მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და ქალაქ კოპლინოს 18 ოლქის მუნიციპალურმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ პუტინის ნაბიჯებს "ზიანი მოაქვს რუსეთის მომავლისთვის და მისი მოქალაქეებისთვის".
სანკტ-პეტერბურგის სემიონოვსკის მუნიციპალური ტერიტორიის წარმომადგენელმა, კანონმდებელმა ქსენია ტორტსტრემმა 12 სექტემბერს ტვიტერით დაწერა, რომ პეტიციას ამჟამად ხელს აწერს 20-მდე კანონმდებელი და რომ ის განაგრძობს ხელმოწერების შეგროვებას.
კრიტიკის იმპულსებს პუტინი მკაცრად ახშობს მას მერე, რაც თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, თუმცა წინააღმდეგობის ნიშნები მაინც იკვეთება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოებულ კონტრშეტევაში წარმატება აქვს.
გასულ კვირაში პუტინის მშობლიური ქალაქის, სანკტ-პეტერბურგის სმოლნის მუნიციპალური ტერიტორიის კანონმდებლებმა მიიღეს ტექსტი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროსთვის, მოთხოვნით, რომ პუტინს წაეყენოს სამშობლოს ღალატის ბრალდება. ამ კანონმდებელთა თქმით, პუტინის გადაწყვეტილებამ, ომი დაეწყო უკრაინის წინააღმდეგ, ზიანი მოუტანა რუსეთის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.