რატომ შეუყვარდა რუსეთს ჩინეთი?

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი, 2022 წ. 4 თებერვალი, პეკინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ 15 სექტემბერს უზბეკეთში შეხვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს, რომელიც, არაერთი მიპატიჟების მიუხედავად, მოსკოვში არ ჩასულა. პუტინი იმედოვნებს, რომ შეხვედრა საშუალებას მისცემს საერთაშორისო სანქციების გამო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ რუსეთს, გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც, პუტინის სიტყვებითვე, რუსეთის "რთული, მაგრამ სტაბილური და საიმედო" პარტნიორია.

  • რას ემყარება ვლადიმირ პუტინის იმედები
  • როგორ იყენებს ჩინეთი რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას
  • ჩინეთი - რუსეთსა და დასავლეთს შორის
  • ჩინეთი შუა აზიაში

რუსეთმა, უკრაინაში შეჭრით, დასავლეთის ქვეყნებთან თითქმის ყველა, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმკაცრესი სანქციები მოსკოვს აიძულებს გამოსავალი აზიის ქვეყნებთან, პირველ რიგში კი, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში ეძებოს. ჩინეთის ეკონომიკისა და ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ პუტინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ამხანაგ სი ძინპინთან ყოველ შეხვედრას. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტი, რომელიც 15-16 სექტემბერს სამარყანდში ტარდება, სწორედ ასეთ შესაძლებლობას იძლევა. მართალია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ოფიციალურად მხარს არ უჭერს რუსეთის ჯარების შეჭრას უკრაინაში, მაგრამ არც ღიად გმობს. პეკინის პოზიცია, რომ ომის მთავარი გამჩაღებელი აშშ-ია, მოსკოვს სავსებით აკმაყოფილებს.

ჩინეთი + რუსეთი = ?

ჩინეთი და აზია, როგორც კოლექტიური დასავლეთის ალტერნატივა, პუტინის რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის მნიშვნელოვანი თემაა, რაც, ბუნებრივია, საზოგადოებრივ აზრზეც ახდენს გავლენას. 6 სექტემბერს „ლევადა-ცენტრმა“ გამოაქვეყნა ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეების 88% დადებითად არის განწყობილი ჩინეთის მიმართ.

რუსეთი ცდილობს დაიყოლიოს ჩინეთი ახალი გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც მოსკოვს საშუალებას მისცემს, ციმბირში მოპოვებული ბუნებრივი აირი, ნაცვლად ევროკავშირის ქვეყნებისა, ჩინეთს მიაწოდოს. პუტინი ამტკიცებს, რომ მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, სამარყანდის შეხვედრა კი უფრო წინ წასწევს საკითხს.

"ჩვენი ჩინელი მეგობრები ძალიან რთული მომლაპარაკებლები, მაგრამ სტაბილური და სანდო პარტნიორები არიან და მათი ბაზარი უზარმაზარია", - ამბობს პუტინი, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩინეთის კეთილგანწყობის მოპოვებას, მათ შორის, ტაივანის კრიზისთან დაკავშირებით გეოპოლიტიკური პარტნიორობის შეთავაზებითაც.

ვლადიმირ პუტინი

პუტინმა სი ძინპინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით 2022 წლის ივნისში მიიწვია, თუმცა უარი მიიღო ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საბაბით. 69 წლის სი ძინპინს მართლაც არ დაუტოვებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრები 2020 წლის იანვრის შემდეგ, თუმცა, ყველა ხვდება, რომ პანდემია არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩინეთის ლიდერმა უარი თქვა მოსკოვში ჩასვლაზე.

„სი ძინპინის რუსეთში ჩასვლა უთუოდ გამოიწვევს ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან, ჩინეთის ლიდერს კი არ შეიძლება არ აღელვებდეს საკუთარი ავტორიტეტი მაშინ, როცა ფაქტობრივად კარზეა მომდგარი (16 ოქტომბერი) ჩინეთის კომუნისტური პარტიის მორიგი ყრილობა, რომელმაც პარტიისა და, შესაბამისად, ქვეყნის ლიდერის მესამე 5-წლიანი ვადით არჩევის საკითხი უნდა განიხილოს. ასეთი რამ ეწინააღმდეგება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრები უფლებამოსილების ორი ვადით არიან შეზღუდული“, - ამბობს რადიო თავისუფლების საერთაშორისო მიმომხილველი ალექსანდრე გოსტევი. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტია სრულად აკონტროლებს პოლიტიკას, ინფორმაციასა და მედიას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ჩინეთის საზოგადოება უკმაყოფილოა სი ძინპინის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციით, ეკონომიკური მაჩვენებლების დაცემითა და პანდემიასთან ბრძოლის დრაკონული მეთოდებით, რაც მოიცავს უმკაცრეს კარანტინებსა და შეზღუდვებს, სავალდებულო ტესტირებასა და ნიღბის სავალდებულო ტარებას.

ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა რიცხვებში

2022 წლის აგვისტოში ჩინეთმა მკვეთრად, 8 მლრდ დოლარამდე გაზარდა რუსეთში ექსპორტი, ძირითადად მოწყობილობების, ავტომობილებისა და ქიმიური პროდუქციის ხარჯზე. 2021 წლის აგვისტოში ჩინური პროდუქციის ექსპორტის მოცულობა 26,7%-ით ნაკლები იყო და 6,3 მლრდ დოლარს შეადგენდა - ამ მონაცემებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარი საბაჟო სამმართველო ავრცელებს.

ბოლოს ექსპორტის ასეთი მაღალი დონე დაფიქსირდა 2021 წლის დეკემბერში - 8,1 მლრდ დოლარი.

რუსეთი ჩინეთიდან ძირითადად იღებს ელექტრომექანიკურ ნაწარმს - მანქანა-დანადგარებს, ელექტრონულ ნაწარმს, სატრანსპორტო საშუალებებს; რუსეთიდან ჩინეთში კი ძირითადად ნავთობი და ქვანახშირი გადის.

ჩინეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, რუსეთიდან ჩინეთში საქონლის იმპორტმა 2022 წლის აგვისტოში 11,2 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 58%-ით მეტია გასული წლის აგვისტოსთან შედარებით (7,1 მილიარდი დოლარი) და 12%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ივლისში (10 მლრდ დოლარი).

სი ძინპინი და პუტინი

2022 წლის ივლისში რუსეთიდან ჩინეთში შეტანილი ნაწარმის ნახევარზე მეტი ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო (5,1 მლრდ დოლარი). ამასთან, მაის-ივლისში რუსეთი იყო ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი მიმწოდებელი.

ჩინეთმა ივლისში რუსეთიდან მიიღო 1,35 მლრდ დოლარის ღირებულების ქვანახშირი, რომლის იმპორტი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. ივლისში ჩინეთისთვის რუსეთიდან მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურმა 638 მლნ დოლარი შეადგინა.

რას აწვდის ჩინეთი რუსეთს სანქციების პირობებში?

ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუქვეყნებია აგვისტოში რუსეთთან ვაჭრობის დეტალები - სასაქონლო კატეგორიების ჩამონათვალი. 2022 წლის ივლისის მონაცემებით კი, რუსეთში ჩინეთის ექსპორტის დაახლოებით 36% (2,4 მილიარდი აშშ დოლარი) მოდიოდა მოწყობილობებზე, მექანიკურ დანადგარებზე, ელექტრომანქანებსა და ელექტრონაწარმზე.

კერძოდ, ივლისში ჩინეთიდან რუსეთში შეიტანეს:

  • მობილური ტელეფონები - 312,4 მლნ დოლარი (77%-ით მეტი წინა თვესთან შედარებით);
  • ბულდოზერები, ექსკავატორები, ასფალტის სატკეპნი მოწყობილობები - 172 მლნ დოლარი;
  • კომპიუტერები (მათ შორის ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები, სერვერები) - 103 მლნ დოლარი;
  • მილსადენების სარქვლები, არმატურა, ქვაბები, ავზები - 103 მლნ დოლარი;
  • ელექტროგამათბობლები - 92 მლნ დოლარი;
  • ტუმბოები - 57 მლნ დოლარი;
  • ელექტროტრანსფორმატორები - 51 მლნ დოლარი.

2022 წლის იანვარ-ივლისში ჩინური წარმოების ავტომობილების ექსპორტმა რუსეთში 749 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (3%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ხოლო სატვირთო მანქანების ექსპორტი 3,5-ჯერ გაიზარდა და 605 მლნ დოლარს მიაღწია.

2022 წლის იანვარ-აგვისტოს შედეგების მიხედვით, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 117,2 მილიარდ დოლარი შეადგინა (დაახლოებით ამდენივეა ჩინეთსა და ბრაზილიას შორის ბრუნვის დონეც), რაც 31%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2022 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ შეიძლება მიაღწიოს 170 მილიარდ დოლარს, რაც იქნება ისტორიული მაქსიმუმი.

ჩინეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ყურადღებით აკვირდება რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ-ს ადმინისტრაცია ჯერჯერობით ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ჩინეთი არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ, პრაგმატული მოსაზრებების გამო, ჩინეთი არ არის დაინტერესებული სანქციების გვერდის ავლაში. პეკინისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია შედარებით იაფი რუსული ენერგომატარებლების მიღება, მაგრამ სანქციების დარღვევის შემთხვევაში, ზარალი სარგებელზე ბევრად მეტი იქნება.

ჩინეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები 2021 წლის მონაცემებით:

  • სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (ASEAN) - (სავაჭრო ბრუნვა) 878,2 მილიარდი დოლარი;
  • ევროკავშირი - 828,1 მილიარდი დოლარი;
  • აშშ - 755,6 მილიარდი დოლარი.

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ჩინეთთან ჯამური საქონელბრუნვა დაახლოებით 1 ტრილიონ 500 მილიარდი დოლარია მაშინ, როცა რუსეთთან საქონელბრუნვა სულ რაღაც 147 მილიარდი დოლარი ანუ 10-ჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქონელბრუნვის მოცულობა, არამედ საქონლის ჩამონათვალიც, რომელიც რუსეთთან ვაჭრობის შემთხვევაში უკიდურესად მწირია. შესაბამისად, ჩინეთი არ არის დაინტერესებული დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით, რაზეც დამოკიდებულია ჩინეთის ეკონომიკის გამართული მუშაობა.

ჩინეთი "საბჭოთა შუა აზიაში"

ვიდრე 15–16 სექტემბერს სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტზე ჩავა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი აპირებს 14 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ესტუმროს ყაზახეთს. ამ გადაწყვეტილებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, თუ რამდენად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ მოსკოვსა და პეკინს. ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები და გადაწყვეტილებები აშკარად მეტყველებს მოსკოვისგან დისტანცირების მცდელობაზე. სწორედ ამ ფონზე სი ძინპინი აცხადებს, რომ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან ერთად აპირებს ხელი მოაწეროს "რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს".

სი ძინპინის სტუმრობა ყაზახეთსა და უზბეკეთში, როგორც ჩინური და დასავლური მედია წერს, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, დაადასტუროს პეკინის მზარდი ლიდერობა ევრაზიაში, განსაკუთრებით იმ ეკონომიკური და პოლიტიკური რყევების ფონზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. არა მხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის ყველა სხვა ქვეყანა, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, ცდილობს კრემლისგან დისტანცირებას, რაც ჩინეთს თავისი გავლენების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩასვლით, ჩინეთის ლიდერი ასევე ცდილობს აჩვენოს, რომ პეკინი პატივს სცემს ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სუვერენიტეტს, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც კრემლთან დაახლოებული პროპაგანდისტები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ უკრაინის შემდეგ შეიძლება მათი რიგიც დადგეს.

ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი და ვლადიმირ პუტინი

„ჩინეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს ცენტრალური აზიის ქვეყნების მისწრაფებას, განვითარდნენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად; ასევე მხარს უჭერს მათ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ეს უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება სი ძინპინმა 2022 წლის იანვარში, ყაზახეთში იანვრის მასობრივი გამოსვლების შემდეგ გააკეთა, ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც, ყაზახეთის ლიდერის გარდა, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის პრეზიდენტებიც მონაწილეობდნენ.

პოლიტიკის ექსპერტთა მტკიცებით, სწორედ პეკინის ზეწოლამ აიძულა მოსკოვი, უმოკლეს ვადებში გაეყვანა თავისი შეიარაღებული ძალები ყაზახეთიდან, სადაც ისინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მანდატით იმყოფებოდნენ.

სი ძინპინი ყაზახეთიდან მიემგზავრება უზბეკეთში, სადაც სამიტზე შეხვდება ვლადიმირ პუტინს. ჩინეთის ლიდერი ამ შეხვედრებს უთუოდ გამოიყენებს ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლი ლიდერის იმიჯის განსამტკიცებლად, რაც ასე ძალიან სჭირდება მესამე, 5-წლიანი ვადით არჩევის წინ.