უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გრძელდება რუსი სამხედროებისგან ხარკოვის და დონეცკის ოლქების დასახლებული პუნქტების გათავისუფლება. დღეს დილით, გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში მტერი განდევნილია 20-ზე მეტი პუნქტიდან.
ამასთან, უკრაინის არმიის სარდლობა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ახდენს ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად, დროებით მიტაცებული რაიონების შესანარჩუნებლად და სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი სამხედროების შეტევის ჩასაშლელად. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 18 სარაკეტო და 39 საავიაციო დარტყმა.
გენერალური შტაბის ცნობითვე, უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ შეტევას ხერსონის მიმართულებითაც, სადაც რუსეთის საზღვაო ქვეითთა 810-ე ბრიგადამ უკვე დაკარგა პირადი შემადგენლობის თითქმის 85%.
ასევე ნახეთ უკრაინის თავდაცვის მინისტრი: კონტრშეტევა ადასტურებს, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელიაუკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში. 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".