ყაზახეთში  მსჯელობენ დედაქალისთვის ძველი სახელის - ასტანის დაბრუნებაზე  

ნურ-სულთანი, ყოფილი ასტანა, ყაზახეთი

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატთა ჯგუფმა დააყენა საკითხი ქვეყნის დედაქალაქს, ნურ-სულთანს ისევ დაუბრუნდეს ყოფილი სახელწოდება და მას ისევ ასტანა ეწოდოს.

2019 წლის მარტში, ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბრძანებულებით, ასტანას ნურ-სულთანი დაარქვეს მისი წინამორბედი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად.

"ჩვენ არასწორად მიგვაჩნია, როცა ქალაქს ადამიანის სიცოცხლეშივე ერქვას მისი სახელი. გარდა ამისა, ხალხმა არ მიიღო დედაქალაქის ახალი სახელი", - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში. მათი აზრით, ყოფილი სახელის დაბრუნება „ისტორიულად სამართლიანი“ გადაწყვეტილება იქნება.

მათივე განცხადებით, 1998 წელს, „ასტანას“ დარქმევა დედაქალაქისთვის ნურსულთან ნაზარბაევის წინადადება იყო:

„მხედველობაში მიიღება მისი წვლილი "ქვეყნის მთავარი ქალაქის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში", - წერენ ყაზახი დეპუტატები.

ქალაქი ნურ-სულთანი, რომელსაც ადრე ეძახდნენ ასტანას (ყაზახურად "ასტანა" - დედაქალაქს ნიშნავს), აკმოლას, ცელინოგრადს, აკმოლინსკს, ყაზახეთის დედაქალაქი გახდა 1997 წელს.

ნაზარბაევმა დედაქალაქი ასტანაში ალმათიდან გადმოიტანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ყაზახეთის უდიდესი ქალაქია.

2022 წლის იანვარში, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, თავდაპირველად საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნით.

შემდგომ კი პროტესტს დაემატა პოლიტიკური ლოზუნგები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო "შალ, კეტ!" („მოხუცი, წადი!“) - მოთხოვნა, რომ ნაზარბაევს დაეტოვებინა ხელისუფლება.

იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ ნაზარბაევთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თავად ნაზარბაევმა დატოვა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი და მმართველი პარტიის, ნურ-ოტანის თავმჯდომარის პოსტიც. ორივე პოსტი დაიკავა პრეზიდენტმა ტოკაევმა.