ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის არმიის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.
ცენტრის ექსპერტთა თანახმად, უკრაინის არმიის სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის ოლქის თითქმის მთლიანად დაბრუნება რუსეთისთვის დიდი ოპერატიული მარცხია. ISW-ს შეფასებით, უკრაინის წარმატება კარგად დაგეგმვის, განხორციელების და დასავლური შეიარაღების, მათ შორის ამერიკული სარაკეტო სისტემების(HIMARS) კარგად გამოყენების შედეგია.
ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ რუსეთის შეცდომაში შესაყვანად, კიევი დიდხანს, საჯაროდ განიხილავდა და შემდეგ გამოაცხადა კიდეც კონტრშეტევა ხერსონის ოლქზე, რის გამოც, რუსეთის ჯარებმა სხვა სექტორებიდან ყურადღება ხერსონისკენ გადაიტანეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, სწრაფი კონტრშეტევა დაიწყეს ხარკოვის ოლქის მიმართულებით.
ამასთან, როგორც ISW აღნიშნავს, უკრაინის არმიის ამჟამინდელი კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს და ის, სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებითვე, უკრაინამ შეძლო ომის მსვლელობის თავის სასარგებლოდ გარდატეხა და როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ძირითადი საბრძოლო მოქმედებების ადგილს და ხასიათს, რუსეთის რეაქცია კი, სულ უფრო ხშირად იქნება არაადეკვატური, თუ ინიციატივის დაბრუნების რაიმე საშუალებას არ გამოძებნის.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი: მტერი განდევნილია კიდევ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდანუკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში. 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".