ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ისევ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ამის შესახებ ის ტვიტერის გვერდზე წერს, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დედისგან, გიული ალასანიასგან და თანაგუნდელისგან, გიორგი ჩალაძისგან მოისმინა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია.
"აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და მხნეობით", - წერს ევროპარლამენტარი.
ანა ფოტიგა საქართველოში დაგეგმილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდა. ღონისძიება დღეს დაიწყება. მანამდე, იგი გუშინ, 4 სექტემბერს, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მივიდა.
ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გასული წლის 10 ნოემბერსაც ითხოვა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.