„საქართველო იყო თავშესაფარი“, - რუსი ფოტოჟურნალისტი, რომელიც ქვეყანაში ორჯერ არ შემოუშვეს

რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი თბილისში თითქმის ერთი წელია ცხოვრობს, თუმცა საქმიანი მოგზაურობის შემდეგ, უკან ვეღარ ბრუნდება.

„რუსეთში სახლი აღარ მაქვს... საქართველო ჩემთვის თავშესაფარი იყო“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

კრესტიანინოვის თქმით, საქართველოში შემოსვლაზე, ყოველგვარი განმარტებების გარეშე, ორჯერ უთხრეს უარი.

პირველად 23 აგვისტოს, როცა თურქეთიდან ბრუნდებოდა. იხსენებს, რომ ოთახში შეიყვანეს, გამოჰკითხეს ტელეფონის ნომერი, საქმიანობა და საცხოვრებელი მისამართი. რის შემდეგაც პირდაპირ თვითმფრინავამდე მიაცილეს.

მეორედ, კრესტიანინოვმა საქართველოში დაბრუნება 3 სექტემბერს სცადა, ამჯერად სომხეთიდან. იხსენებს, რომ უკვე კითხვებიც კი არ დაუსვამთ, ისე გააბრუნეს უკან.

„არ ვიცი, რა უნდა ვქნა. 11 თვე ვიცხოვრე თბილისში. მანდაა ჩემი ცოლი და ბინა“, - ამბობს ის.

კრესტიანინოვი ჰყვება, რომ თბილისში რუსეთიდან 2021 წლის ნოემბერში გამოიქცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ეფესბე ემუქრებოდა და უთვალთვალებდა.

მას შემდეგ, არაერთხელ დატოვა საქართველო სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ და სამუშაოდ. იყო ყაზახეთში, თურქეთში, სომხეთში. ყოველ ჯერზე, მისი თქმით, იზრდებოდა საზღვარზე დატოვების ინტერვალი.

„დასკვნების გაკეთება ძალიან რთულია. შეიძლება ვივარაუდო, რომ მიზეზი არის ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა. გარკვეული ცნობადობა. თუმცა არც ისე დიდი. მე ფოტოჟურნალისტი ვარ და არა ტელეწამყვანი ან ხმაურიანი საგამოძიებო სტატიების ავტორი“, - ამბობს კრესტიანინოვი და ამატებს: „პირველ რიგში, ეს რუსეთის მხრიდან ზეწოლაა საქართველოზე“.

ვასილი კრესტიანინოვი ამბობს, რომ თბილისში არაერთ აქციაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა არც ერთი მათგანი არ ეხებოდა საქართველოს შიდა პოლიტიკას და იყო მხოლოდ და მხოლოდ ანტიპუტინური.

ახლა ვასილის მეუღლე ლიზა პუშკინა ბარგს ალაგებს, რათა სომხეთში გადავიდეს. პუშკინა ამბობს, რომ თბილისში საკუთარი ნახატების გამოფენის მოწყობა უნდოდა და ამაზე მუშაობაც უკვე დაწყებული ჰქონდა.

ლიზა პუშკინა

დოკუმენტურ ფოტოპროექტზე ღელავს კრესტიანინოვი და იმედს იტოვებს, რომ საქართველოში დაბრუნებას და მის დასრულებას შეძლებს.

„იმედია შეიცვლება პოლიტიკური გარემო საქართველოში და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ექნებათ ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა“, - ამბობს ის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო რუსეთის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის, აქტივისტებისა თუ კრიტიკული ჟურნალისტებისთვის თავშესაფრის ადგილად იქცა. ამასთან, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს არაერთ ცნობილ ადამიანს, მათ შორის, „დოჟდის“ მიხაილ ფიშმანსა თუ „მედიაზონის“ ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს.

ამასთანავე, აგვისტოს ბოლოს რუსეთის საკონსულომ ტრაპიზონში განაცხადა, რომ გახშირდა თურქეთიდან მიმავალი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში არშეშვების შემთხვევები.