აი, ასე აღწერა მან თავისი ქვედანაყოფი, 56-ე სადესანტო მოიერიშე ბრიგადა, უკრაინის ქალაქ ხერსონის ნავსადგურში შესვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 24 თებერვლის შეჭრიდან - მალევე:
"ყველაფერს ვჭამდით, როგორც ველურები, ყველაფერს, რაც იყო: ბურღულეული, შვრიის ფაფა, ჯემი, თაფლი, ყავა... არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, უკვე ზღვარზე ვიყავით მისული, უმეტესობა ველზე ცხოვრობდა თვეების განმავალობაში, არანაირი კომფორტი, არც შხაპი, არც ნორმალური საკვები, და ამის შემდეგ ხალხი ომში გააგზავნეს".
"რამდენად შეიძლება ფეხებზე ეკიდოთ მეთაურებს თავიანთი ხალხი, ისინი, ვინც თავიანთი ოფლით, სისხლით, ჯანმრთელობით და სიცოცხლით უნდა განახორციელოს მათი გეგმები, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარია", დაწერა მან თავის ტექსტში "ზოვი", რომელიც თავდაპირველად მის გვერდზე გამოქვეყნდა რუსულ სოციალურ ქსელში, "ვკონტაქტე". სათაური ითარგმნება, როგორც "ძახილი".
იმის გათვალისწინებით, რომ შეჭრიდან უკვე მეშვიდე თვეა, და რუსული და უკრაინული ძალები ახლა არიან, როგორც ზოგიერთი ექსპერტი უწოდებს, ძალების გამოფიტვის ფაზაში, ფილატიევი, სავარაუდოდ, პირველი რუსი ჯარისკაცია, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი გააკრიტიკა.
მისი კრიტიკა ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ როგორ აწარმოებს რუსეთი ომს და როგორ ეპყრობა საკუთარ ჯარისკაცებს. მისი მონათხრობი შემაძრწუნებელი იყო.
"მე უკმაყოფილო ვიყავი ჩვენი მთავრობით დაახლოებით 2012 წლიდან, ისევე როგორც ბევრი სხვა ჩვენს ქვეყანაში", განუცხადა 34 წლის ფილატიევმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს თავის ინტერვიუში, 25 აგვისტოს.
"მაგრამ მე არასდროს წავსულვარ მიტინგებზე, არ ვმონაწილეობდი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და საბოლოოდ, რა გამოვიდა? ა, ბატონო, თვითონ აღმოვჩნდი ომში, რომელიც მე საერთოდ არ მჭირდებოდა. ახლა უნდა გადავიხადოთ ჩვენი გულგრილობის საფასური", თქვა მან. "მე მჯერა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და ისინი ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ".
"მე უკრაინაში ომის წინააღმდეგი ვარ. არმიაში კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგი ვარ“
ფილატიევმა თქვა, რომ ის მოხალისედ წავიდა რუსულ არმიაში პირველი გაწვევის შემდეგ 2007 წელს, სამხედრო სამსახურის კანონის თანახმად. მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსული ქვედანაყოფები ატარებდნენ მრავალწლიანი "კონტრტერორისტული ოპერაციებიდან" - როგორც კრემლი უწოდებს ჩეჩნეთის მეორე ომს - უკანასკნელს.
სამსახური 2010 წელს დატოვა და შემდეგ ცხენების აღზრდასა და წვრთნაზე მუშაობდა რუსეთის დაუზუსტებელ ნაწილში.
2021 წლის აგვისტოში, მან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს ჯარში ხელახლა გაწევრიანების შესახებ და ყირიმში გააგზავნეს, უკრაინის შავი ზღვის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიპყრო.
თავის წიგნში ის გვიამბობს, რომ იმედგაცრუებული იყო პირობებით ფეოდოსიის ბაზაზე, სადაც მსახურობდა. ხელფასები იმაზე ნაკლები იყო, რასაც სუპერმარკეტში გამყიდველი იღებდა და ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაც ეჭვს იწვევდა. მან წერილობითი საჩივრით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებებას აპირებდა.
15 თებერვალს, ცხრა დღით ადრე, სანამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას გასცემდა, ფილატიევის ქვედანაყოფი ყირიმში გაგზავნეს. შემდეგ ის და მისი თანამებრძოლები, მდინარე დნეპრის შესართავთან მდებარე სტრატეგიულ ნავსადგურზე, ხერსონზე, იერიშისთვის გაუშვეს. ეს იყო პირველი ქალაქი, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიპყრეს 24 თებერვლის შემდეგ.
როგორც ის ჰყვება, მუდმივად იყო კომუნიკაციის, მედიკამენტებსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემები.
"კოლონა უკვე გზაშია, ფიქრობ: "როგორ ვაპირებთ ამ იერიშის განხორციელებას? გეგმა კარგად არ მიდის. სანამ ადგილზე არ მიხვალ, არაფერი იცი. ყველაფერს ბოლო წუთში იგებ".
ფილატიევის თქმით: "უკრაინაში ომის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამავე დროს არმიაში კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგი ვარ, რას დაამსგავსეს ჩვენი არმია", თქვა მან. "იფიქრებ, რომ მტერი ქვეყანაში, მთავრობაში, განზრახ ანადგურებს არმიას და შემდეგ ამ არმიას ომში უშვებს".
მას არ დაუზუსტებია, ვის მიიჩნევს მტრად რუსეთის შიგნით.
ხერსონის დაპყრობის შემდეგ, ჯარისკაცები გიჟებივით დარბოდნენ, ძარცვავდნენ და იტაცებდნენ ნებისმიერ საქონელს, რასაც იპოვიდნენ, თქვა მან. თუმცა, მან ასევე თქვა, რომ მან და მისმა ქვედანაყოფმა მხოლოდ ერთი ღამე გაატარა ქალაქში.
"ომს ცუდი მშვიდობა სჯობია"
ფილატიევის მიერ თავისი ქვედანაყოფის დატოვების და რუსეთიდან გაქცევის გარემოებები ბუნდოვანია. მან თქვა, რომ ის თვალში დაიჭრა ნიკოლაევთან ბრძოლისას - ეს კიდევ ერთი, მდინარის პირას მდებარე, საპორტო ქალაქია ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, რომლის დაპყრობასაც წარუმატებლად ცდილობდნენ რუსული ძალები ომის დაწყების პირველ დღეებში.
მისი, როგორც დაჭრილის, ევაკუაცია მოახდინეს აპრილში, ჯერ ხერსონში და შემდეგ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ჰოსპიტალში.
შემდეგ თვეს, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, მან სამხედრო სამსახურის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ, როგორც ამბობს, მისმა უფროსებმა უარი უთხრეს და საბრძოლველად დაბრუნება უბრძანეს, სხვა შემთხვევაში სამხედრო ტრიბუნალით დაემუქრნენ. ასევე უთხრეს, რომ დაკარგეს საბუთები მისი მკურნალობის შესახებ, რომელიც მას სამედიცინო მონაცემებით შინ დაბრუნებას საშუალებას მისცემდა, - თქვა ფილატიევმა.
ამ დროს გადაწყვიტა, გაქცეულიყო.
მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში თავის "ვკონტაკტეს" გვერდზე ეს ტექსტი გამოაქვეყნა, სხვა ნაწყვეტები ზოგიერთმა დამოუკიდებელმა რუსულმა მედიასაშუალებამ გადაბეჭდა, ხოლო დამოუკიდებელმა ტელეარხმა "დოჟდმა" მას ინტერვიუ ჩამოართვა.
სანამ რუსეთს დატოვებდა, მან ინტერვიუ მისცა ასევე გაზეთ The Guardian-საც და უთხრა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა მისამართი მოსალოდნელი პატიმრობის თავიდან აცილების მიზნით.
ამის შემდეგ, ფილატიევი, სავარაუდოდ, მალულად გავიდა რუსეთიდან დაახლოებით 13 ან 14 აგვისტოს. 16 აგვისტოს, ვლადიმირ ოსეჩკინმა, საფრანგეთში დაფუძნებულმა რუსმა უფლებადამცველმა, თავისი ფეისბუკის პოსტში დაადასტურა, რომ ფილატიევმა ქვეყანა დატოვა.
ასევე ნახეთ რუსმა მედესანტემ, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია დაგმო, რუსეთი დატოვადაახლოებით ორ კვირაში, 28 აგვისტოს, ოსეჩკინის თქმით, ფილატიევი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ჩაფრინდა და ორი დღის შემდეგ, აეროპორტის დატოვების ნება დართეს მას მერე, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ მას თავშესაფრის ოფიციალური განაცხადის უფლება მისცა.
მან თქვა, რომ რუსეთიდან იმის გამოც გაიქცა, რომ, მისი აზრით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო "შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის" ბრალდებით - ეს ბრალდება გათვალისწინებულია კანონმდებლობაში, რომელსაც პუტინმა 24 თებერვლის შეჭრიდან მალევე მოაწერა ხელი.
"ომს ცუდი მშვიდობა სჯობია, ეს ყველამ იცის", უთხრა მან რადიო თავისუფლებას. "რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვიძიოთ შური ერთმანეთზე, მაგრამ რეალურად ეს ომი ერთ წელიწადში, ორში ან 10-ში, ასე იქნება თუ ისე, მაინც დასრულდება".
"საკითხავია: რის ფასად? რაც უფრო მალე დადგება ის დრო, რომ რუსეთის მოქალაქეს, სულ მცირე, იმის აღარ შეეშინდება, რომ თქვას "ომი" და "ჩვენ ომი არ გვინდა", მით უფრო მალე დამთავრდება [ომი]", თქვა მან. "რაც ჩემზეა დამოკიდებული, რისი გაკეთებაც მე შემიძლია, პირველ რიგში არის ის, რომ მოვყვე, რაც ვნახე და მეორე ის, რომ როგორც მოქალაქემ, გამოვთქვა ჩემი აზრი".