უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხარკოვის ოლქში შეტევას ავითარებენ, ქალაქ იზიუმში შევიდნენ. ოფიციალურად ქალაქის აღების შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, კვირას გამოჩნდა ახალი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ქალაქში უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რადიო თავისუფლებამ ერთ-ერთი ვიდეოს გეოლოკაცია მოახერხა. ქალაქი იზიუმი მარტის შემდეგ რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.
კადრები გადაღებულია ჩუმაცკის ქუჩაზე, სვიატო-ვოზნესენკის საკათედრო ტაძრის მახლობლად, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. ვიდეოში ასევე ჩანს რუსეთის ჯარის მიერ დატოვებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.
რუსეთის ჯარების მიერ იზიუმიდან უკანდახევის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინა დღით გავრცელდა და გავრცელდა პირველი კადრები, სადაც, როგორ ჩანდა, უკრაინელი სამხედროები ქალაქის მისადგომებში იმყოფებოდნენ. შაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ორი რეგიონიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა, თქვა, რომ მოხდება „ჯარების გადაჯგუფება ბალაკლიასა და იზიუმის რაიონებიდან დონეცკის რეგიონში““. კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნების მისაღწევად", რომელიც მოითხოვს "ძალისხმევის გაზრდას დონეცკის მიმართულებით".
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა "კარგი გადაწყვეტილება" მიიღეს, რომ გაიქცნენ. ზელენსკიმ 10 სექტემბერს გამოაცადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 2 ათასი კვადრატული კილომეტრი.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებაში კი ნათქვამია, რომ უკრაინულმა არმიამ შეაღწია რუსეთის არმიის დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაათავისუფლა 3 ათასი კვადრატული კილომეტრი.
ხარკოვის რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა, ვიტალი გრაჩოვმა, იმ რაიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც იქამდე მათი კონტროლის ქვეშ იყო, ევაკუაციისკენ მოუწოდა.