რა ჩვენი საქმეა საზღვრები? - დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა სასამართლოს ჩვენება მისცა 

“მაშინ არ იყო ასე გართულებული ეს საკითხი, რომ მცოდნოდა, ასეთ სახეს შეიძენდა, ჩავიწერდი ყველაფერს”- უთხრა სასამართლოს დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილარიონმა (გიორგი ჭიღლაძე) კარტოგრაფების საქმეზე ჩვენების მიცემისას.

მას პროკურორმა და ადვოკატებმა დღეს სთხოვეს გაეხსენებინა როგორც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებთან შეხვედრის დეტალები, ასევე მოვლენების განვითარება დავით-გარეჯის მონასტერში, რაც საბოლოოდ ქართველი მომლოცველებისთვის შეზღუდვების დაწესებით დამთავრდა 2019 წელს.

დეკანოზი ილარიონი დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარია 2004 წლიდან. მან დღეს სასამართლოს უთხრა, რომ როცა ის ამ მონასტერში ჩავიდა, ბერთუბანში ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველები უკვე აღარ დადიოდნენ იმის გამო, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეშია, ჩიჩხიტურის კოშკთან დაკავშირებით კი ვითარება ეტაპობრივად რთულდებოდა 2004 წლიდან, სანამ 2019 წელს საბოლოოდ არ შეეზღუდა ქართულ მხარეს იქ ასვლის უფლება და ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ დადგნენ.

“ჩვეულებრივად მივდიოდით ჩვენი მხრიდან ჩიჩხიტურში, არანაირი მესაზღვრე, არც ქართველი, არც აზერბაიჯანელი იქ არ დადიოდა. არ დავდიოდით მხოლოდ ბერთუბნის მონასტერში. მე არ ვარ იქ ნამყოფი. შემდგომში გააქტიურდა აზერბაიჯანული მხარე, ჩიჩხიტურის მონასტრის აღდგენა გვინდოდა, იქ ხარაჩოების აღმართვამ გააღიზიანა აზერბაიჯანელები და დააშლევინეს ხარაჩოები. მერე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოვიდნენ და დაიკავეს ეს ტერიტორია. ალბათ 2005 წელი იყო, როცა მე პირველად დავინახე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები” - ასე გაიხსენა მონასტერში მისი ყოფნის პირველი წლები და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პირველი გამოჩენა დეკანოზმა პირმა სასამართლოში.

დავითგარეჯა. 28 მაისი, 2019 წ.

ის მოყვა საზღვართან დაკავშირებით რამდენიმე ეპიზოდს, როცა ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა და ასევე გაიხსენა სასულიერო პირების მცდელობები, სახელმწიფო მოხელეების დახმარებით დაესტაბილურებინათ ვითარება. მამა ილარიონის მონათხრობიდან ირკვევა, რომ ის სხვადასხვა დროს შეხვდა პრემიერ-მინისტრს ზურა ნოღაიდელს, მონასტერში უმასპინძლა საზღვრის დამდგენი კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი მანჯგალაძეს და პერიოდულად ხვდებოდა კომიიის მთავარ ექსპერტ ივერი მელაშვილს. დეკანოზის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის უკმაყოფილო იყო მაშინდელი კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის დავით-გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით და არც ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივა მოსწონდა, რომელიც გულისხმობდა სტრატეგიული სიმაღლეების აზერბაიჯანისთვის გადაცემას იმ პირობით, რომ მონასტერი სრულად საქართველოსი იქნებოდა.

"მე მაშინ ვთქვი, რომ მინისტრების ეს განცხადებები შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ შეფასდეს, როგორც ღალატი. არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ" - უთხრა დღეს სასულიერო პირმა სასამართლოს.

ასევე ნახეთ Bellingcat: აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიის 200 ჰექტარს აკონტროლებს

პროკურორის კითხვებზე გაცემული მისი პასუხები ცხადს ხდის, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ეტაპობრივად ცდილობდა კონტროლის დამყარებას ჩიჩხიტურის კოშკზე, ვინაიდან მას უფრო საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდნენ, ვიდრე საქართველოს კუთვნილებად. მთის ფერდზე მდებარე ჩიჩხიტურის კოშკი პრობლემურია იმის გამო, რომ რუკებზე საზღვარი მასზე გადის ისე, რომ კოშკის სამხრეთის კუთხე აზერბაიჯანის მხარეს არის დარჩენილი, სამი კი საქართველოს ეკუთვნის.

პროკურორი: თუ შეიძლება დეტალურად აღგვიწეროთ, რა რეაქციები მოჰყვა აზერბაიჯანელების მხრიდან ჩიჩხიტურის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვას?

მამა ილარიონი: ფაქტი იყო რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოვიდნენ და დაიკავეს კოშკი, სრული აღჭურვილობით მოვიდნენ. მამა მაკარის დააშლევინეს ის ხარაჩოები და თვითონ ჩადგნენ.

პროკურორი: რა მოჰყვა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების იქ ჩადგომას, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბედზეც რომ გვითხრათ?

მამა ილარიონი: ჩვენი მხრიდანაც იყო [რეაგირება]... ადგილობრივი, საგარეჯოს პოლიციიდან მოვიდნენ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ერთად ავედით ჩვენ მესაზღვრეებთან. ისინი არ იყვნენ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიმღებები. ისინი ასრულებდნენ ბრძანებას. ეს ბრძანება საიდან მოდიოდა, ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი.

პროკურორი: მესაზღვრეები რას ამბობდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

მამა ილარიონი: ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ეს მათი ინიციატივით ხდებოდა. მე ვუთხარი მაშინ, თქვენ ნუ გამოიჩენთ საკუთარ ინიციატივას, ეს ისეთი საკითხია, საკუთარი ინიციატივით ამას ნუ იზამთ, მოჰყვება გართულებები და ნუ აიღებთ თქვენ თავზე. ჩანდა რომ ისინი ბრძანებას ასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, თითქოს რაღაც არ იციან, რაღაც ეშლებათ, ხან ისეთ ადგილას მოდიოდნენ, სადაც არ უნდა მისულიყვნენ და ესენი ახალწვეულები არიან და არ იციან, …ასე იმართლებდნენ ხოლმე თავს, თავიდან.

პროკურორი: შემდგომში თუ ჰქონდა რაიმე გამართლება მათ ქცევას?

მამა ილარიონი: შემდგომში უკვე ამბობდნენ, ეს ჩვენიაო.

პროკურორი: როდიდან დააფიქსირეს მესაზღვრეებმა, რომ ეს იყო აზერბაიჯანის ტერიტორია?

მამა ილარიონი: როგორც მამა მაკარი ამბობდა, რომელიც გარდაიცვალა, 2005-შიც კი ამბობდნენ, რომ გზამდე ჩვენიაო, დაბლა არის გზა. ყოველთვის ამბობდნენ ამას. ოფიციალურად არ ვიცი.

დეკანოზმა ილარიონმა სასამართლოში გაიხსენა ისიც, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ერთხელ უდაბნოს მონასტერში 40 სებასტიანელი მოწამის ეკლესიის კარი შეამტვრიეს, იქ მისულ სასულიერო პირებს კი უთხრეს, რომ ეს სპეცრაზმმა ქნა. ამის მერე ბერები პრემიერ-მინისტრ ზურა ნოღაიდელს შეხვდნენ დახმარების სათხოვნელად - სასულიერო პირებს სურდათ საქართველოსაც ჩაეყენებინა მესაზღვრეები მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად.

“მერე რამდენჯერმე მოხდა კიდევ გართულებები. ისინი ეტაპობრივად ცდილობდნენ შემოსვლას და [აკვირდებოდნენ] ჩვენგან რა რეაგირება იქნებოდა. როცა ხედავდნენ, რომ ჩვენ ამაზე მკაცრად ვრეაგირებდით, უკან იხევდნენ. იყო პერიოდები, მესაზღვრეები მიყვებოდნენ ხოლმე ხანდახან ჯგუფებს, იყო პერიოდები, როცა სამწუხაროდ თვითონ მესაზღვრეები გვიკრძალავდნენ ხოლმე შესვლას, ეს ართულებდა ხოლმე ვითარებას, არ ვიცი ბრძანება საიდან ჰქონდათ. ერთგვაროვნად არ მიმდინარეობდა ეს პროცესი. იყო აფეთქებები და იყო სიწყნარე. მერე თითქოს შევთანხმდებოდით, სანამ არ გაირკვეოდა ეს საკითხი, ჩვენ იქ ჩვეულებრივ უნდა გვევლო, მერე ადგებოდნენ, შემოვიდოდნენ, მერე ისევ უკან იხევდნენ. რამდენჯერმე მოხდა ეს. 2019-ში უკვე საბოლოოდ ჩაიკეტა” - უთხრა დეკანოზმა სასამართლოს. მან არ დაუკავშირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს აზერბაიჯანული მხარის მიერ მკაცრი რეჟიმის შემოღება და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დროში უფრო ახლოს იყო პრემიერ გიორგი გახარიას ბაქოში ვიზიტთან.

ასევე ნახეთ დავით გარეჯი: ჯერ მხოლოდ სამღვდელოებისთვის

2019 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ხელისუფლების ოპონენტებმა შეზღუდვა სწორედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირეს. ამ დროს აზერბაიჯანული მხარე ამბობდა, რომ სურთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფად დასრულება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კი პროცესის გაჭიანურებას კომისიაში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირებდა. სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის გაზაფხულზე თქვა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის ნაწილში საქართველოს პოზიცია ძალიან მკაციოა და პრეზიდენტის მიერ ისტორიული ძეგლის მონახულებამ არ შეიძლება ვითარება დაძაბოს სახელმწიფოებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

ასევე ნახეთ გარეჯის საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა - რა უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა გამოძიებას

დეკანოზმა ილარიონმა სასამართლოზე დაკითხვისას რამდენჯერმე თქვა, რომ არ სურდა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება და არც იმის შესახებ სმენია, იყენებდა თუ არა აზერბაიჯანი დავით-გარეჯაში დაპირისპირებებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად. მან გაიხსენა, როგორ მიზანმიმართულად მიიწევდა აზერბაიჯანი ჩიჩხიტურის კოშკისკენ იქ ბილიკების გაკეთებით, სამანქანე გზის დაგებით და სამხედრო ბაზის მშენებლობით.

დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარს ჰკითხეს მის შეხვედრებზეც ივერი მელაშვილთან. დეკანოზმა უთხრა, რომ მას სხვადასხვა დროს შეხვედრია მონასტრის ტერიტორიაზეც და თბილისშიც. სასამართლოს სხდომაზე მან ვერ გაიხსენა საპატრიარქოში შეხვედრა კომისიის წევრებთან და სასულიერო პირებთან, რომელიც ივერი მელაშვილის თქმით 2006 ან 2007 წელს გაიმართა და ამ შეხვედრას პატრიარქიც ესწრებოდა. ივერი მელაშვილმა დეკანოზს ჯვარიც კი აჩვენა, რომელიც მისი თქმით, ამ შეხვედრაზე მიიღო მან პატრიარქისგან. მამა ილარიონი სასამართლოს მოუყვა სადემარკაციო კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის, გიორგი მანჯგალაძისა და ივერი მელაშვილის დავით-გარეჯაში სტუმრობის შესახებაც, რომელიც მისი ინიციატივით შედგა.

„[გიორგი მანჯგალაძისთვის[ მინდოდა მეჩვენებინა, როგორც თვითონ თქვა, არ ჰქონდა ნანახი. თუ არ ვცდები, 2006 წელი იყო. მე დავუკავშირდი, ამოვიდა და ერთად დავათვალიერეთ. მახსოვს, რომ ვთხოვე, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის ისე გადაწყვეტა, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, სტატუს კვო მაინც შევინარჩუნოთ. ასე მითხრა, მე ხელს არ მოვაწერო [ საქართველოს საზიანო პოზიციას]. დანარჩენზე არ გვისაუბრია, არც იყო ჩემი სფერო სხვა საკითხებზე საუბარი. იმის მერე არ მინახავს” - ასე გაიხსენა მონასტრის წინამძღვარმა გიორგი მანჯგალაძესთან შეხვედრა. გამოკითხვის ოქმში, რომელიც მან გამოძიების ფარგლებში მისცა და რაც საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, სასულიერო პირი ამბობს, რომ მანჯგალაძემ მას მისცა პირობა, რომ არასოდეს მოაწერდა ხელს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციას დავით გარეჯთან დაკავშირებით და მან ეს პირობა შეასრულა კიდეც.

სასულიერო პირები დავით-გარეჯში. 28 მაისი, 2019 წელი

ივერი მელაშვილთან ნაცნობობა დეკანოზმა ასე აღწერა - “ამ საკითხებზე რომ მუშაობდა [ივერი მელაშვილი] ვიცოდი და ჩვენთან რომ მოდიოდა, იქ ვხვდებოდი, კარგი შეხვედრები გვქონდა. ორჯერ-სამჯერ გარეჯაში, ერთხელ თბილისში შევხვდი”. პროკურორმა მას სთხოვა საუბრის დეტალების გახსენება და დაამატა, რომ “ბუნებრივია, ხვდებოდით საზღვართან დაკავშირებითო.”

“მისგან რაც მე მახსოვს და ჩვენებაშიც მაქვს აღნიშნული, ბატონი ივერი გვეუბნებოდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთი კუთხე აზერბაიჯანის მხარესაა. იმიტომ მახსოვს, რომ მერე ჩვენ ვამბობდით, ერთი თუ იქითაა და სამი ჩვენკენ, ჩვენი რატომ არაა. არ გვეგონა, ასე თუ გართულდებოდა ეს საკითხი. ჩვენ ეს გვეგონა ჩვეულებრივი ამბავი და რომ გვცოდნოდა ასე გართულდებოდა საქმე, ბოლო ბოლო დღიურში ჩავიწერდი ყველაფერს. არ მინდა რომ რაღაც ტყუილი ვთქვა, არც ვიკადრებ. ჩიჩხიტურის მონასტერზე რაც მახსოვს გითხარით, დანარჩენები არ მახსოვს” - უპასუხა დეკანოზმა. მას პროკურორმა სთხოვა გაეხსენებინა, რა არგუმენტით ამბობდა ივერი მელაშვილი, რომ ჩიჩხიტურის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს არის, რაზეც მღვდელმა მიუგო, რომ ივერი მელაშვილი რუკებზე დაყრდნობით ამბობდა ამას.

დეკანოზმა დღეს სასამართლოსთან დაადასტურა, რომ დავით-გარეჯის უდაბნოს იმ ადგილებში, სადაც მონასტერია, სახელმწიფო საზღვარი არ გადის და საზღვრის აღმნიშვნელი არანაირი მანიშნებელი არ არის. ეს განმარტება მნიშვნელოვანია იმ რეალობის გასახსენებლად, რომ დავით-გარეჯთან არსებული საზღვრის პრობლემური მონაკვეთი ორ სახელმწიფოს შორის შეუთანხმებელია.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე: ბატონ ივერისთან კომუნიკაციის დროს იყო თუ არა რაიმე ფაქტი, რაც დაგაეჭვებდათ მის არაკეთილსინდისიერებაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით?

მამა ილარიონი: არა, არ იყო. ჩემთვის მოულოდნელი იყო ძალიან, რაც მერე მოყვა ამ ყველაფერს, ან მე არ ვიყავი გაცნობიერებული, არ ვიცი, ვერ გეტყვი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე: თქვენთვის როგორ არის ცნობილი, 2019 წელს სიტუაციის გართულება და ის, რომ აღარ გეძლევათ გარკვეულ ტერიტორიაზე მისვლის შესაძლებლობა, რა ფაქტით არის განპირობებული?

მამა ილარიონი: ინციდენტი მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასა და [აზერბაიჯანელ] მესაზღვრეებთან ერთად. იმათ გამოიტანეს ხატები ჩვენს მხარეს, სველდებაო თუ რაღაც, სინამდვილეში გვითხრეს წადით აქედანო. ამას მოჰყვა… ჩვენ ვეღარ გავაკონტროლეთ სოფლის მოსახლეობის პროტესტი და ამას მოჰყვა მერე ინციდენტი და ამის მერე უკვე სერიოზულად დადგნენ იქ… ბაზებიც ამის მერე ააშენეს

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე: ხომ ვერ გაიხსენებდით 2012 წლის მაისში ინციდენტს, რომელიც დაკავშირებული იყო მოულოდნელად აზერბაიჯანის მხრიდან ჩაკეტვასთან უდაბნოს მონასტერში?

მამა ილარიონი: 2012 წელს გიორგობას მოხდა, 6 მაისი იყო. მალევე გაიხსნა, შეკრება იყო ჩვენი, მთელი საქართველოდან შევიკრიბეთ მაშინ და გაიხსნა.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე: ხომ არ გსმენიათ, რომ აზერბაიჯანული მხარე ამას საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებდა?

მამა ილარიონი: პოლიტიკურად ვერ გეტყვით, პოლიტიკაში რა ხდება, არ ვიცი. რასაც ტელევიზიით ვისმენდი, ეგ ვიცი. რასაც ვხედავ, ეგ არის ჩემთვის… შეიძლება რაღაც დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ ჩემი დასკვნები ვის აინტერესებს.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე: როცა ბატონ ივერისთან და გიორგი მანჯგალაძესთან გისაუბრიათ, ხომ არ აუხსნიათ, საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია როგორი იყო? ბერთუბანიც სურდათ საქართველოს შემადგენლობაში მოექციათ?

მამა ილარიონი: არა, როცა ჩვენ იქ ვიყავით, მხოლოდ უდაბნოს მონასტერი დავათვალიერეთ. მინდოდა მეჩვენებინა, რაზე იყო საუბარი. იქ პოლიტიკაზე, საზღვრებზე არ ყოფილა საუბარი. არც გვაინტერესებდა, რა ბერების საქმეა საზღვრები. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს.

ასევე ნახეთ „დავით გარეჯი“ - გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნის

დავით-გარეჯის წინამძღვრის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მნიშვნელოვანი იყო ორი განცხადება, რომელიც ამავე მონასტერში მოღვაწე ბერ კირიონს და მის გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას შეეხება. მამა კირიონი, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი ცენტრალური მოწმეა, ჩვენებაში ამბობს, რომ გარეჯის მონასტერში შედგა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ვიზიტი, რა დროსაც მათ იქ მიტანილი ჰქონდათ რუკები. მონასტრის წინამძღვარმა ასეთი ფაქტის არსებობა უარყო. მან თქვა ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჩიჩხიტურის კოშკზე სტუმრობისას სწორედ კირიონმა უმასპინძლა და თვითონ ამ დროს მონასტერში არ იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ "ჩვენი პრინციპული პოზიციის შემდეგ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა" - რას ყვება ბერი კირიონი

კარტოგრაფების საქმეზე დღეს სასამართლომ დეკანოზ ილარიონის გარდა გამოკითხა მეორე მოწმეც, საზღვრის დამდგენი კომიის ყოფილი წევრი და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ზურაბ ტატიშვილი. ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.

ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია