პრინციპით „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“ პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი - ჩარლზ მესამე. მისი ოფიციალური კორონაცია მოგვიანებით გაიმართება. რა შეიცვლება მონარქის ცვლილებით ბრიტანეთში?
ელისაბედ მეორის უფროსი ვაჟი ჩარლზი 1948 წლის 14 ნოემბერს არის დაბადებული, ორიოდე თვეში მას 74 წელი უსრულდება. ის ყველაზე მხცოვანი ადამიანია, რომელიც ბრიტანეთის ტახტზე ავიდა.
ისევე, როგორც სამეფო პირების უმეტესობას, ჩარლზსაც რამდენიმე სახელი აქვს - ჩარლზი, ფილიპი, არტური, ჯორჯი. მას შეეძლო ამ სახელებიდან ერთ-ერთი აერჩია და მეფედ სწორედ ამ სახელით ეკურთხათ. ჩარლზმა აირჩია - ჩარლზი და, შესაბამისად, ახლა ის ჩარლზ მესამეა.
მხცოვანმა პრინცმა საზოგადოებას თავი მეუღლესთან, პრინცესა დიანასთან განქორწინებითა და კამილა პარკერ ბოულზთან ქორწინებით დაამახსოვრა. პირველი ქორწინებიდან ჩარლზს ორი შვილი ჰყავს, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი. ტახტზე ასვლის შემდეგ კამილა პარკერი დედოფალ კონსორტის სტატუსს მიიღებს, რაც მეფის მეუღლეს ნიშნავს. ტახტის მემკვიდრე ხდება პრინცი უილიამი. ის და მისი მეუღლე ქეითი ამის შემდეგ მიიღებენ ტიტულს კორნუოლის ჰერცოგი და ჰერცოგინია. სავარადოდ, ისინი საცხოვრებლადაც ბუკინგემის სასახლეში გადმოვლენ.
ამჯერად დიდ ბრიტანეთში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული, დაშვებულია დროშები, ხალხი კი სასახლესთან მიდის და ყვავილები მიაქვს. დედოფალი ელისაბედი ხუთი დღის განმავლობაში ბუკინგემის სასახლეში იქნება დასვენებული, კიდევ სამი დღე ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს და დედოფალს გამოემშვიდობოს. დაკრძალვის ცერემონია სავარაუდოდ გაიმართება გარდაცვალებიდან მეათე ან მეთერთმეტე დღეს. მანამდე შედგება დაკრძალვის ოფიციალური პროტოკოლი, გეგმა. როგორც წესი, სამეფო ოჯახის დაკრძალვის ცერემონია საკმაოდ პომპეზურია, თუმცა 2021 წელს კოვიდპანდემიის გამო დედოფლის მეუღლის, პრინც ფილიპის დაკრძალვას მხოლოდ უახლოესი ახლობლები ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ მესამე უკვე მეფეა, მისი ოფიციალური კორონაცია მალე არ მოხდება. მოსამზადებელი სამუშაოების გამო ამას შეიძლება წელზე მეტიც დასჭირდეს. თუმცა, მანამდე მას მაინც გამოაცხადებენ მეფედ. ეს რიტუალი ლონდონის სანტ ჯოისის სასახლეში ჩატარდება.
რაც შეეხება კორონაციას, ის გაიმართება ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც ბოლო 900 წელია ბრიტანელ მონარქებს აკურთხებენ. აქ კენტემბერის არქიეპისკოპოსი ჩარლზ მესამეს ძვირფასი თვლებით მოოჭვილ გვირგვინს დაადგამს. როგორც წესი, ამ გვირგვინს მხოლოდ კორონაციისას იყენებენ.
მონარქის შეცვლასთან ერთად სახელმწიფო ჰიმნში ფრაზა „ღმერთო, დაიფარე დედოფალი“ შეიცვლება ფრაზით: „ღმერთო, დაიფარე მეფე“. მონეტები, რომლებიც დედოფლის გამოსახულებითაა გამოსული, კვლავაც დარჩება მიმოქცევაში, თუმცა ახალი ფული უკვე ჩარლზ მესამის გამოსახულებით დაიბეჭდება. ჩარლზ მესამე იქნება გამოსახული საფოსტო მარკებზეც. ძალაში რჩება დედოფალ ელისაბედის პერიოდში გაცემული პასპორტებიც.
წელს დედოფლის გამეფების 70 წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანეთში ჩატარდა გამოკითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ ბრიტანელებს თანამედროვე სამყაროში მონარქიის, როგორც ინსტიტუტის შენარჩუნება. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 62 პროცენტი ამ იდეის მომხრე რჩება. რამდენად არის შესაძლებელი, რომ დედოფლის სიკვდილით მონარქიის არსებობაც დასრულდეს? უნივერსიტეტ ქვინსის მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრ ტიტოვი „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში ამბობს, რომ ამის ალბათობა არსებობს, თუმცა, არა უახლოეს წლებში.
„პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ერთ-ერთ კონფერენციაზე სწორედ მონარქიის გაუქმების მოწოდებით გამოვიდა. თუმცა, მონარქია საკმაოდ პოპულარული ინსტიტუტია ბრიტანეთში, მას გამაერთიანებელი რგოლის ფუნქცია აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდე მონარქია სწორედ დედოფალთან იყო ასოცირებული. ის ძალიან კარგად ახერხებდა, ეს ინსტიტუტი თანამედროვეობისთვის მოერგო. პრინცი ჩარლზი ნაკლებად დიპლომატიურია, არც მისი მეუღლეა დიდად პოპულარული. აქამდე ისე გამოვიდა, რომ დიდი ცვლილებების პერიოდში ტახტზე პოპულარული და უნარიანი მონარქი იჯდა, გაუგებარია, რამდენად შეძლებს პრინცი ჩარლზი იმავეს გაკეთებას, თან კიდევ უფრო დიდი ცვლილებების პერიოდში. თუმცა, უახლოეს მომავალში მონარქიას ნამდვილად არაფერი ემუქრება, - ამბობს ალექსანდ ტიტოვი, - ელისაბედ მეორე იმდენი ხანი იყო ხელისუფლებაში, რომ ხალხი მას უყურებდა, როგორც მუდმივ ინსტიტუტს. ამ 70 წლის განმავლობაში ინგლისმა გრძელი გზა გაიარა, თავდაპირველად ის იყო იმპერია, შემდეგ დემოკრატიული ქვეყანა, შევიდა ევროკავშირში, გამოვიდა. სინამდვილეში გაერთიანებულ სამეფოში ცოტაა ისეთი ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც ყველას გააერთიანებდა. მონარქია ერთ-ერთი მათგანია. დედოფალი პოპულარული გახლდათ. რამდენად შეძლებენ მისი მემკვიდრეები, მათ შორის ჩარლზი, რომელიც დიდად არ მოსწონთ, ამ პოპულარობის შენარჩუნებას, ვფიქრობ, ახლა ეს არის მთავარი კითხვა“.
დედოფალი ელისაბედ მეორე (ელისაბედ, ალექსანდრა, მერი) დიდი ბრიტანეთის ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, მამის ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ. მაშინ ის 25 წლის იყო. ტახტზე დაჰყო 70 წელი. მისი მეფობის პერიოდში დიდმა ბრიტანეთმა 15 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. აქედან პირველი იყო უინსტონ ჩერჩილი, უკანასკნელი კი ლიზ ტრასი, რომელიც გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე სასახლეში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მიიწვია. დედოფალი გარდაიცვალა 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში.