წელს დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკური პროგრესი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია:

„პანდემიის შემდეგ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,4 %-ით. და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,3%. ასევე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტი წელს დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მილიარდი ლარი. ასევე პროგნოზირებული იყო საქონლის ექსპორტის ზრდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენა 2019 წელთან შედარებით 70%-ის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ჩვენ შეგვექმნა ახალი რისკები, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ მთელ ევროპას. ჩვენ, ბუნებრივია, გვქონდა მსჯელობა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია, დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი ყოფილიყო ქვეყანაში. ისე, როგორც ყველგან ხდება“.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია ძირითადად ორი მიზნის მიღწევაზე - ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის შემცირებაზე:

„წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს. ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პოზიტიური დინამიკა“ გაგრძელდება, რაც, მისი სიტყვებით, განპირობებულია „სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ“.