რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები უსაფრთხოების მიზნით „სრულად გაჩერდა“. ამის შესახებ 11 სექტემბერს განაცხადა „ენერჰოატომმა“, უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ, რომელსაც სადგურის მართვა ევალება. სააგენტოს განცხადებით, სადგურის ერთადერთი რეაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ ოპერირებდა, დილით გათიშეს ელექტროქსლიდან და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის „ცივ მდგომარეობაში“ გადასაყვანად.
7 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ მოუწოდა ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია დაეტოვებინათ. ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე ბრძოლებმა გააჩინა პოტენციური ატომური კატასტროფის შიში. რუსეთმა უკრაინას ბრალი დასდო სადგურის ძალის გამოყენებით დაბრუნების მცდელობაში. უკრაინა ამ ბრალდებებს უარყოფს და, თავის მხრივ ადანაშაულებს რუსეთს, რომ ის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღებას ათავსებს, იცის რა, რომ უკრაინა მათ ვერ ესვრის. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა, ამავე დროს, უარს აცხადებს ტერიტორიის დემილიტარიზაციაზე.