გორბაჩოვი და ჩერნობილის „სამოვარივით უსაფრთხო რეაქტორი“

სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ისტორიაში შევიდა ადამიანად, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაშალა. თუმცა, სწორედ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კატასტროფა - ჩერნობილი. ატომური რეაქტორის აფეთქებას საბჭოთა ელიტა რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდა, რაც ათასობით ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში ჩერნობილის ატომური სადგური აფეთქდა. აფეთქების წუთიდან რადიაცია უკონტროლოდ ვრცელდებოდა, მიჰყვებოდა ჰაერს, წყალს, წვიმას და მილიონობით ადამიანს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა. ასეთ დროს, როდესაც მოსახლეობის გადასარჩენად ყოველი წუთი ძვირფასია, საბჭოთა კავშირმა „ტრადიციის“ შესაბამისად, მომხდარი დამალა. რამდენიმე დღე ასიათასობით ადამიანი რადიაქტიული ღრუბლის ქვეშ „მშვიდად“ ცხოვრობდა.

აფეთქებული რეაქტორი

სერგეი მირნი, რომელიც 1986 წელს ჩერნობილში რადიაციული დაზვერვის ოცეულის მეთაური იყო, რადიო თავისუფლების რუსეთის ბიუროსთან საუბრისას იხსენებს, რომ კატასტროფის შესახებ გაზეთ „პრავდიდან“ გაიგო. რამდენიმეწინადადებიანი, არაფრისმთქმელი განცხადებისთვის მაშინ ყურადღებაც კი არ მიუქცევია, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სახლში უთხრეს, კომისარიატიდან გეძებდნენო, კოლეგებთან გადარეკა. ყველანი, ვინც ქიმიური დაცვის კუთხით მუშაობდა, უკვე ჩერნობილში წაეყვანათ.

ჩერნობილის კატასტროფის მასშტაბზე დასავლური პრესა საბჭოთა კავშირზე ადრე ალაპარაკდა. რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ჟურნალისტი ვლადიმირ ტოლცი ჰყვება, რომ მაშინ, როცა უკრაინა საპირველმაისო ალღუმისთვის ემზადებოდა, ევროპა ნამდვილ პანიკაში იყო. გერმანიის აფთიაქებში იოდი გათავდა, მედია ხალხს აფრთხილებდა, ბავშვები ქუჩაში არ გაეშვათ. ბულდოზერებით გადაუარეს სალათის ფურცლების მოსავალს, რადგან ეს ბოსტნეული რადიაციას განსაკუთრებით იოლად იწოვს. უკრაინელები კი ალღუმს ელოდნენ და ფიქრობდნენ, თუ კრეშჩატიკზე ბავშვებს გამოიყვანენ, ესე იგი ყველაფერი კარგადაა, ბავშვებს ხომ არ გაწირავენო. როდესაც ზეიმზე პატარებმა ჩაიარეს, ხალხი ერთმანეთს სიხარულით გადაეხვია და ცხოვრება მშვიდად გააგრძელა.

ასევე ნახეთ ჩერნობილის სურათები

ჩერნობილის კატასტროფის სრულ მასშტაბზე საუბარი მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ დაიწყო. ამ პროცესს ბიძგი მისცა სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნმა „ჩერნობილის ლოცვა“, რომელმაც ნობელის პრემია დაიმსახურა.

„ჩერნობილის ლოცვაში“ წერია, რომ რეაქტორის აფეთქების გამო ატმოსფეროში 50Х10(6)K რადიონუკლიდი გაიტყორცნა,უმეტესობა ბელარუსში. დაბინძურდა ქვეყნის ტერიტორიის 23 პროცენტი. მაღალი რადიაციული ფონი დაფიქსირდა თითქმის მთელ ევროპაში. მხოლოდ ბელარუსმა 485 სოფელი დაკარგა, ამათგან 70 უბრალოდ მიწაში ჩამარხეს.

ბაბუაჩემს ფუტკარი ჰყავს, ხუთი სკა. სამი დღე არ გამოფრენილან, დაიცადეს... რადიო და გაზეთები არაფერს ამბობდნენ და ფუტკრებმა უკვე იცოდნენ“, - ამბობს სვეტლანა ალექსიევიჩის ერთ-ერთი რესპონდენტი.

მეორე ჰყვება, რომ როდესაც კატასტროფის გადასაღებად უცხოელი ჟურნალიტები ჩამოვიდნენ, კამერებიც კი შეფუთული ჰქონდათ, ადგილობრივი თარჯიმანი კი სანდლებსა და საზაფხულო კაბაში იყო გამოწყობილიო.

რესპონდენტები, რომლებსაც ჩერნობილის აფეთქება შეეხოთ, წლების შემდეგ იხსენებენ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობაზე ზრუნვა და ევაკუაცია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო. ინფორმაცია კატასტროფის მასშტაბისა და გავლენის შესახებ არ არსებობდა. ბოლომდე სიმართლე იმათაც კი არ იცოდნენ, ვინც აფეთქების შედეგებს პირადად ებრძოდა. ერთ-ერთი მოხალისე იხსენებს, რომ როცა სახლში დაბრუნდა, რაც ეცვა, ყველაფერი დაწვა, ხოლო ქურთუკი, რადგან ძალიან შეეხვეწა, თავის პატარა ბიჭს მისცა. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.

Your browser doesn’t support HTML5

დანგრეული ცხოვრება, 35 წელი ჩერნობილიდან

მართალია, უშუალოდ ის პირები, რომელთა შეცდომებმაც რეაქტორის აფეთქება გამოიწვია, გაასამართლეს, მაგრამ ღიად დარჩა საკითხი - რამდენად ადეკვატური იყო სახელმწიფო უკვე აფეთქების შემდეგ.

გორბაჩოვის ფონდის საიტზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ მიხეილ გორბაჩოვთან, სადაც ის ამბობს, რომ როდესაც 26 აპრილს, დილის 5 საათზე მომხდარი ავარიის შესახებ აცნობეს, მისთვის არ უთქვამთ, რომ რეაქტორი აფეთქებული იყო.

მიუხედავად ამისა, მაშინვე შევქმენი კომისია ავარიის მიზეზების დადგენისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, - ამბობს გორბაჩოვი, - ჩემი პირველი რეაქცია გაკვირვება იყო, ეს როგორ მოხდა? მეცნიერები, ჩვენ, ქვეყნის ხელმძღვანელობას, ყოველთვის იმას გვეუბნებოდნენ, რომ რეაქტორი აბსოლუტურად უვნებელია. მაგალითად, აკადემიკოსი ალექსანდროვი ამბობდა, რომ დიდი სიმძლავრის არხებიანი რეაქტორის დადგმა წითელ მოედანზეც კი შეიძლებოდა, სამოვარივით უსაფრთხოაო“.

26 აპრილს მომხდარი აფეთქების თაობაზე გორბაჩოვმა პოლიტბიუროს სხდომა 29 აპრილს მოიწვია და რამდენიმეპუნქტიანი გეგმაც შეადგინა. მუშაობა დაიწყეს, თუმცა, სიმართლეს ბოლომდე მაინც არ ამბობდნენ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ პოლიტბიუროს 5 ივნისის სხდომაზე გორბაჩოვი ამბობს, ბუდაპეშტში გენერალურ მდივნებს ყველაფერი გულახდილად უნდა ვუთხრათო: გულახდილად უნდა ვუთხრათ და არა ისე, როგორც ჩვენთან წერენ ახლა გაზეთები. ისინი ხომ ატომურ სადგურებს აშენებენ, აშენებენ ჩვენი დახმარებით და შეხედეთ როგორი სიგნალია! გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩვენი მოწყობილობების 50 პროცენტი დაბლოკეს“.

უკვე თანამდებობიდან გადამდგარი მიხეილ გორბაჩოვი, ხშირად ამბობდა, რომ ჩერნობილმა მისი ცხოვრება შეცვალა, რომ სამყარო ჩერნობილამდე და ჩერნობილის მერე ორად გაიყო, თუმცა, პასუხისმგებლობას მაინც სხვებს აკისრებდა. 1994 წელს გორბაჩოვმა ინტერვიუ მისცა რუსეთის ცენტრალურ ტელევიზიას, სადაც ამბობს, რომ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მას და მთლიანად პოლიტბიუროს სიმართლეს უმალავდნენ:

თავიდანვე ვცდილობდით მეც და ყველანი პოლიტბიუროში, სიმართლე გაგვეგო, მაგრამ მაშინვე იგრძნობოდა, რომ რაღაც ისე არ არის. კომისიისგან ახალ ამბებს ველოდებით, ერთი ზარი, მეორე, ვერაფერი... ეს ცოტა არ იყოს მაოცებდა... შევეჯახეთ იმას, რომ არ შეგვიძლია სიტუაციის შეფასება... ეჭვიც კი გაჩნდა, რომ რაღაცას ვაბუქებთ... მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოეფინა ნათელი ყველაფერს. დასავლეთიდან უფრო მოდიოდა ცნობები... ჩვენ ვისხედით და ვფიქრობდით როგორ მოგვეხერხებინა, რომ ეს [რადიაცია] კიევამდე არ ჩასულიყო და არ ვიცოდით, რომ ბელარუსი უკვე ასე იყო დაბინძურებული, გომელი და მოგილევი“.

ჩერნობილის კატასტროფის გამო ადამიანები დღემდე იხოცებიან. უშუალოდ ჩერნობილი და მიმდებარე ტერიტორია აკრძალულ, მკვდარ ზონად არის გამოცხადებული. საბჭოთა კავშირის დაშლაზე საუბრისას კი ხშირად აღნიშნავენ, რომ სსრკ-ს უკანასკნელი საყრდენი სწორედ ჩერნობილის ტრაგედიამ გამოაცალა.