უკრაინის ხერსონის ოლქში, ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვთან დაკავშირებული გასამხედროებული ფორმირებების 1300-მდე მებრძოლი ჩავიდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების გაძლიერების მიზნით. ამის შესახებ ნათქვამი იყო უკრაინის გენშტაბის ცნობაში 10 სექტემბერს, დილით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები ახლა აგრძელებენ ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის ოლქის სრულად დაპყრობასა და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ადრე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე.
სულ უფრო მეტი მტკიცებულება ვრცელდება უკრაინის არმიის წარმატებული შეტევის შესახებ ხერსონის ოლქში, რომელიც უკანასკნელ ხანს საკვანძო ბრძოლების ცენტრი გახდა და რომელიც რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული, თებერვალში მათი ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მალევე.
ჩეჩნეთში ჩამოყალიბებული "კადიროველთა" რაზმები, ფაქტობრივად, რეგიონული არმიის ფუნქციას ასრულებენ. მათ მებრძოლებს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში.
უკრაინა რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებს მთავარი კონტრშეტევის შესახებ სამხრეთში, ხერსონის გარშემო.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, 9 სექტემბერს, პრაღაში ვიზიტისას, განაცხადა, რომ ხერსონში ახლა ჩანს უკრაინელების წარმატებები. პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვთან ახლოს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 9 სექტემბერს, ღამის მიმართვაში, ასევე აღნიშნა ეროვნული არმიის წარმატებები და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კვირაში დაწყებული შეტევის შედეგად ხარკოვის ოლქში გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე.
უფრო ადრე ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 სექტემბერს მოხდა ქვეყნის ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება.
კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტების შეკითხვაზე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ, კერძოდ, ბალაკლეის რაიონში ხარკოვთან, თქვა, რომ კომენტარისთვის თავდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.