“დასამარებულია”- როგორ დაკარგა კრემლმა ელიტური ქვედანაყოფი, რომელსაც ნატოსთან საომრად ამზადებდა

უკრაინის კონტრშეტევის დროს განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა. ქალაქ იზიუმის შემოგარენი, ხარკოვის რეგიონი. 2022 წლის 13 სექტემბერი

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევამ იმდენად დაასუსტა რუსეთი, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ვეღარ გაუწევს წინააღმდეგობას ნატოს.

უკრაინულმა ჯარმა თითქმის მთლიანად განდევნა მოწინააღმდეგე ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ხარკოვის ოლქიდან. ბალაკლეაში, იზიუმსა და სხვა ქალაქებში ჟურნალისტებს უყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარბოდნენ და ტოვებდნენ ტანსაცმელს, საკვებს, შეიარაღებას, ჯავშანტექნიკას.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქი დატოვა ასევე “პირველმა სატანკო არმიამ”, რუსული ჯარის ელიტურმა ქვედანაყოფმა. იგი ექვემდებარება “დასავლეთის სამხედრო ოლქს”, რუსეთის შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციულ ერთეულს.

13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ნატოსთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ”სატანკო არმიას” მოსკოვი უნდა დაეცვა და კონტრშეტევაზე გადასულიყო.

დღეს ამას ვეღარ იზამს. დაზვერვა წერს, რომ 7-თვიანმა ომმა დიდი ზიანი მიაყენა მთლიანად “დასავლეთის სამხედრო ოლქის” ძალებს. დიდი დანაკარგები აქვს ელიტურ ქვედანაყოფსაც, რომელმაც ვეღარ შეძლო უკრაინის კონტრშეტევისთვის მომზადება.

“ის ძალები, რომელიც რუსეთმა სპეციალურად ნატოსთან დასაპირისპირებლად შექმნა, საგრძნობლადაა დასუსტებული. ალბათ რუსეთს წლები დასჭირდება მისი რესურსების აღსადგენად”, - ნათქვამია ანგარიშში.

პირველი მექანიზებული მუშტი

“პირველი სატანკო არმია” მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს შეიქმნა. სხვადასხვა ისტორიული წყაროს თანახმად, მას დიდი დამსახურება აქვს საბჭოთა კავშირიდან გერმანული ჯარის განდევნაში. შემდეგ მისმა ტანკებმა გაიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ბერლინამდე მივიდნენ.

ომის დასრულების შემდეგ, “პირველი სატანკო არმია” დრეზდენში დაბანაკდა. ის ითვლებოდა “რკინის ფარდის” დაცვის პირველ ხაზად, თუმცა ხანდახან შეტევაზეც გადადიოდა. მაგალითად, 1968 წლის აგვისტოში, სწორედ მისი ტანკები გააგზავნეს პრაღაში, სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის ლიბერალური რეფორმებისთვის ბოლოს მოსაღებად.

“პირველმა სატანკო არმიამ” არსებობა დაასრულა 1999 წელს, თუმცა 16 წელიწადში ის აღადგინა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ. ეს მოხდა ყირიმის ანექსიიდან ცოტა ხანში, თუმცა მიზეზად კრემლმა დაასახელა “მზარდი საფრთხე ნატოს მხრიდან”.

რუსულმა მედიამ მას “პირველი მექანიზებული მუშტი” უწოდა. მომდევნო წლებში, თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ “პირველ სატანკო არმიას” უახლესი შეიარაღებით ამარაგებდა.

“მუშტმა” უკრაინის საზღვარი პუტინის “სპეცოპერაციის” პირველივე დღეებში გადაკვეთა. ჯავშანტექნიკამ დაიკავა ქალაქი იზიუმი და მისი შემოგარენი. მარტის ბოლოს, ომის დაწყების 1 თვის თავზე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ელიტური ქვედანაყოფი “დასამარებულია და ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა”.

მოშიშვლებული სისუსტე

CNN-ის სამხედრო კორესპონდენტი ბრედ ლენდონი წერს, რომ უკრაინასთან ომმა, განსაკუთრებით კი ბოლო კვირის ელვისებურმა კონტრშეტევამ, რუსული ჯარის სისუსტეები საბოლოოდ მოაშიშვლა.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ 7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთმა დაკარგა საბრძოლო ტექნიკის სულ ცოტა 338 ერთეული. მათ შორის, თვითმფრინავები, ტანკები და სატვირთო მანქანები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კი ჯერ კიდევ 2 სექტემბერს ამტკიცებდა, რომ გაანადგურა რუსული ჯავშანტექნიკის 4 ათასზე მეტი ერთეული, მათ შორის 2 ათასი რუსული ტანკი.

უკრაინის კონტრშეტევამ შთაბეჭდილება მოახდინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანზე, ენტონი ბლინკენზეც.

“რაც მათ ქნეს, ძალიან მეთოდურადაა დაგეგმილი, და ცხადია, მიიღო დიდი მხარდაჭერა აშშ-სგან და ბევრი სხვა ქვეყნისგანაც. მათ მოამარაგეს უკრაინა აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელია ამ კონტრშეტევის გასაგრძელებლად”, - თქვა ბლინკენმა 12 სექტემბერს.

თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ რით დასრულდება უკრაინის კონტრშეტევა. უკრაინაში ჯერაც ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცი, ბევრი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალაა, - განმარტა მან.