უკრაინის გენშტაბმა ოფიციალურად პირველად ახსენა "წარმატებული კონტრშეტევა" ხარკოვში

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ხარკოვის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ხარკოვის ოლქში წარმატებული კონტრშეტევა. ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ძალების პოზიციებს წარმატებით უტევენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა, თუმცა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა საჯაროდ მხოლოდ დღეს, 9 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აწარმოებენ წარმატებულ კონტრშეტევას ხარკოვის მიმართულებით და სამ დღეში წინ წაიწიეს თითქმის 50 კილომეტრით.

გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს და დაჭრილების და დაზიანებული ტექნიკის ევაკუაციას ცდილობენ დასახლებული პუნქტების, ოლხოვატკის და ბოროდოიარსკოეს რაიონებში. ეს ორი დასახლებული პუნქტი მდებარეობს ქალაქ ბალაკლეასთან, რომლის გათავისუფლების შესახებ უკრაინელმა სამხედროებმა 8 სექტემბერს განაცხადეს.

უკრაინული სარდლობის თანახმად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სამოქალაქო ტანსაცმლით ცდილობენ დეზერტირობას და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებას. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 15-ზე მეტი ასეთი შემთხვევა იყო.

8 სექტემბერს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების ვიდეომიმართვა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეიდან. ერთ-ერთი მათგანი დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური ქვედანაყოფის სახელით, უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ზელენსკის აბარებს პატაკს, რომ ბალაკლეა კონტროლქვეშაა, ბრძანება შესრულებულია და რუსეთის საოკუპაციო ჯარები გავიდნენ.

გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქის დაახლოებით 20%-ზე. უკრაინის არმია ამჟამად კონტრშეტევას აწარმოებს ოკუპირებულ ხერსონის ოლქშიც. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასში.