ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს

იზიუმის ტყეში აღმოჩენილი სამარხი. 2022 წლის 15 სექტემბერი

დღეს უკრაინელი და უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტები ჩავლენ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, სადაც რამდენიმე ასეული მოკლული ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გასულ ღამით ვიდეომიმართვისას განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა მოიტანა რუსულმა ოკუპაციამ. „ბუჩა, მარიუპოლი და ახლა იზიუმი... რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში აღმოჩენილია 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხი.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხს, Настоящее Время-ს უკრაინელმა ჟურნალისტებმა გადასცეს ადგილზე გადაღებული ფოტოები. ერთ ადგილას, ხის ჯვარზე არის წარწერა: „უკრაინის შეიარაღებული ძალები, 17 ადამიანი, მორგიდან“.

უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ იზიუმსა და სხვა რაიონებზე კონტრშეტევა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და მალევე გაათავისუფლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმიდან რუსული ქვედანაყოფების გასვლა 10 სექტემბერს დაადასტურა.

გაზაფხულზე, რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაშიც.