9 -14 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება, რომელშიც 11 ქვეყნის 14 ავტორი მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი, ტრადიციულად, საქართველოს მწერალთა სახლია. წელს ელიან ავტორებს უკრაინიდან, სლოვაკეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრალიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ირლანდიიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან. ფესტივალის მთავარი თემა კი იქნება - „შინ“ - სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში. ამ თემით ეხმიანება კიდეც ფესტივალი როგორც ომს უკრაინაში, ისე სხვა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს. პროგრამის სადისკუსიო თემებიც ამ სიმბოლოსა და შინაარსის მიხედვით დაიგეგმა.
ვინ ჩამოდის?
ტარა მაკდაუელი (ავსტრალია)
მაკდაუელის ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს შორის არის „არტისტი, როგორც...“ (2018) და „სახლის მცველები: რობერტ დანქენი და ჯესი“ (2019). წიგნს მიღებული აქვს 2018 წლის CAA მილარდ მაისის საგამომცემლო ფონდის პრემია; 2020 წელს იყო ჩარლზ სი ელრიჯის ჯილდოს ნომინანტი ამერიკული ხელოვნების დარგში. წიგნს ეროვნულ და საერთაშორისო პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასზე წერდნენ ისეთი ჟურნალები, როგორიცაა Bookforum, The Gay & Lesbian Review და The New York Review of Books.
დმიტრი სტროცევი (ბელარუსი)
დმიტრი სტროცევი რუსულენოვანი ბელარუსი პოეტია. გამოცემული აქვს 17 პოეზიის კრებული. არის ლიტერატურული და საგამომცემლო პროექტის „ახალი ტიკები“ ხელმძღვანელი და „მინსკის სკოლის“ ალმანახისა და პოეტური სერიის გამომცემელი.
მიღებული აქვს ნორვეგიელ ავტორთა კავშირის სიტყვის თავისუფლების ჯილდო (2020) და Ciampi – Valigie Rosse პრემია 2020 წელს (იტალია). ასევე არის ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის „მშვიდობის შემარყევლის პრემიის“ ლაურეატი, როგორც „რისკის ქვეშ მყოფი გაბედული მწერალი“ (2021).
ბერნჰარდ შლინკი (გერმანია)
1995 წელს გამოცემული მისი რომანი „წამკითხველი“ გერმანიასა და აშშ-ში თავიდანვე ბესტსელერად იქცა. რომანის მიხედვით სტივენ დოლდრიმ 2009 წელს ცნობილი ფილმი გადაიღო. წიგნი 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის ქართულად).
შლინკს მიღებული აქვს გერმანული Bundesverdienstkreuz (ღირსების ორდენი), ფრანგული „ღირსების ლეგიონის ორდენის“ კავალერის ტიტული და იტალიური „გრინცანე კავურის“ პრემია.
ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი)
ანდრეას ფლურაკისი ოცზე მეტი პიესის ავტორია, რომლებიც მსოფლიოს მრავალი თეატრის სცენაზე დაუდგამთ. მათ შორის: როიალ ქორთ თეატრი (ლონდონი), ესპანეთის ეროვნული თეატრი (მადრიდი), ლინკოლნის გეით თეატრი (ნიუ-იორკი) და სხვა.
მისი პიესები შეტანილი იყო ისეთი ფესტივალების პროგრამებში, როგორიცაა: HotINK (ნიუ-იორკი), ჰელსინკის ფესტივალი, Gi60 (ნიუ-იორკი), ოიუნ იაზის ფესტივალი (სტამბოლი), საერთაშორისო მონოდრამის ფესტივალი (პაფოსი, კვიპროსი), კულტურის ოლიმპიადა (ათენი) და შედარებითი დრამის ფესტივალი (ლოს-ანჯელესი).
ჯონ ო’დონელი (ირლანდია)
ჯონ ო’დონელი 5 პოეტური კრებულის ავტორია. მათ შორისაა „მზის შუქი: ახალი და რჩეული ლექსები“ (დედალუს პრესი, 2018). მიღებული აქვს ჰენესის ჯილდო პოეზიაში, ირლანდიის ფონდების ჯილდო და სიქეთის ეროვნული პოეტური პრემია. ეს ავტორი ცნობილია პროზაული ნაწარმოებებითაც. 2013 წელს მიიღო ჰენესის ჯილდო ბელეტრისტიკაში, ხოლო 2020 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობების სადებიუტო კრებული „თითქმის იგივე ლურჯი“.
ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია)
ამ ირლანდიელი პოეტის კრებულები გამომცემლობა „დედალუს პრესმა“ გამოსცა. ესენია „ლიფიში ცურვა“ (2014), რომელიც „Strong/Shine Award“-ის მოკლე სიაში მოხვდა და „სწრაფი“ (2018).
2011 წელს მოიპოვა „Listowel Poetry“-ს პრიზი, ხოლო 2013 წელს „Hennessy New Irish Writer“-ის მიერ დასახელდა წლის მწერლად.
2014 წელს ჯესიკა „Ireland Chair of Poetry Bursary“-ს სტიპენდიატი გახდა. მისი ახალი ნამუშევარი დაფინანსებულია „ხელოვნების საბჭოს“, „პოეტრი აირლენდისა“ და გამომცემლობა „სალვეჯ პრესის“ მიერ.
სერგეი ტიმოფეევი (ლატვია)
სერგეი ტიმოფეევი რიგაში, ლატვიაში, რუსული წარმოშობის ოჯახშია დაბადებული. ის არის ცხრა პოეტური კრებულის ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, გერმანულ, ქართულ, უკრაინულ და სხვა ენებზე და შეტანილია სხვადასხვა საერთაშორისო ანთოლოგიაში. მისი პოეტური კრებულები გამოცემულია იტალიაში, საქართველოში, მაკედონიასა და ესტონეთში.
სერგეი არის მულტიმედიური პოეზიის პროექტის „ორბიტას“ (1999, www.orbita.lv) ერთ-ერთი დამაარსებელი. მიღებული აქვს მონაწილეობა „ორბიტას“ ყველა მთავარ პროექტში - საგამომცემლოში, პერფორმანსებში, მეკობრულ პოეტურ-რადიო აქტივობებში, ინსტალაციებსა და გამოფენებში.
იგი ერთ-ერთი პირველი იყო პოსტსაბჭოთა კულტურულ სივრცეში, ვინც ვიდეოპოეზიის ჟანრში დაიწყო მუშაობა.
გრეტა ამბრაზაიტე (ლიეტუვა)
ლიეტუველი პოეტი, რედაქტორი, მთარგმნელი და გამომცემლობა "Bazilisko ambasada"-ს თანადამაარსებელია. ამბრაზაიტეს სადებიუტო პოეტური კრებული „მყიფე საგნები“(„Trapūs daiktai“, 2018) ავტორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. წიგნმა კრიტიკოსების და მკითხველის მოწონება დაიმსახურა, „ახალგაზრდა იოტვინგიანის“ ჯილდო და 2018 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის წოდება მიიღო.
მისი ლექსები 12 ენაზეა თარგმნილი. თავად ლიეტუვურ ენაზე თარგმნის ხორხე ლუის ბორხესის, ხულიო კორტასარის, ალეხანდრა პიზარნიკის და სხვათა პოეზიას.
დომინიკას ნორკუნასი (ლიეტუვა)
ლიეტუველი პოეტი და მთარგმნელი. 2020 წლიდან გამომცემლობა "Bazilisko ambasada"-ს ხელმძღვანელობს. მათი მთავარი საგამომცემლო ფოკუსი პოეზიაა. მისი სადებიუტო პოეტური კრებული „სიბნელე არის რვაფეხა“ 2021 წელს გამოიცა და ზიგმას გელეს პრემია მიიღო საუკეთესო პოეტური დებიუტისთვის. 2020 წელს მსოფლიო პოეზიის ლიეტუვური თარგმანებისთვის „პოეზიის გაზაფხულის ჯილდო“ გადაეცა.
იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი)
ამ პოეტისა და მთარგმნელის დებიუტი შედგა 2003 წელს პოეტური კრებულით „გაცნობის სესიები“, ხოლო მის 2009 წელს გამოცემულ კრებულს „ორი ფიატი“ ქალაქ გდინიის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
არის რაინერ მარია რილკეს სახელობის პოეტური კონკურსის ლაურეატი (2001) და იაცეკ ბერეჟინის სახელობის კონკურსის სპეციალური პრიზის მფლობელი (2002). 2010 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „მოძველებული“, რომელსაც ქალაქ გდინიის ლიტერატურული პრემია და პოლონელ გამომცემელთა გაერთიანების პრიზი ერგო. რომანი 2010-2011 წლის საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული.
2012 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ბახი ჩემი ბავშვისთვის“, რომლისთვისაც ვისლავა შიმბორსკას, „გრიფიას“, „სილეზიუსისა“ და „ნიკეს“ პრემიებზე წარადგინეს. 2014 წელს მისი მონოდრამა „Clarissima“ ვიტკაცის თეატრში (ზაკოპანე) დაიდგა, 2015 წელს კი ვარშავის დრამატული თეატრი მის პიესას „ჩემი პირველი სიკვდილი ვენეციაში“ დგამს.
არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია)
ფონ გრაფენრიდი მწერალთა კოლექტივის "Bern ist überall" წევრი და ბაზელის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის კურატორია. 2005 წელს მუსიკოსსა და საუნდ-არტისტ რობერტ აებერჰარდთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი „ფიცჯერალდი და რიმინი“, რომლის პერფორმანსებში თავად მონაწილეობს, როგორც spoken word არტისტი. 2017 წელს გამოსცა წიგნი „ბაბილონ პარკი“. მისი უახლესი პოეზიის კრებული „50 ჰერცი“ სიდი დისკზე გამოვიდა. მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია. უკვე მრავალი წელია ლიტერატურის, მუსიკისა და პერფორმანსის შეკავშირებაზე მუშაობს. რობერტ აებერჰარდთან თანამშრომლობის შედეგად მისი ბევრი ტექსტი spoken song-ად იქცა.
ქშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი)
ამ მწერალს, პოეტსა და რეჟისორს თანამედროვე პოლონური კულტურის სფეროში გამორჩეული ადგილი უჭირავს. 1978-83 წლებში ჩიჟევსკი ავანგარდული თეატრალური გაერთიანება „გარჯენიცეს“ თანადამაარსებელი და მსახიობი იყო. „სოლიდარობის“ წლებში დისიდენტურ მოძრაობაში ჩაერთო და თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ჟურნალი "Czas Kultury" („კულტურის დრო“), რომელსაც 80-იანი წლების ბოლომდე რედაქტორობდა, ასწავლიდა კულტურის ისტორიას, აგრძელებდა თეატრის სფეროში მუშაობას.
1990 წელს პოლონეთის, ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვართან, ქ. სეინიში/კრასნოგრუდაში, ჩესლავ მილოშის მამულში, დააარსა ფონდი და დიალოგის ცენტრი „Pogranicze”/ „საზღვარეთი“, რომელიც დღემდე აგრძელებს ისტორიის ძალთა მიერ დაშორებული ხალხების დაახლოებაზე მუშაობას. მისი უკანასკნელი წიგნი „ქსენოპოლისისაკენ მიმართული ხედვა“ წელს გამოიცა. უკრაინის ომისადმი მიძღვნილი მისი ლექსი „კლოუნის ცრემლი“ მსოფლიოს ათობით ენაზეა უკვე თარგმნილი.
მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი)
მისმა პირველმა პოეტურმა კრებულმა „ჩუმი ომები“ (1997) სლოვაკური ლიტერატურული ფონდის საუკეთესო დებიუტის ჯილდო დაიმსახურა. მას შემდეგ გამოსცა კრებულები: "ფქვა" (2001), "გრავიტაციის პლანქტონი" (2006), "სიყვარულის ისტორია: აგენტი და პაციენტი“ (2007) და "მეტაფიზიკური სახლი" (2017).
სოლოტრუკის ლექსები ბევრ ანთოლოგიაშია შეტანილი გერმანიაში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ტაივანში, სლოვენიაში, მაკედონიასა და აშშ-ში. მისი სრული კრებულები თარგმნილი და გამოცემულია ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ინდურ და ფრანგულ ენებზე.
ანდრი ლიუბკა (უკრაინა)
პოეტი, მწერალი და ესეისტია, რომელიც ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა. მათ შორის, "შიზოფრენიის რვა თვე" (2007), "ტერორიზმი" (2009), "40 დოლარი და ხურდა ფული" (2008); ასევე ავტორია პროზაული კრებულისა "მკვლელი" (2012), გერმანულ ენაზე გამოცემული ლექსების კრებულის "Notaufname" (ავსტრია, ინსბრუკი, 2012), ესეების წიგნის "ქალებთან წოლა" (2014), რომანის "კარბიდი" (2015, მოხვდა BBC უკრაინის წლის 5 საუკეთესო წიგნს შორის, პოლონური თარგმანი მოხვდა ცენტრალური ევროპის ანგელუსის პრემიის მოკლე სიაში 2017 წელს. მიღებული აქვს "დებიუტის" (2007) და "კიევსკიე ლავრის" (2011) პრემიები. სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა კოვალიოვის ფონდის (აშშ) პრიზი, 2017 წელს კი საუკეთესო ესეების კრებულისთვის შეველიოვის პრემიის ლაურეატი იყო.
რას მოვისმენთ და ვნახავთ ამ ხუთ დღეში?
9 სექტემბერს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უკრაინელ პოეტთან, ანდრი ლიუბკასთან გაიმართება.
ამავე დღეს შეგეძლებათ მოისმინოთ დისკუსია მწერლების ნინო ხარატიშვილისა და ბესო სოლომანაშვილის მონაწილეობით.
საღამოს რვაზე კი „პოეტურ ღამეს“ დაესწროთ, სადაც ლექსებს ფესტივალის მონაწილე უცხოელი პოეტები წაიკითხავენ.
შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში გელით ირლანდიური, სლოვაკური, ლიეტუვური პოეზიის საღამოები, დისკუსიები, ქშიშტოფ ჩიჟევსკის (პოლონეთი) წიგნის „სამყაროს პატარა ცენტრი“ წარდგენა, შეხვედრა ბერნჰარდ შლინკთან, ლიტერატურული საღამო მაქს ფრიშის „კითხვარის” შესახებ და ა.შ.
ფესტივალი დასრულდება თანამედროვე ქართული პოეზიის მარათონით - ავტორები საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ მწერალთა სახლის სხვადასხვა სივრცეში.
თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია, ორგანიზაცია Latvian Literature.