როგორ გახდა კვარაცხელია კვარადონა და კვარავაჯო და მე - კვაროლოგი

ნაპოლი VS მონცა

სპორტი არ მიყვარს. მიზეზი პირადულია, მოდით, ასე ვიტყვი, საფუძვლად ერთგვარი ეჭვიანობა უდევს. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, გვერდს ვუვლი ყველა სპორტსმენს, სპორტულ ამბავს თუ ღონისძიებას. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ისეთი რამ ჩავიდინე, რისი ახსნაც ბოლომდე მაინც ვერ შევძელი.

მოკლედ, გვიანია. თერთმეტს გადასცა. ეს ის დროა, როცა ტელევიზორის წინ, სავარძელში მიმჯდარს, ტელეფონით ხელში, ყველაზე გემრიელად გთვლემს და უცებ ამ შენს გემრიელ თვლემას არღვევს ღრიალი - რაღაც მომენტში ვაცნობიერებ, რომ ხმა გარედან შემოდის, ძილ-ბურანში ვიწყებ სიტყვების გარჩევასაც - უუუხ, შენ გენაცვააალე! აეგრეეეე! რა ქნა, ბიჭოო!..

აჩქარებულ პულსს ვიმშვიდებ, - აა, მგონი, ისევ ის ბიჭი თამაშობს (ამ ბოლო დროს ხშირად გადაუვლის ხოლმე მსგავსი აღტკინებული ტალღა ღამის უბანს), ვლუღლუღებ და ძილს კი არ ვიბრუნებ, არა, ვახელ ცალ თვალს და ამ ცალი თვალით და დაბუჟებული ხელით, ვიწყებ ტელევიზორის პულტის ძებნას. ვრთავ პირველ არხზე, სადაც როგორც ვიცი, ფეხბურთს უჩვენებენ ხოლმე, მაგრამ ცხვირზე მორყეული სათვალის დახმარებით ვარჩევ, რომ ფილმი გადის რაღაც, ფეხბურთი ნამდვილად არაა. არადა, ვხვდები, აშკარად ის ბიჭი თამაშობს, მაგრამ მატჩს ტელევიზიით არ უჩვენებენ.

და რას ვაკეთებ? არ ვნებდები. ფეისბუკში შევდივარ. გახსნილი არ მაქვს სოციალური ქსელი, ეგრევე მიხტება ფრენდების სტატუსები: „ეს რა იყოო“, „ეს გოლზე უკეთესი იყო!“, „რა ასისტი გაუკეთა, ხალხო“. და გგონიათ აქ ვასრულებ? არა! არც მეტი არც ნაკლები, Google-ს ვხსნი და ვწერ სიტყვებს assist football definition (ასისტის, ანუ დახმარების განმარტება ფეხბურთში). დაახლოებით კი ვხვდები, რაც ქნა, მაგრამ მაინც, ჟურნალისტური ჩვევა - ფაქტის გადამოწმება. წადი რა დაიძინე, დილით ასადგომი ხარ, რა დროს „ასისტია“, მაგრამ არა.

მოკლედ, ის მატჩი „ნაპოლი“ – „ლივერპული“, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება (ყველაფერი მოვიძიე) აღმოჩნდა და საბოლოოდ 4:1, ხვიჩა კვარაცხელიას, იგივე კვარას, იგივე კვარადონას, იგივე კვარავაჯოს, 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდის, „ნაპოლის“ გამარჯვებით დასრულდა.

ნაპოლი VS ლივერპული, 6 სექტემბერი

ისე, ჩემს Google-აობას ვინ ჩივის, ამ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, 6 სექტემბერს, პარლამენტის დარბაზში, საშემოდგომო სესიის გახსნაზე, დეპუტატებმა სულ ერთმანეთი ამუნათეს ხმამაღლა და ბოხი ხმით, ვინ არის კვარაცხელიას ნამდვილი ქომაგი და ვინ ვითომ ქომაგი, ვინ იყენებს მის სახელს „ქულების ჩასაწერად“ და ვის შურს მისი, ვინ არჩევს ერთმანეთისგან ფეხბურთს, კალათბურსა და წყალბურთს და ვინ ვერ, ვის აღიზიანებს ქართველი სპორტსმენის წარმატება და ვის არა და ა.შ.

„საპარლამენტო დებატები“ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გარშემო, ეს მაინც რაღაც ახალი იყო, თორემ, სოციალურ ქსელში მიმდინარე პირდაპირ თუ ირიბ დაპირისპირებებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო, ამას კი ვადევნებთ თვალს უკვე კაი ხანია - ერთი მხრივ, მისი ფანები ხმაურობენ, შეგვარგეთ ზეიმიო, მეორე მხრივ, ამ ხმაურით შეწუხებულები პოსტავენ - გავიგეთ, ბატონო, არ არის საჭირო ეს უსასრულო აჟიტირებაო.

აქვე ჩნდება კიდევ ერთი ფრთაც, რომელიც გულდაწყვეტილი იხსენებს ამ ზაფხულს, ნეაპოლში, ხვიჩა კვარცხელიას ოფიციალური წარდგენის დღეს გამართულ პრესკონფერენციას და მის პასუხს ჟურნალისტის კითხვაზე რუსეთის დატოვებისა და უკრაინის ომის შესახებ: "ეს ცოტა რთული საკითხია, უფრო პოლიტიკური შეკითხვაა. იმიტომ დავტოვე რუსეთი, რომ საჭიროება მოითხოვდა და წავედი საქართველოში. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე"...

ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, 21 წლის მარცხენა გარემარბმა, 1,83 სმ-მა და 70 კგ-მა ხვიჩა კვარაცხელიამ, ბოლო ერთი თვეა, არა მარტო საქართველო, არამედ იტალია და ზოგადად, საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

როგორ აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში - ცნობები მოკლედ

ის თბილისში, 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა. ფეხბურთში ვარჯიში ადრეულ ასაკშივე დაიწყო. 2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. 2017 წელს, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი „რუსთავში“ გადავიდა.

2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ მიდის. რამდენიმე თვეში კი ხელს აწერს ხუთწლიან კონტრაქტს ყაზანის „რუბინთან“.

მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წელს შედგა. 2020 წელს ის საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კვარაცხელიას ეროვნული გუნდის მაისურით 17 შეხვედრაში რვა გოლი აქვს გატანილი.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის არმიის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 7 მარტს, ფიფამ განაცხადა, რომ რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კლუბებთან დადებული ხელშეკრულებები. უკვე 21 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ყაზანი დატოვა. 24 მარტს კი ყაზანის „რუბინმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეწყდა. ერთი დღით ადრე, 23 მარტს, ბათუმის „დინამომ“ ფეისბუკ-გვერდით გაავრცელა ცნობა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მათი კლუბის მოთამაშე გახდა.

ბათუმის „დინამოში“ ხვიჩამ სამი თვე გაატარა. 2022 წლის პირველი ივლისიდან კი ის იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ცნობით, კლუბმა 21 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იტალიელებს მისი შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მთავარი ამბავი კი ზუსტად 25 დღის წინ, 15 აგვისტოს დაიწყო, როცა მარცხენა ფრთის თავდამსხმელმა, პირველად მოირგო ნეაპოლური კლუბის მაისური და „ვერონას“ კარში ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი თანაგუნდელს საგოლე პასიც გადასცა. სწორედ ამ ღამეს გადაუარა კვარაცხელიას პირველმა ტალღამ საქართველოს და როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ საქართველოს.

როგორ დახვდა იტალია კვარაცხელიას?

სალომე ხარატიშვილი სპორტული ჟურნალისტია. ის 10 წელია იტალიაში, რომში ცხოვრობს, სპორტულ სიახლეებს გაზეთ „ლელოსთვის“ წერს. აკრედიტებული ჟურნალისტის სტატუსით, ინტენსიურად ესწრება საფეხბურთო მატჩებს როგორც რომის „ოლიმპიკოს“ სტადიონზე, ისე სხვა ქალაქების სტადიონებზე.

სალომეს ზუსტად ახსოვს ყველა ის დეტალი, იტალიელების პირველი ემოციები თუ რეაქცია, რაც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის გამოჩენას მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ეს რეაქციები სულაც არ იყო ერთმნიშვნელოვნად დადებითი:

სალომე ხარატიშვილი

„10 წლის განმავლობაში ველოდები ქართველი ფეხბურთელის გამოჩენას სერია A-ში. ელიოზი რომ ეძებს ნატვრის თვალს, აი ასე ველოდებოდი და ვეძებდი. აქ, არავის სჯეროდა, რომ ეს ოცნება ამიხდებოდა, რადგან ქართული ფეხბურთი იტალიაში არ მიიჩნევა მაღალი რანგის ფეხბურთად. თვლიან, რომ ქართველ ფეხბურთელს ვერ ექნება ტექნიკა, ვერ ექნება გამძლეობა, სირბილის ხარისხი და ვერ გაძლებს იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში. აქედან გამომდინარე, როდესაც ჯერ კიდევ აპრილში, საუბარი დაიწყო კვარაცხელიას სერია A-ში თამაშზე, ჩემი იტალიელი კოლეგების მზერიდანაც შეიძლებოდა მიხვედრა, რომ ამას სრულიად წარმოუდგენლად მიიჩნევდნენ. ივლისის დასაწყისში, როდესაც უკვე დადასტურდა, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ გუნდის წევრი გახდა, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ ამ ცნობას მოჰყვა ბულინგის შემცველი ფრაზებიც კი - „ვინ არის?“, „გვარი როგორ წარმოითქმის?“ „ამის გვარს რა გამოთქვამს?“ და ა.შ. ეს რეაქციები მოდიოდა როგორც „ნაპოლის“ გულშემატკივრებისგან, ისე ჩემი კოლეგებისგან. ვარაუდობდნენ, რომ მაქსიმუმ ნახევარ სეზონს თუ გასწვდებოდა მისი შესაძლებლობები, რომ 10 გოლზე მეტს ვერ გაიტანდა სეზონში და ა.შ.“

თუმცა, იტალიელების ეს სკეპტიციზმი, ხვიჩა კვარაცხელიამ 15 აგვისტოს დებიუტის შემდეგ თავდაყირა დააყენა:

„იმ დღეს ყველას ინტერესი სწორედ კვარაცხელიას მიმართ იყო - ნამდვილად ისეთია, როგორადაც წარმოგვიჩენენ? და მოხდა ის, რაც მოხდა. ხვიჩამ იმ თამაშში ყველაფერი გააკეთა, გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე პასი. მან პირველივე დღეს დაარწმუნა გულშემატკივარი თავის შესაძლებლობებში. გატანილი გოლის შემდეგ, სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს კი ლოყის ქვეშ ამოდებული ხელებით ანიშნა, თქვენ შეგიძლიათ დაიძინოთ, აქ ყველაფერი ჩემზეაო. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, 10 წელია იტალიურ ფეხბურთში ვარ, შეიძლება ითქვას, რომ „ოლიმპიკოზე“ გავიზარდე. ყოველთვის მაგრძნობინებდნენ, რომ მე ვიყავი სადღაც საქართველოდან, სპორტული ჟურნალისტი. ხვიჩას გამოჩენის შემდეგ, კოლეგების მხრიდან ჩემს მიმართაც კი შეიცვალა დამოკიდებულება, თითქოს მათ თვალში მნიშვნელოვანი გავხდი, მთხოვენ ინტერვიუებს“.

ვერონა VS ნაპოლი, 15 აგვისტო

იტალიის ჩემპიონატში 21 წლის ფეხბურთელმა უკვე ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და ანგარიშზე ჩაიწერა ერთი საგოლე გადაცემაც. თუმცა, სალომე ხარატიშვილი თვლის, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნამდვილი გამოცდა მაინც ჩემპიონთა ლიგაზე, "ლივერპულთან" დაპირისპირებისას ჩააბარა. ამ თამაშს სალომე ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. თვალს ადევნება ხვიჩას ფანებსაც:

ხვიჩა კვარაცხელიას ფანები მარადონას სახელობის სტადიონთან, ნეაპოლი, "ლივერპული" - "ნაპოლის" მატჩის წინ, 6 სექტემბერი, 2022

„ლივერპულთან თამაშისას აკრედიტირებული ჟურნალისტი ვიყავი, გვერდით მეჯდა რამდენიმე იტალიელი ჟურნალისტი, რომლებმაც მითხრეს, ახლა კვარა ჩვენიაო. მესმოდა ფრაზები, ამ ბიჭს მარადონას სული ჩაუსახლდაო. სანამ სტადიონზე შეხვალ, გარშემო დახლებია გაშლილი, იყიდება მაისურები, კაშნეები, საფეხბურთო ატრიბუტიკა. მარადონას გვერდით, რომელიც „ნაპოლის“ ვარსკვლავი იყო 80-იან წლებში, კვარაცხელიას გვარი გამოჩნდა. ბავშვები, მოზარდები, კვარაცხელიას მაისურებით იყვნენ მოსულები. ეს უკვე ნიშნავს, რომ კვარაცხელია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და ფეხბურთელია. დღეს „ნაპოლის“ გულშემატკივარს უკვე დიდი მოლოდინი აქვს, რომ მათი გუნდი შეძლებს წელს ან სერია A-ს ან ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ეს მოლოდინები მათ სწორედ ხვიჩას თამაშმა გაუჩინა. თითქოს ერთბაშად მოაჯადოვა გულშემატკივარი მისმა ქარიზმამ. რასაც დავაკვირდი, ხვიჩა ძალიან ძლიერია მენტალურად. მინდორზე გამოკვეთილი ლიდერია. ერთი შეხედვით, არ მოგხვდება თვალში მისი ლიდერობა, თითქოს ფარდის უკან დგას და ისე აკონტროლებს სიტუაციას... ახლა მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად წარმართავს ამ პერიოდს. იქნება აღმავლობა, იქნება მინი-ჩავარდნებიც, რაც ლოგიკურია და ხვიჩას ამისთვის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური მზადყოფნა უნდა ჰქონდეს, რომ გაუძლოს“.

სალომეს საშუალება ჰქონდა დასწრებოდა იმ პრესკონფერენციებსაც, რომლებიც „ნაპოლიმ“ მატჩების შემდეგ გამართა. აი, რას დააკვირდა ის:

„ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ლუჩანო სპალეტი, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, გიჟდება კვარაზე. მქონდა არაერთი შესაძლებლობა, რომ მისთვის ხვიჩას შესახებ კითხვა დამესვა. როგორც კი მის სახელსა და გვარს ვახსენებდი, მაშინვე თვალები უნათდებოდა. მოსწონს ხვიჩა, როგორც პიროვნება, როგორც პროფესიონალი. როცა პირველი თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვკითხე, ელოდით ხვიჩასგან გოლს და საგოლე პასს-მეთქი, მიპასუხა, სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ ჩვენთანო. მომდევნო პრესკონფერენციაზე მიპასუხა, რომ კიდევ უფრო მეტის მოლოდინი აქვს მისგან“.

მაისურები ხვიჩა კვარაცხელიასა და მარადონას სახელებით ნეაპოლში, სტადიონთან.

სალომე თვლის, რომ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობაში, გარდა მისი წარმატებული დებიუტისა და შემდგომი ასევე წარმატებული თამაშებისა, დიდი როლი შეასრულა საქართველოდან წამოსულმა მხარდაჭერამაც:

„15 წამის დადებული არ არის ხოლმე მისი ფოტო კლუბის ოფიციალურ გვერდზე და ათასობით მოწონება და კომენტარი აქვს. ქართულმა მხარდაჭერამ ბიძგი მისცა იტალიელებსაც, რომ აჰყოლოდნენ ამ ტალღას. თუნდაც ის სკეპტიკოსები, თუნდაც თავდაპირველი ირონია, ყველაფერი ერთიანად გადაიზარდა საერთო ინტერესსა და სიყვარულში“.

საინტერესოა ისიც, რომ ხვიჩას უმცროსი ძმაც, რომელიც ჯერ 12 წლისაა, ფეხბურთელია. სალომე ხარატიშვილის ინფორმაციით, „ნაპოლი“ მასაც ყურადღებით აკვირდება:

„ეს ლოგიკურიცაა. როგორც მაგალითად, ფილიპო და სიმონე ინძაგები, ძმები, ერთიც ტალანტი იყო, მეორეც, ორივემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა ფეხბურთი და დღეს მწვრთნელები არიან. შესაბამისად, იტალიას არ უკვირს ორი ძლიერი ფეხბურთელი ერთი ოჯახიდან და რატომაც არა“.

კვარადონა, კვარავაჯო... როცა კვარაცხელია რთული წარმოსათქმელია

სპორტულ ჟურნალისტს, ლაშა გოდუაძეს, არ უკვირს ის აღფრთოვანება და სიხარული, რაც ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშებს მოსდევს გინდ საქართველოში და გინდ იტალიაში. ამას ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მეუბნება ის.

გულშემატკივარი წლები ელოდა იმ დონის მოთამაშის გამოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა - ამბობს ლაშა გოდუაძე:

ლაშა გოდუაძე

„კარგად მახსოვს და ვიცი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის ფეხბურთი. ის იმედი, რა იმედითაც დღეს ჩვენ ხვიჩას შევყურებთ, სულ რამდენიმე ფეხბურთელისგან გვქონდა. ეს იყო გიორგი ქინქლაძე, როდესაც „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა „დინამოდან“, შემდეგ იყო შოთა არველაძე, რომელიც „აიაქსში“ გადავიდა „ტრაბზონიდან“ და ბოლოს კალაძე, „მილანში". მას შემდეგ ასეთი მაღალი დონის კლუბებში ქართველ ფეხბურთელებს აღარ უთამაშიათ. თან დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ სერია A-ზე, იტალიის ჩემპიონატზე. დღეს „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ ლიდერია და ჩემპიონთა ლიგაში მოუგო შარშანდელ ფინალისტს, „ლივერპულს“. რაც მთავარია, ხვიჩა არის მთელი ამ წარმატებების ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი, გნებავთ გოლებით, გნებავთ საგოლე პასებით და ზოგადად თამაშზე გავლენით“.

ლაშა პირველივე დღიდან ადევნებს თვალს იტალიის სპორტულ გამოცემებში ხვიჩა კვარცხელიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს, შეფასებებს და ამბობს, რომ რეალობა მოლოდინსაც კი აჭარბებს:

„იტალიის სამი პოპულარული გაზეთი, „გაძეტა დელო სპორტი“, „კორიერე დელო სპორტი“ და „ტუტო სპორტი“ - ყველა ეს გამოცემა კვარაზე წერს. „ტუტო სპორტი“ ტურინული გაზეთია, რომელიც უფრო ხშირად ტურინის „იუვენტუსს“ აქცევს ყურადღებას, მაგრამ ამ გამოცემაშიც კი ძალიან დადებითი წერილები იბეჭდება ხვიჩაზე. „გაძეტა დელო სპორტის“ და „კორიერეს“ პირველ გვერდებზე კი უკვე რამდენჯერმე მოხვდა ხვიჩა. ხვიჩას პრესის დიდი გამოხმაურება აქვს იმიტომაც, რომ ის ევროპული საზომებით ძალიან იაფად არის შეძენილი. მასში „ნაპოლიმ“ მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ ფასად, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელის შეძენა. ამიტომ პრესის მხრიდან განსაკუთრებულ ქებას იმსახურებენ „ნაპოლის“ სელექციის განყოფილების წარმომადგენლებიც, რადგან მათ მარგალიტი იპოვეს. ასეც მოიხსენიებენ ხვიჩას, ვარსკვლავი, სუპერ ვარსკვლავი, ფენომენი“.

და რაც მთავარია, კვარადონა და კვარავაჯო.

ახლა უკვე რთულია გაარკვიო, პირველად ვინ უწოდა კვარაცხელიას კვარადონა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ე.წ. მეტსახელი, ხვიჩა კვარაცხელიას თან სდევს. სალომე ხარატიშვილი ფიქრობს, რომ კვარაცხელიასა და მარადონას სინთეზი, შესაძლოა, საქართველოდან მოდიოდეს და აი რატომ:

„იტალიელები ხვიჩას ასე უცებ კვარადონას არ დაარქმევდნენ. მათთვის მარადონა ლამის ღმერთია. ამიტომ ვინმე რომ მარადონასთან დააკავშირონ, მაშინ მან რაღაც სასწაული უნდა ჩაიდინოს. შესაბამისად, მგონია, რომ ამ ფსევდონიმის იდეა ქართველებისგან მოდის, რაც შემდგომ აიტაცეს იტალიელებმაც. გარდა კვარადონასი, ხვიჩას კვარავაჯოდაც მოიხსენიებენ, გააიგივეს გენიალურ კარავაჯოსთან. ეს ტერმინი კი ნამდვილად იტალიელებს ეკუთვნით. თვლიან, რომ მას კარავაჯოს ნამუშევრებივით დახვეწილი სათამაშო მანერა, დრიბლინგი და ფინტები აქვს“.

ლაშა გოდუაძე კი ამბობს:

„მარადონა „ნაპოლის“ ლეგენდაა 80-იანი წლებიდან. „ნაპოლის“ მთავარი წარმატებები სწორედ მარადონას უკავშირდება. მართალია, კვარაცხელია მარადონასთან კარგად „გარითმეს“ და კვარადონად აქციეს, მაგრამ ცოტა ნაჩქარევი მგონია ხვიჩას მარადონასთან გატოლება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერის დასაწყისი მართლაც ძალიან ეფექტურია“.

ლაშა გოდუაძე ვარაუდობს, რომ თუკი ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის ეს დონე და ხარისხი შეინარჩუნა, არ არის გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოს, გაზაფხულის მიწურულს, 21 წლის ფეხბურთელზე კლუბებმა ნადირობა გამოაცხადონ:

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის დიდხანს არ დარჩება ნეაპოლში და ძალიან ძვირადაც გაიყიდება, რადგან ასე თუ ითამაშა მთელი სეზონი, მისი სატრანსფერო თანხა წარმოუდგენლად გაიზრდება. გაყიდის თუ არა „ნაპოლი“ კვარაცხელიას, ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტესი, ასე ადვილად არ ელევა წამყვან ფეხბურთელებს. მაგრამ ძალიან მალე, გაცილებით მდიდარი კლუბები რომ ნადირობის სეზონს გამოაცხადებენ კვარაცხელიაზე, ამაში ეჭვი არ მეპარება“.

ლაშა გოდუაძე, რომელიც წლებია ადევნებს თვალს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულ განვითარებას და მისი, როგორც მოთამაშის უნარებსა და შესაძლებლობებს მეუბნება:

„ხვიჩა ჯერ კიდევ რუსეთის ჩემპიონატში, ყაზანის „რუბინში“ თამაშისას, ყველა ტურში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. უკვე ეტყობოდა, რომ რუსეთის ჩემპიონატის დონისთვის გადამწიფებული იყო. გაცილებით მაღალი დონის სარბიელს ითხოვდა მისი მონაცემების მქონე მოთამაშე და ამიტომ იყო, რომ ჩვენც, ქართველი ჟურნალისტები, გამუდმებით ვწერდით, რომ მას ახალი ასპარეზი სჭირდებოდა, გაცილებით მაღალი დონის. გარდა ამისა, „რუბინში“ კარგ თამაშს დაერთო საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი თამაშები. ნაკრებში დებიუტიდანვე გამოირჩეოდა თავისი შესაძლებლობებით და ნიჭით. ხვიჩას მოედნის ძალიან კარგი ხედვა აქვს და კარგი გაგებით, „თავხედია“. არ ეშინია მოწინააღმდეგის“.

ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მონაცემების საილუსტრაციოდ, ლაშა გოდუაძეს მისი „ლივერპულთან“ თამაშის მაგალითები მოჰყავს:

„მის ფლანგზე თამაშობდა ტრენტ-ალექსანდრ არნოლდი, რომელიც ბოლო სამი-ოთხი სეზონის განმავლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია მსოფლიოში. პირადად მე, „ლივერპულთან“ თამაში სწორედ ამიტომაც მაინტერესებდა, რამდენად შეძლებდა ხვიჩა ამ დონის მოწინააღმდეგესთან გამკლავებას, რადგან აქამდე მას ასეთი მეტოქე არ ჰყოლია. ჩემდა გასახარად, ხვიჩამ მოწინააღმდეგე თვალშისაცემად „დაჩაგრა“. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხვიჩა უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და „ნაპოლის“ მწვრთნელი სულ ამას იმეორებს, რომ ეს ჯერ დასაწყისია, ჯერ სექტემბრის შუაც არ არის და მისგან წინ კიდევ უფრო მეტს ველითო. ამ სიტყვებს ის თითქმის ყოველი თამაშის შემდეგ იმეორებს“.

ხვიჩას შესახებ ლაპარაკობენ და წერენ ვეტერანი ფეხბურთელები თუ კომენტატორები. მათ შორისაა გარი ლინეკერი, ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთეო ბომბარდირი, 80-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და დღეს უკვე საფეხბურთო მიმომხილველი და კომენტატორი.

8 სექტებერს, ტვიტერის საკუთარ გვერდზე მან დაწერა: „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია გასაოცარი ახალგაზრდა მოთამაშეა. გასულ შაბათ-კვირას ვნახე მისი თამაში „ლაციოსთან“ და სუპერია. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორი რთული წარმოსათქმელიცაა მისი გვარი“.

ხვიჩას შესახებ სატელევიზიო შოუებში ლაპარაკობენ ტიერი ანრი, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი და საფეხბურთო ექსპერტი, ამერიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლინტ დემპსი, ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ლეგენდა, ჯეიმი კარაგერი.

„ლივერპულთან“ თამაშის წინ, „გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა რაფაელ ბენიტესის, ესპანელი მწვრთნელის კომენტარი, რომელიც წლების წინ „ლივერპულში“ და „ნაპოლიში“ მუშაობდა. როგორც ის გამოცემას ეუბნება, მისი აზრით, მოცემულ მომენტში, კვარაცხელია იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

„შეგიძლიათ მიწოდოთ კვარა, მაგრამ მე კვარაცხელია ვარ“

ხვიჩა კვარაცხელია არ გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. იშვიათად იძლევა ინტერვიუებსაც. პირველი ინტერვიუ პირდაპირ ეთერში მან 2020 წლის მიწურულს, პირველ არხს მისცა, სადაც გადაცემის წამყვანს უთხრა: "ფეხბურთს რასაც მისცემ, იმას დაგიბრუნებს".

დაახლოებით მსგავსი შინაარსის ე.წ. ხელმოწერა აქვს მას ფეისბუკშიც: "იმისათვის, რომ იყო უკეთესი ფეხბურთელი, მაშინ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც არასდროს გაგიკეთებია".

თუმცა, პერიოდულად მაინც უწევს 21 წლის ფეხბურთელს სოციალური ქსელების გამოყენება. ნეაპოლში გადასვლის შემდეგ, რაკი მისი გვარი თანაგუნდელების, გულშემატკივრებისა თუ უცხოელი კომენტატორებისთვის მეტად რთული წარმოსათქმელი აღმოჩნდა, „ნაპოლის“ ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდზე გავრცელდა ხვიჩას ვიდეო, სადაც ის ცდილობს გულშემატკივრებს ასწავლოს საკუთარი გვარისა და სახელის წარმოთქმა:

რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ გაავრცელა კიდევ ერთი პოსტი, ამჯერად უკვე ფეისბუკში. პოსტი მან ქართველ ემიგრანტებს მიუძღვნა:

„მოგესალმებით, ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობით კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში“.


მომდევნო თამაშს "ნაპოლი" 10 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე გამართავს და "სპეციას" უმასპინძლებს. თამაშამდე ერთი დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ Lega seria-ს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იტალიაში თვის საუკეთესო მოთამაშე გულშემატკივართა გამოკითხვით გამოვლინდა.