ანა ფოტიგა - "მტკიცედ ვუჭერ მხარს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ"

ანა ფოტიგა, ევროპარლამენტის წევრი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თვლის, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია ორმხრივი თამაში. ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობა მიიღო თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში. ფოტიგა რადიო თავისუფლებას უზიარებს მოსაზრებებს უკრაინაში მიმდინარე ომით შეცვლილ მსოფლიოსა და საქართველოზე.

Your browser doesn’t support HTML5

„ახლა ქართველების წინაშეა ეგზისტენციალური შესაძლებლობა“

რადიო თავისუფლება: თბილისში ჩამოსვლისთანავე მიხვედით პრეზიდენტ კაჩინსკის ძეგლთან და ტვიტერზე დაწერეთ, რომ ყოველთვის ამით იწყებთ ვიზიტს საქართველოში, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა რუსეთის საფრთხე. ისაკლისებთ კაჩინსკის გაგებას დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში?

ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ახლა აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ენაზე, მას ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს. პრობლემა მისი შინაარსის რეალურ გაგებაშია, ვინაიდან ის განსაკუთრებული პიროვნება იყო.

ანა ფოტიგა: შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ვითარება ბევრად უკეთესია. როგორც ვთქვი, მთელი ბანქო მაგიდაზეა და ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ახლა აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ენაზე, მას ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს. პრობლემა მისი შინაარსის რეალურ გაგებაშია, ვინაიდან ის განსაკუთრებული პიროვნება იყო. ჰქონდა უზარმაზარი გამოცდილება პოლონეთში კომუნისტების გავლენის წინააღმდეგ და სუვერენული, თავისუფალი პოლონეთისთვის ბრძოლაში. მან იცოდა თავისი საზოგადოების კარგი და ცუდი მხარეები. მას შეეძლო თანამშრომლობა ყველა პარტნიორთან აღმოსავლეთში - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ თვალსაზრისით ჰქონდა უდიდესი გამოცდილება და აგრეთვე ანალიტიკური უნარები, უსაზღვრო გამბედაობასთან ერთად. ის განსაკუთრებული პიროვნება იყო. რა თქმა უნდა, მე ის მართლაც ძალიან მაკლია. დღეს ადვილი არ არის ასეთი ლიდერის პოვნა.

ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს როგორღაც დარჩეს შუაში და თვლის, რომ შესაძლებელია ორმხრივი თამაში. ჩემი აზრით, დღეს ეს შეუძლებელია. ეს არის სისტემების ნამდვილი შეჯახება.

თუმცა, მაინც, ვითარება უკეთესია, მთელი ამ ტრაგედიისა და სისასტიკის მიუხედავად, რადგან ლეხ კაჩინსკისა და მისი მსგავსი ადამიანების უწინდელი გაფრთხილებების აღიარება შეიძლება იქცეს ზოგიერთი უდიდესი საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობად.

მაგალითად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რეალური გაკვეთილი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავს დატეხილი ომი. ჩემი აზრით, დღეს სრულიად აშკარაა, რომ ეს იყო ზუსტად რუსეთის ნეოიმპერიალიზმში ძალიან ღრმად ფესვგადგმული მოქმედება - ამ ტერიტორიების ნაწილის დაკავება, ადამიანების დაშინება. უნდა შეგვეძლოს ჩვენი დროის ასეთი ნიშნების წაკითხვა.

რადიო თავისუფლება: დიახ, ძალიან კარგად მესმის, რაც თქვით. თქვენ თქვით, რომ უკეთესია, როცა მთელი ბანქო დარიგებულია, მაგრამ ეს ბანქო შეიძლება აირიოს და დღეს არის საფრთხეები.

ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული საფრთხეების აღქმაში, კერძოდ, ეს იყო ნაივურობა მოსკოვის მიმართ.

ანა ფოტიგა: რა თქმა უნდა.

რადიო თავისუფლება: ასევე, ამ კონფერენციის ერთ-ერთმა უკრაინელმა მონაწილემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას უკეთესად ესმის ეს საფრთხეები და აკეთებს მაქსიმუმს, რომ დასავლეთ ევროპა ჯერჯერობით საკმარისს არ აკეთებს. იზიარებთ ამ ხედვას?

ანა ფოტიგა: ეს სურათი არაერთგვაროვანია, რადგან ერთი მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს აშკარაა. ჩემი პოზიცია ოდნავ განსხვავდება დისკუსიის სხვა მონაწილეთა მოსაზრებებისგან. ვთვლი, რომ რუსეთისა და ჩინეთის მსგავს რეჟიმებს აქვთ საერთო მიზანი - ეს არის კოლექტიური დასავლეთის დაშლა და მისი განვითარების ხელის შეშლა. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს როგორღაც დარჩეს შუაში და თვლის, რომ შესაძლებელია ორმხრივი თამაში. ჩემი აზრით, დღეს ეს შეუძლებელია. ეს არის სისტემების ნამდვილი შეჯახება. საჭიროა, კოლექტიური დასავლეთი შეიცვალოს, მობილიზდეს. აგრეთვე საჭიროა ის შეიცვალოს და უფრო დემოკრატიული გახდეს.

ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული საფრთხეების აღქმაში, კერძოდ, ეს იყო ნაივურობა მოსკოვის მიმართ. საჭიროა პატარა პარტნიორი ქვეყნების ხმა იყოს უკეთესად გაგონილი და მოსმენილი. ევროკავშირში, მაგალითად, უნდა ვიყოთ უფრო ფხიზლად ყველა ამ საფრთხის მიმართ, რომ თავიდან ავიცილოთ ერთი ნაწილის ინტერესები ან ინტერესების დომინირება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ეთანხმებოდეს და წაადგეს კოლექტიური დასავლეთის ინტერესებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები.

ჩვენ ნამდვილად არ ვართ საკმარისად ჩართულები უკრაინის დახმარებაში. მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი ხალხით. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური მიგრაცია - ლტოლვილების ტალღა, დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში, რადგან მაშინ სამხრეთიდან მიგრაცია უფრო ხანგრძლივი იყო. ჩვენ არ გვეძლევა სათანადო დახმარება ამ საქმეში. ვიყენებთ მხოლოდ საკუთარ ბიუჯეტს და ჩვენ არ ვართ განსაკუთრებით მდიდარი ქვეყანა, ჯერ არ ვართ.

პოლონეთისა და უკრაინის საერთო ისტორია ყოველთვის მარტივი და პოზიტიური არ ყოფილა და ამის მიუხედავად, ჩვენ მოწმენი გავხდით ტოტალური კონცენტრირებისა ერთ რამეზე - ჩვენი მეზობლის უსაფრთხოებასა და ტანჯვაზე.

რადიო თავისუფლება: გულისხმობთ ევროკავშირისგან დახმარებას?

ანა ფოტიგა: დიახ, თითოეული ევრო ჩვენი ბიუჯეტიდან მიდის.

რადიო თავისუფლება: დღემდე? ეს ძალიან საინტერესოა.

ანა ფოტიგა: ასეა.

რადიო თავისუფლება: შეიცვალა პოლონელების დამოკიდებულება ლტოლვილების მიმართ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ?

ანა ფოტიგა: არა. საოცარია, რომ ეს ასეა. დამოკიდებულება არ შეცვლილა. არ იყო დრო დამოკიდებულების შესაცვლელად. ეს იყო მყისიერი რეაქცია. ეს უბრალოდ იყო რეაქცია, რომელშიც გამოჩნდა თაობათა ცოდნა, ნათესაობა და კავშირი. პოლონეთისა და უკრაინის საერთო ისტორია ყოველთვის მარტივი და პოზიტიური არ ყოფილა და ამის მიუხედავად, ჩვენ მოწმენი გავხდით ტოტალური კონცენტრირებისა ერთ რამეზე - ჩვენი მეზობლის უსაფრთხოებასა და ტანჯვაზე. ჩვენი საზოგადოების ყველა დონეზე - დაწყებული ცენტრალური მთავრობიდან, თვითმმართველობით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, ოჯახებით, ინდივიდებით გაგრძელებული - ეს ყველაფერი იმდენად მასობრივია, რომ ვინმეს ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ სრულიად მარგინალიზებულია და მყისიერად იგმობა უმრავლესობის მიერ. ერთი შემთხვევა ვიცი, ერთ ძალიან პატარა სოფელში თვითმმართველობის მერმა საკუთარ სახლში რუსეთის დროშა დაკიდა. ის დაუყოვნებლივ, რეფერენდუმის გზით გააძევეს იმ სოფლის მცხოვრებლებმა, მაშინვე.

ეს შესაძლებლობების ფანჯარა არის დასავლეთის მატარებელზე ახლა მისასწრებად. ახლაა ამისთვის საუკეთესო დრო.

რადიო თავისუფლება: თქვენ ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ და საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად შეახსენებთ ხოლმე ისტორიის გაკვეთილებს, როცა ეს აუცილებელია. გასულ დეკემბერში, ძალიან მალე აშშ-სა და ნატოს მიმართ რუსეთის მხრიდან, როგორც უწოდეთ, შანტაჟის წამოწყებიდან, გამოაქვეყნეთ სტატია „EURACTIVE“-ში, რომელშიც ამბობთ, რომ „უკრაინის, ბელარუსის, საქართველოსა და სომხეთის ხალხებმა აირჩიეს თავიანთი გზა და რომ ბელოვეჟის შეთანხმებებიდან 30 წლის შემდეგ ერთიანობა და სოლიდარობა არის საუკეთესო იარაღი საბჭოთა კავშირი 2.0-ის შექმნის მცდელობის წინააღმდეგ“. ხედავთ ამ ქვეყნების სოლიდარობას და კერძოდ, მსურს თქვენგან მოვისმინო საქართველოს შესახებ. ბრძანეთ, რომ ისურვებდით უკეთესად მოესმინათ პატარა ქვეყნებისთვის ევროკავშირის შიგნით. რას იტყოდით საქართველოს როლსა და პოზიციაზე?

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ - კოლექტიურმა დასავლეთმა, ამაში მოვიაზრებ უკრაინასა და ყველა ჩვენგანს და მენტალურად ვგულისხმობ საქართველოსაც, ვინაიდან ვიცი საქართველოს ხალხის უმრავლესობის დამოკიდებულება.

ანა ფოტიგა: მტკიცედ ვუჭერ მხარს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. რეალურად, ჩემი საჯარო თუ პოლიტიკური ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილი ამ იდეის ხელშეწყობას მივუძღვენი. სიმართლე რომ ვთქვა, საქართველოს მეგობრებს შორის მე ვიყავი უმცირესობაში, თუ არა ერთადერთი, ვინც, საქართველოს ბევრი სფეროს მიმართ ჩემი კრიტიციზმის მიუხედავად, მხარს ვუჭერდი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. გამოცდილება მკარნახობს, რომ ახლა არის შესაძლებლობის ფანჯარა, ცვლილებების სიო და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს, ვინაიდან ვითარება მართლაც ძალიან რთულია, ძალიან დაძაბულია.

მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს. ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ - კოლექტიურმა დასავლეთმა, ამაში მოვიაზრებ უკრაინასა და ყველა ჩვენგანს და მენტალურად ვგულისხმობ საქართველოსაც, ვინაიდან ვიცი საქართველოს ხალხის უმრავლესობის (იმედი მაქვს, კვლავაც უმრავლესობაა) დამოკიდებულება. სინამდვილეში, რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა არის, რომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა არის დასავლეთის მატარებელზე ახლა მისასწრებად. ახლაა ამისთვის საუკეთესო დრო.

რა თუ არ აწესებენ სანქციებს, არამედ ზოგიერთი ქვეყანა ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ეს ნიშნავს იმ მხარის გვერდით დგომას, რომელიც დღეს სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებს, ომის დანაშაულებს სჩადის.

ვიცი, რომ კოლექტიურ დასავლეთთან ერთად სანქციების დაწესება შეიძლება ძალიან დროებითი, ძალიან რთული იყოს და ეს ჩვენი - ევროკავშირის, უფრო ფართო საერთაშორისო თანამეგობრობის, დემოკრატიული ქვეყნების საქმეა ამაში დავეხმაროთ საქართველოს, დავეხმაროთ შემობრუნებაში. რეალურად ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა შემობრუნებისა ყველაფერში: სტანდარტებში, მართვის სტილში, კავშირებში, მომარაგების ჯაჭვებში.

ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სახის დაპირისპირების, სისტემების შეჯახების ფონზე გარდაუვალია, რომ უსაფრთხოებისათვის მოახდინო შენი ვაჭრობის სქემების, მთელი შენი არსებობის მოდელის ფორმირება. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა ქართველების წინაშეა ეგზისტენციალური შესაძლებლობა, ვინაიდან ახლა შეიძლება გაცილებით ადვილი იყოს. ღრმად მწამს, რომ ჩვენი საქმეა და ვაპირებ ამ იდეის გატანას, რომ დავეხმაროთ საქართველოს. ეს ერთი საკითხი.

მეორე არის ის, რომ თავიდან ავიცილოთ ხელოვნური მიზნებით თამაში - ზოგიერთი ქვეყანა ამას აკეთებს სანქციებისთვის გვერდის ავლით. არა თუ არ აწესებენ სანქციებს, არამედ ზოგიერთი ქვეყანა ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ეს ნიშნავს იმ მხარის გვერდით დგომას, რომელიც დღეს სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებს, ომის დანაშაულებს სჩადის. ეს მართლაც სერიოზული საკითხია.

თქვენ გყავთ საზოგადოება, გაქვთ დიდი პოზიტიური ენერგია, რომლის დანახვის იმედიც მაქვს. მტკიცედ მოვუწოდებ მმართველ პარტიასაც, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ საქართველო ჩართულია ამაში, სანქციებისთვის თავის არიდების საქმეში?

ანა ფოტიგა: ვფიქრობ, შეიძლება არსებობდეს ასეთი საშიშროება. ვინაიდან, რეგიონში არიან პარტნიორები, რომლებიც ცდილობენ ამის გაკეთებას.

რადიო თავისუფლება: მაინც ოპტიმისტურად უყურებთ საქართველოს მომავალს - რომ ის გამოიყენებს ამ ძალიან იშვიათ, ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ახლა ქვეყნის წინაშეა?

ანა ფოტიგა: ძალიან რთულია ამის თქმა. ჩვეულებრივ, მე ოპტიმისტი ვარ. ძალიან ცუდ ვითარებებშიც ვხედავ შანსებს, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენ და დაინახავ. ვთვლი, რომ თქვენ გყავთ საზოგადოება, გაქვთ დიდი პოზიტიური ენერგია, რომლის დანახვის იმედიც მაქვს. მტკიცედ მოვუწოდებ მმართველ პარტიასაც, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ეს არ გულისხმობს თქვენს შეთრევას რაღაც კლუბში, რომელიც არ არის იდეალური. მე თვითონ კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ გარემოს. როგორც ევროპარლამენტის წევრი, არ ვარ გულუბრყვილო დასავლეთის მიყოლაში. ბევრი რამის რეფორმირება გვჭირდება, მაგრამ უნდა დავრჩეთ ერთიანნი.

ზოგიერთი პოლონელისგან განსხვავებითაც კი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ, თქვენს მსგავსად, ისტორიულად ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. კრიტიკული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ სხვაგან ვხედავთ შესაძლებლობებს. ამას საუკუნეების ისტორია აქვს და ჩვენ ამ მიდგომას არ შევცვლით.

კავშირი პოლონეთის და საქართველოს საზოგადოებებს შორის თაობებით ყალიბდებოდა. რთულ დროებაში ჩვენ მზად ვიყავით ერთმანეთისთვის ღირებული დახმარება გაგვეწია.

რადიო თავისუფლება: თქვენი კრიტიკა აღქმულია ძალიან ემოციურად და უარყოფითად მმართველი პარტიის მიერ. იცით თქვენს მიმართ მათი შეფასებები. დღესაც მოვისმინე ერთი - ამ ქვეყნის მტრად მოგიხსენიეს. არა მხოლოდ თქვენ, მაგრამ „ევროპარლამენტარები“. როგორ აღიქვამთ ასეთ შეფასებებს?

ანა ფოტიგა: წუხილით.

რადიო თავისუფლება: რაზე წუხხართ?

ანა ფოტიგა: საკუთარ თავზეც. მე ხომ ასე ღრმად ვარ ჩართული საქართველოს საკითხებში და ასე განვიცდი საქართველოს ბედს. ვამაყობ თქვენით, ძალიან კარგად მესმის თქვენი ხასიათი. გარკვეული თვალსაზრისით, ყოველთვის ვფიქრობდი საქართველოზე, როგორც ადგილზე, რომელიც ჩემს ქვეყანასთან ერთად, ძალიან ძვირფასია ჩემთვის და სადაც ვისურვებდი ჩამოსვლას და დიდი დროის გატარებას, როცა პენსიაზე გავალ და შეიძლება, ჩემი შვილიშვილებიც ჩამოვიყვანო, რომ ეს გამოცდილება გავუზიარო. ეს კავშირი პოლონეთის და საქართველოს საზოგადოებებს შორის თაობებით ყალიბდებოდა. რთულ დროებაში ჩვენ მზად ვიყავით ერთმანეთისთვის ღირებული დახმარება გაგვეწია. მსურდა, როგორღაც ამაზე დამეფუძნებინა, ვინაიდან ვფიქრობდი, ეს კარგი საგანმანათლებლო სქემა იქნებოდა ჩემი ოჯახის პატარა წევრებისთვისაც, რომ მეჩვენებინა ეს კავშირი. ახლა არც ისე დარწმუნებული ვარ, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს მათთვის.

რადიო თავისუფლება: ეს სამწუხაროა...

ყოველთვის მინდოდა თქვენთვის მეკითხა: მაქვს განცდა, რომ ბერლინის კედლის დანგრევით საბჭოთა კავშირის დანგრევის ამოცანა, პროცესი არ დასრულებულა და იყო ილუზია, რომ საქმე დამთავრებული იყო. მათ [დასავლეთის ქვეყნებმა] დაიწყეს ახალი ურთიერთობა, განსაკუთრებით რუსეთთან. დღეს ძალიან მკაფიოა, რომ საბჭოთა კავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ნარჩენები კვლავაც არის საქართველოში, საქართველოს საზოგადოებაში. თვლით, რომ ის [მიდგომა] იყო ერთ-ერთი შეცდომა, გამოტოვებული გაკვეთილი?

საბჭოთა კავშირის დროინდელი ადამიანები ეთნიკური კუთვნილების გარეშე, მათი საქმეებით უნდა შეფასდნენ და სტალინის მემკვიდრეობა ძალიან ცუდია მთელი მსოფლიოსთვის.

ანა ფოტიგა: მრავალი წელია ისეთივე აღქმა მაქვს, რასაც თქვენ აღწერთ. თუმცა, რა თქმა უნდა, „სოლიდარნოშჩის“ წევრი როცა ვიყავი, ვცდილობდი მეჩვენებინა „სოლიდარნოშჩ“-ის წვლილი ამაში. თუმცა, მართალი ხართ, ბერლინის კედლის დანგრევამ იქონია ეს ზეგავლენა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ელიტებზე. მაგრამ, გასაოცარია, რომ არა მხოლოდ მათზე - ქვეყნები, რომლებსაც სურდათ დასავლეთის კლუბში შესვლა, რაღაცნაირად ცდილობდნენ იმავეს გაკეთებას, იგივე შეცდომის დაშვებას - იყენებდნენ მიმიკრიის პრინციპს, რომ ზოგიერთ სფეროში საბოლოოდ გამოჩენილიყვნენ ბევრად ევროპულები. ამიტომაც ვიშველიებ ასე ხშირად ისტორიას, რომ ბევრ ჩვენგანს პოლონეთის ელიტაში გვაქვს ისტორიის ეს ღრმა განცდა და ვცდილობთ მაგალითების მოყვანას ილუსტრირებისთვის, წარსულის მომეტებული ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, ვინც კომუნიზმის [ეპოქაში] დანაშაულებს სჩადიოდა. ვთვლი, რომ პოლონეთშიც დიდი ნაწილი ამ დანაშაულებისა დაუსჯელი დარჩა.

ვშიშობ, არსებული შესაძლებლობის გამოუყენებლობით დიდი ხნით წააგებთ

საქართველოში გუშინ შევხვდი ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან სტალინის მემკვიდრეობის წარმოჩენით მთელ რეგიონში და ეს აუცილებელია. ჩვეულებრივ, რუსეთი, კრემლი იყენებს ამ პროპაგანდას, რომ სტალინი იყო მნიშვნელოვანი ქართველი, რადგან ძალიან გავლენიანი იყო. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის დროინდელი ადამიანები ეთნიკური კუთვნილების გარეშე, მათი საქმეებით უნდა შეფასდნენ და სტალინის მემკვიდრეობა ძალიან ცუდია მთელი მსოფლიოსთვის და მთელი რეგიონისთვის. ამ მხრივ გაკვეთილი ნასწავლია: დასავლეთის მიერ ის აღქმული იყო პარტნიორად, მოკავშირედ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის კი ჰიტლერის პარტნიორი იყო ომის დასაწყისში. უფრო ფართო რეგიონში - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის მემკვიდრეობა დრამატულია, რაც როგორღაც აქა-იქ ჩნდება ხოლმე. რას აკეთებს დასავლეთი? დასავლეთი უპირატესად, თუმცა, რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფოც უშვებს იმავე შეცდომას - ისინი იგივენაირად იქცევიან პუტინის მიმართ [როგორც სტალინის მიმართ თავის დროზე]. მოლაპარაკებებში შედიან მასთან და თუ არ შედიან, მაინც მოსწონთ შეხვედრა დამნაშავესთან.

რადიო თავისუფლება: ასე რომ, ბრძოლა გრძელდება.

ანა ფოტიგა: დიახ.

ძალიან ბევრია დამოკიდებული ვითარებაზე უკრაინაში და ვიცი, რომ ათასობით ქართველს ეს ესმის, ზოგიერთი ფიზიკურად იქ იმყოფება და იბრძვის, ესმით რა, რომ უკრაინაში ომის შედეგი ნამდვილად მოახდენს ზეგავლენას მთელ რეგიონზე...

რადიო თავისუფლება: ბრძოლა, რომელიც თქვენ მრავალი წლის წინ დაიწყეთ. როცა პოლიტიკაში შედიოდით და იწყებდით ბრძოლას კომუნისტური რუსეთის, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, წარმოგედგინათ, რომ ეს ბრძოლა ასეთი ხანგრძლივი იქნებოდა?

ანა ფოტიგა: არა. პირველი „სოლიდარნოშჩ“-ის დროინდელი საგანგებო მდგომარეობის დროს ეს უფრო მობილიზაციის მოძრაობა იყო და არა პოლიტიკური აქცია. მე იმ პროცესს არ აღვიქვამდი პოლიტიკურად, თუმცა კი, მრავალი თვალსაზრისით ის, რა თქმა უნდა, ღრმად პოლიტიკური იყო. როცა 1989 წელს ცვლილებები მოხდა, ვფიქრობდი, ალბათ კიდევ სამი წელიც და დასრულდება, მაგრამ საბჭოთა კავშირი კვლავ აქ არის... კვლავ აქ არის, არა მხოლოდ სხვა ქვეყნების გამოცდილების გამო, არამედ ჩემს ქვეყანაშიც ბევრია ამ მხრივ გასაკეთებელი.

რადიო თავისუფლება: ჩვენი ინტერვიუ დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა. ვიცი, ბევრს არ მოეწონება, რასაც იტყვით, მაგრამ რა არის ამ ბრძოლაში დაშვებული ის ერთი შეცდომა, რომელზეც მიუთითებდით ქართველებს - იქნება ეს მმართველ პარტიას, ოპოზიციას, საზოგადოებას ან - რა რჩევას მისცემდით?

ანა ფოტიგა: ჩემი რჩევა იქნებოდა, იყოთ უფრო პოზიტიურები დროის ამ მონაკვეთის მიმართ - ვგულისხმობ წლებს „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე, ვინაიდან ბევრი ცვლილება გახდა შესაძლებელი და როცა უყურებ თუნდაც შენობებს, ყველაფერს, ბიზნესს, უდიდესი შესაძლებლობა მოგეცათ და თქვენ ეს სასიკეთოდ გამოიყენეთ.

პრობლემა ის არის, რომ ახლანდელი დრო ძალიან გადამწყვეტია, გამოწვევებითა და დაპირისპირებით აღსავსე და ვშიშობ, არსებული შესაძლებლობის გამოუყენებლობით დიდი ხნით წააგებთ.

თუმცა, ამასთან, ძალიან ბევრია დამოკიდებული ვითარებაზე უკრაინაში და ვიცი, რომ ათასობით ქართველს ეს ესმის, ზოგიერთი ფიზიკურად იქ იმყოფება და იბრძვის, ესმით რა, რომ უკრაინაში ომის შედეგი ნამდვილად მოახდენს ზეგავლენას მთელ რეგიონზე, ჩემი გულწრფელი აზრით კი - მთელ მსოფლიოზე.