„ბევრ კითხვას სვამ“ – BMG-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ მთავრობის სხდომის გასაშუქებლად არ დაუშვეს

Business Media Georgia(BMG)-ს ჟურნალისტი თელარა გელანტია ამბობს, რომ 12 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ის „მთავრობის სხდომის გასაშუქებლად“ არ დაუშვა.

როგორც ჟურნალისტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, პრესსამსახურის თანამშრომელმა მას განუმარტა, რომ „ბევრ კითხვას სვამს“ და „სხვა კოლეგებს აწუხებს“.

თელარა გელანტია გამოთქვამს ვარაუდს, რომ მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს 9 სექტემბერს მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც ის ჰყვება, რომ უკვე ორი წელია, უწყება არღვევს კანონს და არ აქვეყნებს მთავრობის განკარგულებებს.

ბოლოს განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე 2020 წლის სექტემბერში აიტვირთა, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის რეგლამენტი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, რომ მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არაუგვიანეს სამი დღისა აიტვირთოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.

„არ ვიცი, რა ვთქვა - საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს! მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს... გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ“, - წერს თელარა გელანტია სოციალურ ქსელში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, BMG-ის ჟურნალისტსა და პროდიუსერს განემარტა, თუ რატომ არ დაუშვეს თელარა გელანტია 12 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაოდ.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ განცხადებით ეხმაურება BMG-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

„ქარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია:

„ჟურნალისტის მოვალეობაა კითხვების დასმა, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვწონს ეს კითხვები თუ არა. მნიშვნელოვანია, დაისვას კრიტიკული კითხვები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მთავრობის სხდომას, სადაც განიხილება ისეთი საკითხები, რომლებიც საზოგადოების ინტერესის საგანია. იმის გამო, რომ თურმე ჟურნალისტი ბევრ კითხვას სვამს, მას აყენებენ არათანაბარ მდგომარეობაში. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ ჟურნალისტი მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც მან მოამზადა და ეხებოდა მთავრობის განკარგულებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იმის გამო, რომ არ მოსწონთ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც კონკრეტული პირი ამზადებს ან სვამს ბევრ კითხვას, ან არ სურთ, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ გააშუქოს ესა თუ ის საკითხი, შეხვედრებზე არ უშვებენ ჟურნალისტებს“.

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების მიმართ ამგვარ მიდგომას, ფაქტობრივად, სისტემური ხასიათი მიეცა.