ტაქსისტი, რომელმაც რუსი და ლიეტუველი ტურისტები გომბორზე დატოვა, მსაჯულებმა გაამართლეს - მომხდარის 2 ვერსია

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ, ტაქსის მძღლი ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ სცნეს. მას რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად. ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა გაავრცელა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გუშინ, 8 სექტემბერს გამოიტანეს. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

წარდგენილ ბრალდებაში ტაქსისტს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა, რა დროსაც თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა.

ამ ინციდენტზე ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ყვება, რომ მგზავრებსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა მძღოლს რუსულად ლაპარაკი მოსთხოვეს, მან კი უკრაინული სიმღერები ჩართო. პროკურატურა ამ ვერსიას "სიცრუეს" უწოდებს და ყვება რომ კონფლიქტი მგზავრობის შეუსაბამოდ მაღალი საფასურის გადახდაზე უარს მოჰყვა, რის შემდეგაც მძღოლმა მგზავრებს თავისუფლება აღუკვეთა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა.

"ასე რომ ყოფილიყო ნაფიცი მსაჯულები გაამართლებდნენ? ეს იყო პროკურატურის ვერსია", - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში. კონფლიქტის განვითარებას იგი ასე ყვება:

"ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვეს სრულიად საუბარი, რაზეც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მოსთხოვეს რომ გამოერთო. შემდეგ წავიდა სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე.

ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით. ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ. თანხის ისტორია მოგონილია".

ადვოკატი, ასევე ამბობს, რომ პროკურატურას არ ჰქონდა და შესაბამისად სასამართლოში ვერ წარადგინა ვიდეოჩანაწერი რომელიც წარმოაჩენდა მანქანაში განვითარებულ მოვლენებს. ტურისტები გამოკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ მათ გადაიღეს მომხდარი. ადვოკატის თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ ეს კადრები მართლაც არსებობდა და იქ ჩანდა, როგორ კამათობდნენ მძღლი და მგზავრები რუსეთ-უკრაინის საკითხზე.

განსხვავებული ბრალდების მხარის ვერსია. პროკურატურა დაცვის მტკიცებას დღეს, 9 სექტემბერს გამოხმაურა. უწყება წერს, რომ ბრალდებული რუსული კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით მუშაობდა, მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეები თბილისში, მშრალი ხიდთან, ერთ-ერთ სასტუმრომდე მიიყვანა.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მძღოლმა მგზავრებს აპლიკაციაში მითითებული თანხის, 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა.

"მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.

ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდას მოსთხოვა.

ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა".

რადიო თავისუფლებასთნ საუბრისას პროკურატურამ არ ახსნა რატომ შეიძლება ნაფიც მსაჯულებს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანათ, თუ კი პროკურატურას დანაშულის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ მსაჯულებმა მათი ვერსია დამაჯერებლად მიიჩნიეს.

"რადიო თავისუფლება" დაუკავშირდა გათავისუფლებულ ამირან ბოკუჩავას ოჯახსაც, თუმცა მათ ინტერვიუზე უარი განაცხადეს.