ზელენსკიმ CNN-ს უთხრა, რომ ახლა არ არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 9 სექტემბერი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ ახლა არ არის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზად.

მოლაპარაკების საკითხი კრემლსაც არ წამოუყენებია საჯაროდ.

ზელენსკის თანახმად, უკრაინა მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, სანამ ომი გრძელდება. „ისინი კონფლიქტის გაყინვის, შეთანხმებების, მოლაპარაკებების გზას დაადგებიან, მოძლიერდებიან და კვლავ დაიწყებენ წინსვლას. ესაა მათი სტრატეგია, ნაბიჯ-ნაბიჯ და ძალიან ნელა, ნაწილ-ნაწილ შეგვსანსლონ. ამ თამაშს ვერ ავყვები“, - თქვა ზელენსკიმ.

რუსულ მხარეს არ აქვს სურვილი, იყოს კონსტრუქციული, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი, ხოლო მათთან ლაპარაკს, ვინც ულტიმატუმებს აყენებს, არ აპირებს. ზელენსკის თქმით, მოსკოვთან შეთანხმება შეიძლება მხოლოდ მაშინ დაიდოს, როცა გათავისუფლებული იქნება უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორია.

„რუსეთს მაინც აქვს ჩვენთან საზღვარი, მაინც ჩვენი მეზობელია უზარმაზარი მოსახლეობით. ისე რომ, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის შემდეგ მოგვიწევს მათთან, როგორც მეზობლებთან ერთად ცხოვრება“, - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობის თემაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ თებერვალსა და მარტში ბელარუსსა და სტამბოლში შეხვედრების დროს უკრაინის დელეგაცია მზად იყო ზავის შესახებ მოლაპარაკებისთვის, თუ რუსეთი თავის ჯარს გაიყვანდა 23 თებერვლამდე პოზიციებზე.

„მაშინ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ ახლა მათ არაერთხელ გადალახეს ზღვარი, საიდანაც უკან დაბრუნება არ მოხდება და ასეთი ვარიანტი შეუძლებელია“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ახლა ასეთია: რუსეთის ჯარების სრულ გაყვანამდე, ყირიმის ჩათვლით, არავითარი მოლაპარაკება არ მოხდება.

CNN-თან ზელენსკის ინტერვიუ გამოქვეყნდა ხარკოვის ოლქში უკრაინის ჯარების წარმატების ფონზე. სექტემბერში რამდენიმე დღეში მათ მოახერხეს გაეთავისუფლებინათ იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთის არმიას თვეების მანძილზე ჰქონდა დაკავებული და დონეცკის ოლქში თავდასხმებისთვის იყენებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკან დახევას ჯარების „გადაჯგუფებას“ უწოდებს.

ამავე დროს რუსეთის ხელში რჩება დიდი ტერიტორია, მათ შორის 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, დონეცკის და ხარკოვის ოლქების ნაწილები.