აზერბაიჯანი-სომხეთი - როცა მშვიდობას საფუძველი არ აქვს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი

2020 წლის ე.წ. 44-დღიანი ომის შემდგომი შედარებით მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ, 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ერთმანეთს. აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ 50 ჯარისკაცი დაიღუპა ღამის შეტაკებებში, სომხეთის თანახმად კი, ამ ორ დღეში 105 სომეხი სამხედრო დაკარგა. მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის განახლებაში, რაც, ყარაბაღის კონფლიქტისა და აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების ლოგიკიდან გამომდინარე, მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. მოულოდნელი იყო მსხვერპლის მასშტაბი და სომხეთის ქალაქების მასირებული საარტილერიო დაბომბვა, რაც აქამდე აზერბაიჯანს არ გაუკეთებია. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ყარაბაღის მეორე ომი 2020 წელს არ დასრულებულა და კიდევ დიდხანს არ დასრულდება.

რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი?

აზერბაიჯანი არ მალავს, რომ 2020 წლის ომში გამარჯვებისა და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, მისი მიზნები დიდად არ შეცვლილა:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია
  • სეპარატიზმის აღმოფხვრა ყარაბაღში

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, დავით ბრაგვაძემ უთხრა, აზერბაიჯანის სტრატეგიულ მიზნებში ასევე შედის ე.წ. სამხრეთის (ზანგეზურის) დერეფნის ანუ პირდაპირი სახმელეთო გზის გაჭრა როგორც თურქეთთან, ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე და ირანის მოსაზღვრე აზერბაიჯანის ექსკლავია.

„ბევრი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა იმდენად გაიზარდა (რაც ყარაბაღის მეორე ომმაც კარგად აჩვენა), რომ შეუძლია უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაციაზეც კი იფიქროს. ოკუპაციაში გულისხმობენ სამხრეთის დერეფნის გაჭრას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, თუმცა არ მგონია, რომ აზერბაიჯანი ამ მიმართულებით ბოლომდე წავიდეს. აზერბაიჯანი ახდენს ძალის დემონსტრირებას. ერთი მხრივ, ტესტავს, თუ რისი გამკეთებელია რუსეთი უკრაინაში ფაქტობრივი კატასტროფის ფონზე და, მეორე მხრივ, ზრდის ზეწოლას სომხეთზე, რათა დაანახოს ერევანს, რომ მას არ შესწევს უნარი დაუპირისპირდეს ბაქოს და ამით აიძულოს, გადაწყვიტოს სამხრეთის დერეფნის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად“, - ამბობს დავით ბრაგვაძე.

2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლეზეც ასახულია აზერბაიჯანელი სამხედროების მოძრაობა სომხური პოზიციებისკენ

კახა გოგოლაშვილიც, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, მიიჩნევს, რომ კონფლიქტის განახლების ერთ-ერთ მთავარი კატალიზატორია აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესი - შეუზღუდავი სახმელეთო კავშირი დაამყაროს თურქეთთან, თავის მთავარ მოკავშირესთან:

„აზერბაიჯანმა ვერ მიაღწია სომხეთთან შეთანხმებას, რომ თავისუფალი ტრანზიტი ჰქონდეს თურქეთთან ანუ ჰქონდეს პირდაპირი სახმელეთო კავშირი ყოველგვარი შეფერხების და შეზღუდვის გარეშე. ასევე დერეფანი ნახიჩევანთან - ვერ მოილაპარაკეს, როგორი რეჟიმი იქნება აზერბაიჯანული ტვირთების გასატარებლად. აზერბაიჯანი ითხოვს დერეფანს, რომელიც სრულად თავისუფალი იქნება ყოველგვარი შემოწმებისგან, რასაც არ თანხმდება სომხეთი“.

რას ეფუძნება აზერბაიჯანის მოთხოვნა?

სომხეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გატარებისას შეამოწმოს ნებისმიერი ტვირთი. აზერბაიჯანი კი ითხოვს გამჭოლ დერეფანს ყოველგვარი შემოწმების გარეშე.

„პრაქტიკულად აზერბაიჯანი ითხოვს, რომ ეს დერეფანი იყოს მისი ექსტერიტორიალური კუთვნილება. ეს მოთხოვნა დამყარებულია გამარჯვებულის ძალასა და პოზიციაზე. აზერბაიჯანს აქვს თავისი არგუმენტები: 30 წელი იყო ოკუპირებული მისი ტერიტორია, ბევრი სისხლი დაღვარა, ომში დაამარცხა სომხეთი და ა.შ. ამ ომს აზერბაიჯანი არ უყურებს როგორც მხოლოდ ყარაბაღის გათავისუფლებას. ბაქო ამას უყურებს როგორც სომხეთის დამარცხებას და, რომ გამარჯვებულს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი პირობები, ეს პირობები კი ასეთია: კავშირი ნახიჩევანთან და თურქეთთან! ნახიჩევანი არის ექსკლავი, რომელსაც ბაქო მხოლოდ ირანის გავლით უკავშირდება. ასევე ითხოვს თურქეთთან სახმელეთო კავშირს. ეს საკითხები აწუხებს აზერბაიჯანს და თავისი განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევს ამ ორი პრობლემის თავის სასარგებლოდ გადაჭრას, რაც შესაძლებელია მხოლოდ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ხარჯზე“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი

დავით ბრაგვაძის თქმით, აზერბაიჯანის სურვილს, მოახდინოს ყარაბაღის სრული დეოკუპაცია (ავტონომიური ოლქის ნაწილი ისევ რჩება ადგილობრივი, სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლის ქვეშ), ასევე ერთიორად ამძაფრებს 2020 წლის ომში მიღწეული წარმატება და სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბაქოს კონტროლის ქვეშ გადასვლა.

აშკარაა, რომ 2020 წლის ომის შედეგებს აზერბაიჯანის მხარე განიხილავს როგორც ერთ-ერთ ეტაპს, საბოლოო მიზანი კი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სრულად დაბრუნებაა.

მთიანი ყარაბაღი რუკაზე. AZ -ით აღნიშნულია ნახიჩევანი

კახა გოგოლაშვილის თქმით, 2020 წლის ომის წარმატებული გამოცდილება ასევე დიდწილად განსაზღვრავს როგორც აზერბაიჯანის, ასევე პერსონალურად ილჰამ ალიევის მოქმედების ლოგიკასაც.

„როგორც ჩანს, 2020 წლის ომის შედეგად მიღწეული დეოკუპაცია ბაქოს აძლევს იმის სტიმულს, რომ იფიქროს, დანარჩენი ტერიტორიაც მხოლოდ ომით ან ომის მუქარით დაიბრუნოს. აზერბაიჯანი, როგორც გამარჯვებული სახელმწიფო, მოითხოვს... ამ მოთხოვნაში, ცხადია, ხელისუფლების ამბიციაც ჩანს: აჩვენებს თავის მოსახლეობას, რომ აქვს ბერკეტები, რომ აზერბაიჯანი ძლიერია, რომ სომხეთს აიძულებს და ა.შ. ილჰამ ალიევისთვისაც ომი და სომხეთის დამარცხება იქცა ლეგიტიმაციის ერთ-ერთ ფაქტორად“, - უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რას არ/ვერ თმობს სომხეთი?

სომხეთის მთავარ პრობლემად რჩება ყარაბაღის სრულად დაკარგვის საფრთხე, რაც აღიქმება კატასტროფად როგორც მთავრობაში, ასევე მთელ საზოგადოებაში. სომხეთის საზოგადოება არ ცნობს 2020 წლის ომის შედეგებს და მოითხოვს: მაქსიმუმ ამ შედეგების აღმოფხვრას და მინიმუმ კონტროლის შენარჩუნებას ყარაბაღის დარჩენილ ნაწილზე.

სომხეთისთვის ასევე რთულად მისაღებია სამხრეთის დერეფნის საკითხიც, რომელიც მთლიანად აზერბაიჯანული და ნაწილობრივ თურქული ინტერესების გათვალისწინებით უნდა ამოქმედდეს.

„ეკონომიკის თვალსაზრისით ეს დერეფანი შეიძლება სომხეთისთვისაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ სომხეთი ყველანაირად ცდილობს ამ საკითხზე მოლაპარაკების გაჭიანურებას. სომხეთს სავარაუდოდ უნდა, რომ ეს დერეფანი თავისი პირობებით ამოქმედდეს და, აქედან გამომდინარე, ქმნის სირთულეებს მოლაპარაკების პროცესში, აზერბაიჯანი კი ყველანაირად ცდილობს აჩვენოს, რომ არ შეეგუება პროცესის გაჭიანურებას, რაც აჩვენა კიდეც წინა დღეებში“, - უთხრა დავით ბრაგვაძემ რადიო თავისუფლებას.

სომხეთის მთავრობასა და საზოგადობას, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურადაც უჭირთ ახალი პოლიტიური ვითარების მიღება.

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრეზიდენტი

დავით ბრაგვაძის თქმით, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში სომხურ საზოგადოებაში გამჯდარი იყო აზრი, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია ომი, რომ აზერბაიჯანი ვერ შეძლებს სომხეთის დამარცხებას, რომ აზერბაიჯანს ჭამს კორუფცია და მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი აღემატება სომხეთის მთლიან ბიუჯეტს, არსებითად არაფერი იცვლება და ა.შ.

„2020 წლის ომი მათთვის აბსოლუტურად შოკის მომგვრელი შედეგებით დასრულდა“, - ამბობს დავით ბრაგვაძე, რომლის თქმითაც, ახლა ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებიან და, რომ არ შეიძლება იყვნენ ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) იმედზე.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი მანდატის შესრულებაზე, როცა სომხეთის მიმართვას, მშვიდობისკენ მოწოდებითა და წყალწყალა დიპლომატიური განცხადებით უპასუხა.

ხანგრძლივ მშვიდობას საფუძველი არ აქვს

2020 წლის ომმა და 2022 წლის 13 სექტემბრის შეტაკებებზე რუსეთის რეაქციამ აჩვენა, რომ სომხეთს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრ ქვეყანას, რუსეთის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს, არადა რუსეთი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს მოკავშირე სომხეთს, რომლის ტერიტორიაზე, გიუმრიში სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული (5000 სამხედრო), ხოლო კონფლიქტის ზონაში 2000 ჯარისკაცით „იცავს“ მშვიდობას.

სომხეთს არც დასავლეთის ენერგიული ჩარევის იმედი უნდა ჰქონდეს. კახა გოგოლაშვილის თქმით, დასავლეთი აქტიურად ვერ ჩაერევა ამ კონფლიქტში იმის გამო, რომ ევროპა უკიდურესად დაინტერესებულია აზერბაიჯანის ენერგომატარებლებით და კიდევ: დასავლეთი ძალიან დაკავებულია უკრაინა-რუსეთის ომით:

„ძალიან ძნელია ევროპის მობილიზება კიდევ სხვა მიმართულებით. თუმცა დასავლეთი ალბათ მაინც ეძებს გამოსავალს და შეეცდება კონფლიქტის მშვიდობიან ჩარჩოში ჩასმას, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ დასავლეთმა რაღაც სანქციები დაუწესოს აზერბაიჯანს ან ურთიერთობა გაწყვიტოს მასთან. მგონია, რომ იქნება მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევა იმისთვის, რომ კონფლიქის მწვავე ფაზა არ გაგრძელდეს“.

კახა გოგოლაშვილის თქმით, იმის გამო, რომ შექმნილი სტატუს-კვო არც სომხეთს აწყობს და არც - აზერბაიჯანს, კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და შედარებით მშვიდობიან დღეებს, პერიოდულად შეცვლის მეტ-ნაკლებად ცხელი დღეები მწვავე შეტაკებებით.

ილჰამ ალიევი, შარლ მიშელი, ნიკოლ ფაშინიანი. ბრიუსელი. 2022 წლის 31 აგვისტო

„თუ დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება ცხელი დღეები, შეიძლება ჩამოყალიბდეს იმგვარი ხედვა (როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნებს შიგნითაც), რომ ეს არის მისაღები სტატუს-კვო, არადა, არსებული სტატუს-კვო არ აწყობს არც აზერბაიჯანს და არც - სომხეთს. შესაბამისად, აწყობთ კონფლიქტი, რათა ეს სტატუს-კვო არ იყოს მყარი - გრძელვადიანი და სამუდამო. ამიტომ ასეთი კონფლიქტი განწირულია დროდადრო გამწვავებისთვის“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

დავით ბრაგვაძე არ ელის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომი დაიწყება, ომი, რომლის მიზანი იქნება სომხეთის ტერიტორიის სრული ოკუპაცია.

„ამის მოლოდინი არ მაქვს. უბრალოდ აზერბაიჯანი პერიოდულად შეეცდება თავისი უპირატესობის შეხსენებას სომხეთისთვის, იმის შეხსენებას, რომ უსაფრთხოების გარანტორი უბრალოდ აღარ ჰყავს და, რომ რუსეთი მხოლოდ ქაღალდზეა მისი უსაფრთხოების გარანტორი. დღეს, როცა რუსეთი ძალიან დასუსტებულია, აზერბაიჯანს პრაქტიკულად არაფერი აკავებს, რომ სომხეთს პერიოდულად შეახსენოს თავისი სამხედრო და სხვა სახის უპირატესობა. რაც უფრო გაჭიანურდება მოლაპარაკებები გარკვეულ საკითხებზე, რაც უფრო ნაკლებად იქნება გათვალისწინებული აზერბაიჯანის ინტერესები, მით მეტია იმას ალბათობა, რომ 13 სექტემბრის მსგავსი დრამატული ეპიზოდები გამეორდება“, - უთხრა დავით ბრაგვაძემ რადიო თავისუფლებას.