რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის მოქალაქე ტიფანი ლუკასი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, „სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების“ გამო. ამის შესახებ ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
მისი სიტყვებით, ლუკასი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთ პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, რუსეთის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხორციელდებოდა.
- FAO გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევას უდგას სათავეში.
პროგრამის მიზანი აფხაზური ვაზის ჯიშების განვითარება იყო. არძინბა ირწმუნება, რომ ლუკასი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული. ის ადრე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ასევე მსახურობდა საფრანგეთის სამხედრო ატაშედ თბილისში.
არძინბას განცხადებით, ლუკასის ქმედება აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილება.
„ამასთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება: აკრძალოს ამ პროექტის განხორციელება გაერთიანებულ რუსულ ბაზასთან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა“, - განაცხადა მან.
არძინბას ინფორმაციით, ლუკასმა აფხაზეთის ტერიტორია უკვე დატოვა. მანვე დაამატა, რომ „აფხაზეთში მომუშავე“ საერთაშორისო ორგანიზაციები მის „სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს არ აღიარებენ“.
„ჩვენ მათ ვუჩვენებთ, რა არის აფხაზეთის სახელმწიფო“, - განაცხადა მან.
მიმართვაში არძინბამ თქვა, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.
რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ წარმომადგენლობაში ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
რადიო თავისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარისთვის საფრანგეთი საელჩოსაც მიმართა, საიდანაც ელჩის დიეგოს კოლასის წერიბითი პასუხოი მივიღეთ:
"მოვლენების განვითარებასთან მავანის მიერ გავრცელებული ზოგი ინფორმაცია არასწორია. ხსენებული პიროვნება საფრანგეთის საელჩოში რამდენიმე წლის წინათ მუშაობდა კოოპერაციის ატაშის თანამდებობაზე, ვიტყოდი, რომ საქმეს ძალიან კარგად ასრულებდა. ამ დავალებამდე ის, ძალიან ახალგაზრდა სტუდენტი, მცირე ხნით პრაქტიკანტი/ინტერნი იყო თავდაცვის ატაშეს ოფისში, სადაც მას ძალიან დაბალი ხარისხის პასუხისმგებლობა ებარა, რაც ნორმალურია ნებისმიერი ახალგაზრდა პრაქტიკანტისათვის. მე შემიძლია მხოლოდ დავგმო ყალბი ამბების გავრცელება, ტრიუკები თავის გამოსაჩენად და ნებისმიერი სახის უპასუხისმგებლო საქციელი, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც ისედაც უკვე ბევრი კონფლიქტია", - ნათქვამია პასუხში.
ინალ არძინბამ მაისში საერთაშორისო ორგანიზაციის, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი დახურა, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით. უწყებაში აცხადებდნენ, რომ "უშიშროების სამსახურმა" გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებდნენ პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის შეუსაბამობას.
ასევე ნახეთ დე ფაქტო საგარეო უწყებამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტიარძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.