უკრაინის გენშტაბი: მოგერიებულია შეტევა დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 33 საავიაციო დარტყმა და 58 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ხარკოვის და დონეცკის ოლქების 33 დასახლებულ პუნქტში.

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 12 დარტყმა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა კი, ჩამოაგდეს 2 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 1 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის ბრიგადების და ბატალიონების მართვის 9 პუნქტს და ცოცხალი ძალის და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს 3 რაიონში. სარდლობის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ჯერ დაზუსტებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის არმია ყოველდღიურად განიცდის ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს, რომლის შევსებასაც სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის პატიმრების ხარჯზე ცდილობენ. გენშტაბის მონაცემებით, ტულის ოლქის კოლონიებში მყოფ პატიმრებს 3-თვიანი სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ჰპირდებიან სასჯელისგან გათავისუფლებას, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებმა კი, 6 თვით უნდა იმსახურონ. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, დანაკარგების შესავსებად იძულებითი მობილიზაციის მითითება მიიღეს რუსეთის ქალაქ გორლოვკის სამხედრო კომისარიატში.