ომბუდსმენის არჩევის ახალი წესი პირველი მოსმენით დამტკიცებულია - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 სექტემბერს

სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება ომბუდსმენის არჩევის ახალი პროცედურის შესახებ კანონპროექტს

88 ხმით პარლამენტმა გუშინ დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სახალხო დამცველის არჩევის წესში.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება "შეფასების 9-კაციანი ჯგუფი". მის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ეს ჯგუფი კანდიდატებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს.

პირველ კენჭისყრას გამოეხმაურა მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი პროექტით ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

წაიკითხე მეტი.

როგორ იცვლება კანონი?

"მოსმენების კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას" - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და წერს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას აშორებს.

"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა", - წერია საელჩოს განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

მოუსმენენ მეტს და უფრო მარტივად - გაიგეთ რატომ და როგორ?

"ენერჰოატომი" ზაპოროჟიეს აეს-ის დახურვას განიხილავს, მხარს უჭერს სამშვიდობო ძალების განლაგებას

ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც უკრაინაში, ზაპოროჟიეში აქვს რუსეთის არმიას ოკუპირებული, შესაძლოა დაიხუროს. ამის შესახებ უკრაინული ბირთვული ოპერატორი „ენერჰოატომი“ აკეთებს განცხადებას. მილიტარიზებულ ელექტროსადგურზე სამშვიდობო ძალების განლაგებაც განიხილება.

„ენერჰოატომის“ ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის ეს განცხადება მოჰყვა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშს. ანგარიშში ექსპერტები აცხადებენ, რომ აეს-ში ვითარება „მიუღებელია“ და არსებობს „დროული ზომების მიღების გადაუდებელი აუცილებლობა“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული ავარია.

წაიკითხე მეტი.

მოსკოვში დამატებით განმარტებებს ითხოვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან.

ტრასი დათანხმდა მიწვევას უკრაინაში, ბრიტანეთის ახალი პრემიერის რანგში

6 სექტემბერს ტრასი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის - ეს მისი ერთ-ერთი პირველი ზარი იყო უცხოეთის ლიდერთან, მას შემდეგ, რაც პრემიერის პოსტი დაიკავა. ტრასის თქმით, ის მოუთმენლად ელის ზელენსკისთან თანამშრომლობას და სიხარულით დათანხმდა წინადადებას ახლო მომავალში ეწვიოს უკრაინას, - ამბობს მისი ოფისი.

წაიკითხე მეტი.

დიდ ბრიტანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

იგეგმება დნმ-ის კოდისა და თითის ანაბეჭდების ბაზების შექმნა - მიზნები და რისკები

პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის, „დნმ-ის კოდისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ“ მიზანი იქნება „საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება“.

კანონპროექტის აღწერაში, რომელიც ჯერჯერობით პარლამენტში ინიცირებული არ არის, ვკითხულობთ, რომ ამ ტიპის მონაცემთა ბაზის დახმარებით, გამოძიებას საშუალება ექნება დაადგინოს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა, ისე განსაზღვროს უდანაშაულო პირებიც.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დანაშაულის გახსნის სტატისტიკა საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება და, როგორც წესი, გაუხსნელი საქმეების პროცენტული მაჩვენებელი ჩამორჩება გახსნილი საქმეების მაჩვენებელს, ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კარგია, თუკი ქვეყანაში გაჩნდება ისეთი შესაძლებლობა, რაც დანაშაულების გახსნას შეუწყობს ხელს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

„ჩვენ უნდა გადავიხადოთ ჩვენი გულგრილობის საფასური“: რუსი დეზერტირი ჰყვება უკრაინის ომზე შემაძრწუნებელი მემუარების გამოქვეყნების შემდეგ

აგვისტოს დასაწყისში, სანამ რუსეთიდან გაიქცეოდა, უმცროსმა სერჟანტმა, პაველ ფილატიევმა დაწერა 141-გვერდიანი შემაძრწუნებელი ტექსტი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მედესანტეების ქვედანაყოფში უკრაინის ომის დროს.

აი, ასე აღწერა მან თავისი ქვედანაყოფი, 56-ე სადესანტო მოიერიშე ბრიგადა, უკრაინის ქალაქ ხერსონის ნავსადგურში შესვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 24 თებერვლის შეჭრიდან - მალევე:

"ყველაფერს ვჭამდით, როგორც ველურები, ყველაფერს, რაც იყო: ბურღულეული, შვრიის ფაფა, ჯემი, თაფლი, ყავა... არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, უკვე ზღვარზე ვიყავით მისული, უმეტესობა ველზე ცხოვრობდა თვეების განმავალობაში, არანაირი კომფორტი, არც შხაპი, არც ნორმალური საკვები, და ამის შემდეგ ხალხი ომში გააგზავნეს".

იმის გათვალისწინებით, რომ შეჭრიდან უკვე მეშვიდე თვეა, და რუსული და უკრაინული ძალები ახლა არიან, როგორც ზოგიერთი ექსპერტი უწოდებს, ძალების გამოფიტვის ფაზაში, ფილატიევი, სავარაუდოდ, პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი გააკრიტიკა.

წაიკითხე მეტი.

"მე რაც მაშფოთებს - ეს არის მომენტი, რომელსაც საქართველო და საქართველოს ხალხი უშვებს ხელიდან", - ამბობს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი.