საქართველოს მოქალაქე გიორგი ქუჯოშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ქუჯოშვილი მიმდინარე წლის 26 მარტს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ქუჯოშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს.
„2022 წლის 26 მარტს, ცხინვალის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარედ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქუჯოშვილი გიორგი, 1994 წელს დაბადებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პირმა არაერთხელ დაარღვია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა", - ნათქვამია დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურის განცხადებაში. ის აღნიშნავს, რომ 2022 წლის 20 მაისს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ქუჯოშვილი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ჩადენაში და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში.
სოფელ ახალუბნის მცხოვრების გიორგი ქუჯოშვილისთვის ეს მესამე დაკავება იყო ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ის სასჯელს ბოლოს 2018 წლის ივლისშიც იხდიდა.
ასევე ნახეთ ლილუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება