრეტენზია (შესაძლებელია, სწორედ ეს განსხვავებს ამერიკელ ავანგარდისტებს გოდარისგან)... როგორი იქნება რეალობა, თუკი მასში „შევაღწევთ“? აი, ზუსტად ისე, როგორც მარსელ პრუსტთან, რომელიც, სხვათა შორის, მოგონებაში ჩაფლულ ადამიანს უხილავისკენ მიმართულ ტელესკოპს ადარებს.
2. “Eo”, Jerzy Skolimowski, Poland/Italy, 2022
პოლონური კინოს ვეტერანმა, 84 წლის ეჟი სკოლიმოვსკიმ აისრულა ახალგაზრდობის ოცნება და მიუძღვნა ფილმი... თავის საყვარელ ფილმს, გენიალური რობერ ბრესონის შედევრს „მაგალითად, ბალთაზარი“. სკოლიმოვსკი ერთდროულად სიყვარულს უხსნის ბრესონს და სვამს კითხვას „როგორ განვითარდებოდა ვირის(!) ბედი, მას არა გასული საუკუნის 60-იანი წლების საფრანგეთში (როგორც ბრესონთან), არამედ დღეს, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში რომ ეცხოვრა? განსხვავებული რეალობაა - ევროპა გაერთიანდა, პოლონეთი ევროპულ ოჯახს შეუერთდა, მაგრამ ადამიანები ისევ ვერ უგებენ ერთმანეთს, ისევ სასტიკად ექცევიან ცხოველებს... არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი განსხვავება ბრესონის ფილმთან - ამ ევროპას სკოლიმოვსკი სახედრის თვალით გამოხატავს (ზოგჯერ პირდაპირ, „სუბიექტური კამერის“ ეფექტით).
3. “Tori & Lokita”, Jean-Pierre Dardenne/Luc Dardenne, Belgium/France
ძმებ დარდენებს წელს გაუჩნდათ შანსი, დაემყარებინათ რეკორდი და მესამედ მოეპოვებინათ „ოქროს პალმა“ კანის კინოფესტივალზე. სულ ცოტა დააკლდათ - „ტორი და ლოკიტა“ მათი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია - კიდევ უფრო სადა, ვიდრე დარდენების ადრეული ფილმები, კიდევ უფრო ძლიერი „სასპენსით“, მეტიც, არსებითად დარდენების ახალი ფილმი დეტექტივია, ამ ჟანრის ყველა კანონის დაცვით… კლასიკურ დეტექტივში ხომ ასეა, ყველაფერი მარტივია - არიან დამნაშავეები და არის უდანაშაულო მსხვერპლი. სხვათა შორის, ფილმის კრიტიკოსებმა სწორედ სწორხაზოვნების გამო დაიწუნეს „ტორი და ლოკიტა“; მათი აზრით, ემიგრანტებით ვაჭრობის თემა ბევრად უფრო კომპლექსურია და ცალმხრივ გამოხატვას არ ექვემდებარება. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ძმები დარდენები კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ ჩვენს დროში „კეთილს“ და „ბოროტს“ აღარ აქვს ნიუანსები. ისინი იღებენ თანამედროვე ზღაპარს, სევდიანი დასასრულით, რომელმაც პირველ რიგში მაყურებელში უნდა გააღვიძოს უმწეო მსხვერპლის გადარჩენის ჟინი.
4. Leonora Addio', Paolo Taviani, Italy, 2022
ბათუმის ფესტივალზე უჩვენებენ შედევრს - ძველმოდური, მაგრამ კლასიკური კინოს ეტალონს, რომელიც უპირველესად ნეორეალიზმის მოყვარულებს აუჩუყებს გულს. „მშვიდობით, ლეონორა“ ერთდროულად ორ ადამიანს ეძღვნება - ლუიჯი პირანდელოს, რომლის ნეშტის „მოგზაურობას“ აღწერს ფილმის პირველი ნოველა და ვიტორიო ტავიანის, პაოლოს ძმას, თანაავტორს. ამავე დროს, ესაა 91 წლის რეჟისორის თავისებური ანდერძიც, დაუვიწყარ კინემატოგრაფიულ სახეებში ასახული ფიქრები სიკვდილსა და უკვდავებაზე, დანაშაულსა და სასჯელზე, სამშობლობასა და უსახლკარობაზე, გაფორმებული ნიკოლა პიოვანის შესანიშნავი მუსიკით. თანაც, რამდენადაც „დაბერებულია“ პაოლო ტავიანის ესთეტიკა (დღეს თითქმის არავინ იღებს ასეთ კინოს), მით უფრო მეტ საიდუმლოს გიტოვებთ „მშვიდობით, ლეონორა“ და, შესაბამისად, მით უფრო მეტად გიჩნდებათ ფილმის მეორედ ნახვის სურვილი.