სადმე შესვლისას ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვო, თუ გავიტანო, ეს არაა ევროპული ცხოვრება - პრეზიდენტი მოსმენების კანონზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რატომ დაადო ვეტო "მოსმენების კანონს". მისი თქმით, ცვლილება მიიღეს დაუსაბუთებლად, აჩქარებულად, არაინკლუზიური კონსულტაციებით, რაც აჩენს ახალ ეჭვს,რომ ესაა ძალაუფლების გამყარებისთვის.

"რა, თუ არა მოსმენები, ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გამყოფი ხაზი - ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში თუ გადავდივართ ევროპულ სისტემაში? არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არა?

ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა, სადმე რომ შევდივართ და რამეს საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო. მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არაა ევროპული ცხოვრება, არაა ადამიანის უფლებების დაცულობა, ესაა სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ.

სწორედ ამის თქმა მინდოდა ვეტოთი... შეიძლება იყოს რაღაცა მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას. ფორმა, რომლითაც ეს ცვლილება მიიღეს, დაუსაბუთებელლად, აჩქარებულად, არაინკლუზიური კონსულტაციებით, აჩენს ახალ ეჭვს, რომ ესაა ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილება", - თქვა პრეზიდენტმა.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება ე.წ. მოსმენების კანონზე.

7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.

ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.