ამ დღეებში თბილისში იმყოფებოდა ცნობილი თანამედროვე გერმანელი მწერალი, იურისტი და სამართალმცოდნეობის პროფესორი ბერნჰარდ შლინკი, ავტორი მსოფლიო ბესტსელერისა „წამკითხველი“, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და რომლის მიხედვითაც, 2008 წელს, ამერიკელმა რეჟისორმა სტივენ დალდრიმ ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო.
შლინკი ბევრს წერს სამართლიანობაზე, ფაშიზმის დანაშაულზე, გერმანიის ისტორიული წარსულის გააზრებასა და კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე. „წამკითხველმა“ კი დაადასტურა, რომ ეს თემები არ აწუხებს მხოლოდ გერმანიას. „წამკითხველის“ (მთარგმნელები გვანცა შუბითიძე და ნათია ლაფერაძე) გარდა, ქართულად ნათარგმნია ბერნჰარდ შლინკის კიდევ ერთი რომანი - „ოლგა“ (მთარგმნელი - მაია ფანჯიკიძე). წიგნები გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. შლინკის ამ დროისთვის ბოლო წიგნი „შვილიშვილი“ გასულ შემოდგომაზე გამოვიდა.
ბერნჰარდ შლინკი საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მოწვევითა და ორგანიზებით ჩამოვიდა და თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
რადიო თავისუფლებამ გერმანელ ავტორთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო შლინკ, ერთხელ გკითხეს, რას ნიშნავს იყო მწერალი და თქვენ ასე უპასუხეთ: გიყვარდეს წინადადებები. ისევ ასე ფიქრობთ? თუ კიდევ რამეს დაამატებდით ამ განმარტებას?
- მე მგონია, წინადადებების სიყვარული მართლაც გადამწყვეტია. ცხადია, უნდა გიყვარდეს ამბები, პერსონაჟები, სიუჟეტი... ვიღაცას ლიტერატურით კონკრეტული მესიჯის გაგზავნა მოსწონს, რაც ჩემი არ არის. მოკლედ, სხვადასხვა მწერალს სხვადასხვა დღის წესრიგი აქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველასთვის გადამწყვეტია წინადადებების სიყვარული.
- თქვენი აზრით, მწერლად იბადები თუ მერე ხდები მწერალი?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- თქვენ თავზე რას იტყვით?
- მწერლად დავიბადე თუ არა? არ ვიცი. თუმცა სულ ვწერდი. წერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დავიწყე - ცხოველებზე მოთხრობებს ვწერდი. მერე თინეიჯერობის დროს ცუდ ლექსებს, პატარა პიესებს, მაგრამ მაინც რაღაც მაკლდა ცხოვრებაში. შემდეგ, ახალგაზრდა პროფესორი ვიყავი, როცა ისევ დავუბრუნდი წერას.
- ქართულად თქვენი ორი წიგნის თარგმანი გვაქვს - „წამკითხველი“ და „ოლგა“ - როგორც მკითხველს, თქვენი წიგნებიდან შემდეგს რომლის წაკითხვას მირჩევდით და რატომ?
- მე გირჩევდით გასულ შემოდგომაზე გამოსულ ჩემს ბოლო წიგნს, რომელსაც ჰქვია „შვილიშვილი“ (Granddaughter). შეიძლება ეს საინტერესო იყოს თქვენთვის - ეს წიგნი არის აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაზე, ის ეხება რადიკალურ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ხალხს და იმას, თუ როგორ უნდა ველაპარაკოთ მათ. ან შეგვიძლია კი, საერთოდ ვესაუბროთ მათ? ისევ არსებობს თუ არა საზოგადოებების გაყოფის საფრთხე. მოკლედ, ეს წიგნი აქტუალურ თემებზეა, შეიძლება მოგეწონოთ.
- რა განსაზღვრავს თქვენი რომანების თემებს, საიდან მოდის ისინი?
- მთავარი მაინც ყოველთვის ამბავია. მე არ ვფიქრობ ცალკეულ თემებზე ან მესიჯებზე, რომელიც მკითხველამდე უნდა მივიტანო ჩემი ტექსტებით. ამბავია ის, რაც მე მიბიძგებს დავწერო და ცხადია, ის ყოველთვის რაღაცის შესახებაა. მაგრამ ის რაღაც არ არის მთავარი. მთავარი, როგორც ვთქვი, თავად ისტორიაა.
- როგორ გგონიათ, რატომ არ დარჩა თქვენი ბესტსელერი „წამკითხველი“ მხოლოდ გერმანულ წიგნად? რით გაარღვია საზღვრები? რატომ მოიწონა ის მკითხველმა? ერთი მიზეზი მაინც რომ გვითხრათ.
- მხოლოდ ერთ მიზეზს ვერ გეტყვით. თუმცა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ამ წიგნის წარმატებით, რადგან ვფიქრობდი, რომ ძალიან „გერმანული წიგნი“ იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გახდა ეს წიგნი ასე პოპულარული, შესაძლოა ის არის, რომ გიყვარდეს ვინმე, ვინც დამნაშავეა, და ამიტომ მის დანაშაულში შენც იყო გახლართული, არ არის მხოლოდ გერმანული თემა. გერმანიაში ეს იყო განსჯის თემა ორ თაობას შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შესაძლოა იყოს ძალიან ინდივიდუალური გამოცდილებაც.
- „წამკითხველზე“ საუბარი ოდესმე მოგბეზრებიათ?
- იცით, არა. ჩემს მეორე, არამწერლურ ცხოვრებაში მე იურისტი, სამართლის პროფესორი ვარ და სტუდენტებს ხშირად ველაპარაკები ერთსა და იმავე თემებზე. და ძალიან მსიამოვნებს ხოლმე მათი შეკითხვებიც, თუნდაც ერთი და იგივე კითხვა დამისვან. ისინი დაინტერესებულები არიან. და ეს მშვენიერია, ვუპასუხო მათ კითხვებს.
- ყველაზე კარგი რა მოგიტანათ მწერლობამ და პირიქით?
- ყველაზე კარგი წერით მოგვრილი სიხარულია. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ვწერ და მადლობა ღმერთს, არც გავჩერებულვარ. მე მუდამ ისეთი დაკავებული ვიყავი ჩემი პირველი პროფესიით, რომ როგორც კი რაღაც დრო გამომიჩნდებოდა, წერას ვიწყებდი და ამით მუდამ ბედნიერი ვიყავი. წერა მშვენიერი პროცესია. საყიდლების სიის წერაც კი.
- პოპულარობა გაწუხებთ ხოლმე?
- არა, ეს არ არის ჩემი პრობლემა. ხალხი ქუჩაში არ მიახლოვდება ხოლმე.
- თქვენი აზრით, ყველაზე მეტად თქვენს რომელ გმირს ჰგავხართ?
- ჩემი რაღაც პატარა ნაწილები ბევრ პერსონაჟში დევს. ალბათ, თქვენც იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია წერა იმაზე, რაც ჩვენ ვიცით.
- ან რაც თავს გადაგვხდა.
- ჰო, ჩვენ ვიცნობთ ჩვენს თავებს. ვიცით, როგორია ესა თუ ის შიში ან ესა თუ ის გრძნობა როგორ მუშაობს და ან ესა თუ ის სურვილი. მე მგონი, ეს ის რამეებია, რასაც ჩვენს გმირებში ვდებთ.
- რჩევების მიცემა თუ გიყვართ? მაგალითად, რამეს ურჩევდით დამწყებ მწერლებს?
- ბევრი რჩევის მიცემა არ შემიძლია. ვფიქრობ, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ კარგი ლიტერატურა იკითხონ.
- რაიმე განსაკუთრებული პირობები გჭირდებათ წერისთვის?
- არა და ამას აქვს თავისი მიზეზი. როგორც ვთქვი, მე ისე დაკავებული ვიყავი სამართლით მრავალი წლის განმავლობაში, რომ იმითაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს, სადმე ჩამოვმჯდარიყავი და მეწერა, პარკში სკამზე ან ჩემს მაგიდასთან, ან მატარებელში.
- ერთი წიგნი ორჯერ წაგიკითხავთ? რომელი?
- ოო, დიახ. ბევრი წიგნია ასეთი. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ წავიკითხე ორჯერ. ასევე გოტფრიდ კელერის „მწვანე ჰენრი“ - ორჯერ თუ სამჯერ. ახლა მეორედ ვკითხულობ „ანა კარენინას“. სხვათა შორის, დაბერების ერთ-ერთი სიხარული ისიც არის, რომ ისევ კითხულობ ადრე წაკითხულ წიგნებს, ოღონდ ისინი ისეთი ახალი გეჩვენება! იმდენ ახალ რამეს ვხედავ მათში, ვიდრე ორმოცი წლის წინ ვხედავდი. მაგალითად, ის სიტუაცია, ატმოსფერი, რასაც ტოლსტოი გადმოსცემს, ძალიან მომწონს. მოკლედ, კარგია წიგნების ხელახლა გადაკითხვა.
- და ისეთი წიგნი თუ არსებობს, რომელზეც წაკითხვის მერე გითქვამთ, ჯანდაბა! ნეტა მე დამეწერა!
- ბევრი, ბევრი წლის წინ წავიკითხე რეიმონდ ჩენდლერის „გრძელი დამშვიდობება“. მაშინ მქონდა ეს განცდა, ეს ის წიგნია, რომელსაც დავწერდი-მეთქი.
- გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენი როგორც მწერლის მთავარი წიგნი უკვე დაწერეთ?
- ყველა მწერალი ფიქრობს ალბათ, როცა ახალი წიგნის წერას იწყებს, აი, ახლა მე ისეთ რამეს ჩავდებ ამ წიგნში, რაც აქამდე არ დამიწერიაო... თუ მკითხავენ ხოლმე, შენი წიგნებიდან შენი საყვარელი რომელიაო, ვეუბნები, რომ წიგნი, რომელსაც ახლა ვწერ-მეთქი.
- და წერთ ახლა?
- დიახ.
- რას, არ გაგვიმხელთ?
- არა, ჯერ საიდუმლოა.
- პოლიტიკა თუ გაინტერესებთ? ამ მხრივ აქტიური ხართ?
- დიახ, საკმაოდ.
- უკრაინის მოვლენებზე რა აზრის ხართ?
- რა თქმა უნდა, ყველანი მხარს ვუჭერთ უკრაინას. რაც პუტინმა ჩაიდინა, ეს დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას. და იმედი მაქვს, რომ ომი არ გაგრძელდება უსასრულოდ, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება გამოსავლის მოძებნა ამ ამბავში.
Your browser doesn’t support HTML5