შინაგან საქმეთა სამინისტრო სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილების ფაქტებით დაინტერესდა. 31 აგვისტოს, უწყებაში გასაუბრებაზე დაიბარეს არასამთავრობო ორგანიზაციისა და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი, თამუნა მუსერიძე.
ფეისბუკის ჯგუფში „ვეძებ“, რომელიც 170 ათასზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის შემთხვევების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თამუნა მუსერიძე გასაუბრებაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიბარეს. შსს კომენტარს არ აკეთებს დაიწყება თუ არა წლების წინ, სავარაუდოდ, უკანონო გაშვილების ფაქტებზე გამოძიება.
31 აგვისტოს თამუნა მუსერიძემ ექვსი საათი გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაუბრებაზე. სამართალდამცავებს მოუყვა ყველაფერი, რაც მას და მის მეგობრებს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაუგროვდათ. ლაპარაკია ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროდან, ჩვილების, სავარუდოდ, უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის ფაქტებზე:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად დაგვიკავშირდა. გამოთქვეს დახმარების სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დადასტურებული ფაქტი გვაქვს, გვყავს შვილები, რომლებიც წლების წინ მკვდრად გამოაცხადეს სამშობიაროებში და შემდეგ ცოცხლები ვიპოვეთ, დნმ-ის ტესტმაც დაადასტურა მათი ბიოლოგიური კავშირი მშობლებთან, სამწუხაროდ, ამ საქმეების უმეტესობა, ხანდაზმულია და ჩვენ ახლა ვერავის დასჯას ვეღარ მოვითხოვთ. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც დაინტერესდა ამ ფაქტებით და გვითხრეს, რომ აუცილებლად ითანამშრომლებენ ჩვენთან. დეტალურად გამომკითხეს ინფორმაცია რამდენიმე ფაქტის შესახებ. მითხრეს, რომ კიდევ დამიკავშირდებიან, რათა სხვა დეტალებიც განვიხილოთ“.
გარდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაბადებული ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებისა, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია 2003 წელს დაბადებული ორი ჩვილის უკანონო გაშვილების შესახებაც. ერთ-ერთი მათგანი კანადაშია გაშვილებული, მეორე კი საბერძნეთში. 18 წლის ბიჭებმა და მათმა აღმზრდელმა მშობლებმა არასამთავრობო ორგანიზაციას სულ ცოტა ხნის წინ მიმართეს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მივაწოდე ინფორმაცია შედარებით ახალ, 2003 წლის საქმეზეც. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყოს“.
თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ 2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, მოხერხდა 500-მდე ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც. ბავშვები, რომლებიც მისი თქმით, ათწლეულების წინ სამშობიაროებში გარდაცვლილებად გამოაცხადეს, შემდეგ კი უკანონოდ გაყიდეს, მათ შორის საზღვარგარეთაც.
40 წლის წინ გაშვილებული ჩვილის პოვნის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ 23 აგვისტოს გაავრცელა. თამუნას მიერ გაზიარებულ ვიდეოში, დედა-შვილის შეხვედრის კადრებია აღბეჭდილი. მართალია, ვიდეო ერთი კვირის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში, თუმცა, დედა-შვილმა ერთმანეთი ჯგუფის „ვეძებ“ დახმარებით, ერთი წლის წინ იპოვა.
როგორც თამუნა მუსერიძე ყვება, 40 წლის წინ, ჭიათურაში დაბადებული ბიჭი, სამშობიაროში „გარდაცვლილად“ გამოაცხადეს, შემდეგ თბილისის მეორე სამშობიაროში გადაიყვანეს და სწორედ იქიდან მოხდა მისი გაშვილება:
„ჭიათურის სამშობიაროში დედას უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. რეალურად კი ბავშვი თბილისში, მეორე სამშობიაროში წამოიყვანეს. მშვილებელ ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვი დედამ მიატოვა. როდესაც ბავშვი სახლში უნდა წაეყვანათ, უარი ბავშვის ბიოლოგიური მამის ნაცვლად, მეორე სამშობიაროს დარაჯს დააწერინეს. თუმცა, აღმზრდელებმა იცოდნენ ჩვილის ბიოლოგიური მშობლების გვარები. სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფის საშუალებით დაგვიკავშირდა გაშვილებული ბიჭის ცოლი, მოგვიყვა მისი ქმრის ისტორია. მან არ იცოდა, რომ მისი ქმარი ჭიათურის სამშობიაროში იყო დაბადებული, რადგან საბუთებში დაბადების ადგილად თბილისის მეორე სამშობიარო იყო მითითებული. ეს ისტორია დავწერეთ ჯგუფში, გამოქვეყნდა ფოტოც. ამ ბიჭის ბიოლოგიურმა ძმამ ფოტოზე მსგავსება აღმოაჩინა, გაკეთდა გენეტიკური ანალიზი და დადასტურდა, რომ ისინი ბიოლოგიური ძმები არიან“.
"მესამე დღეს მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა"
10 წელია შვილს ეძებს ია უღრელიძე. 18 წლის იყო, როდესაც 1997 წლის 28 აგვისტოს, თბილისის მეხუთე სამშობიაროში ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. ბავშვი 28 აგვისტოსვე ნახა, აჭამა. ექიმებმა უთხრეს, რომ მისი შვილი, რომელსაც მარიამი დაარქვა, ჯანმრთელი იყო, თუმცა, ნორმაზე ცოტას იწონიდა.
იამ შვილი მეორე დღეს დღენაკლულთა განყოფილებაში, მინის მიღმა მოინახულა: „პალატაში არ შემიშვეს, თუმცა, ფანჯარასთან ახლოს მომიყვანეს. როგორც ყველა სხვა ბავშვი, ისიც ტიროდა, გამოწველილი რძეც ჭამა“, - გვიყვება ია.
30 აგვისტოს, ბავშვის დაბადებიდან მესამე დღეს, იას ექთანმა შეატყობინა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა: „ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი. მეუბნებოდა, შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ძალიან კარგი გოგო ხარ, ყველაფერი კარგად იქნება, ჯანმრთელი გოგო ხარ და კიდევ გაგიჩნდება შვილებიო. იმ წუთას ვერ მივხვდი, რაზე მელაპარაკებოდა, ვერ გავიგე, რას მეუბნებით-მეთქი. მითხრა, შენი შვილი გარდაიცვალაო. ამის შემდეგ უკვე აღარ მახსოვს, რა ხდებოდა“.
არც იას და არც მის ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ჩვილის სხეული არ უნახავთ. მათ უთხრეს, რომ ჩვილს ბავშვთა სასაფლაოზე დაკრძალავდნენ:
„დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ძალები მოვიკრიბე, შევძელი და მოვიკითხე სამშობიაროში, თუ სად შემეძლო მენახა ჩემი შვილის საფლავი, აღმოჩნდა, რომ ბავშვთა სასაფლაო არ არსებობს. არ მაქვს არც ბავშვის გარდაცვალების ცნობა. მაქვს მხოლოდ მისი დაბადების მოწმობა. სამწუხაროდ, იმ უბედურების მომენტში, ოჯახს არ გვიფიქრია, რომ მაშინვე მოგვეთხოვა გარდაცვალების მოწმობა“.
მშობიარობიდან 7 წელში, 2004 წელს, იამ ისიც აღმოაჩინა, რომ მეხუთე სამშობიაროში არ არსებობდა ჩანაწერი მისი მშობიარობის შესახებ:
„სამშობიაროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ეს ჩანაწერები განადგურებულია, რადგან ხანდაზმულობის ასაკი გააჩნია ამ ჩანაწერებს და ამდენი წლის ჩანაწერს, არავინ შეინახავდაო. 4 წლის წინ კიდევ მივედი სამშობიაროში. იქ ახლაც მუშაობენ ის მედმუშაკები, რომლებიც ჩემი მშობიარობის პერიოდში მუშაობდნენ. დამცინეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ, მგონი, არ ხართ კარგადო. მოვითხოვე სამშობიარო ჩანაწერები, ის რომ ბავშვი გავაჩინე, ის, რომ გარდაიცვალა, ის, რომ ბავშვთა სასაფლაოზე დაკრძალეს, მაგრამ დამცინეს, შეურაცხადი ხართო“.
როგორც ია გვიყვება, რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც შვილის ძებნა უკვე ჯგუფის „ვეძებ“ დახმარებით დაიწყო, მას ქალი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ჰქონდა ეჭვი, რომ მისი შვილი, 1997-98 წლებში, რვა თვის განმავლობაში, სწორედ მის სახლში ცხოვრობდა. ია უღრელიძის თქმით, იმ წლებში ქალი მეხუთე სამშობიაროს ერთ-ერთი გინეკოლოგის ოჯახში დამხმარედ მუშაობდა.
„სწორედ ამ გინეკოლოგმა შესთავაზა მას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მიეხედა ჩვილისთვის. ქალი დათანხმდა, რადგან ხელმოკლედ ცხოვრობდა. ბავშვი მასთან დაახლოებით რვა თვე იყო. უთხრეს, რომ ბავშვი დედამ დატოვა და სურდათ, რომ სანამ ნორმალურ ოჯახს შეარჩევდნენ, დროებით ძიძობა გაეწია. რვა თვის შემდეგ ბავშვი გააშვილეს. ამ ქალბატონმა საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მომაწოდა იმ ოჯახზე, ვინც ბავშვი იშვილა. ოჯახს დავუკავშირდით, გამოვნახეთ საერთო ნაცნობები, მაგრამ სწორედ რამდენიმე დღის წინ, აგვისტოს ბოლოს, ჩემდა სამწუხაროდ, გაირკვა, რომ ბავშვი არ არის ჩემი შვილი. თუმცა, ისიც, სავარაუდოდ, ასე უკანონოდაა გაშვილებული და გაყიდული. ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ. არ ვაპირებ დავყარო ფარ-ხმალი. საბოლოოდ უნდა გავარკვიო, ცოცხალია თუ მკვდარი ჩემი შვილი. ვინაიდან საქმეს ჯერ კიდევ ვიძიებ და გარკვეული ინფორმაცია გამაჩნია, კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან ცოტა ხნით თავს შევიკავებ. თუმცა, გადაწყვეტილი მაქვს, რომ თუკი უახლოეს პერიოდში ვერ გავარკვიე ვერაფერი, მერე აუცილებლად განვაცხადებ პოლიციაში“.
რატომ ფიქრობს მაია, რომ შესაძლოა, მისი ორი შვილი უკანონოდ გააშვილეს?
44 წლის მაია გორგაძეს ეჭვი აქვს, რომ ორი შვილი, რომელთა გარდაცვალებაც სამშობიაროში შეატყობინეს, თუმცა, მათი ცხედრები არ უნახავს, შესაძლოა ცოცხლები იყვნენ. ბავშვების ძებნა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, ვერანაირ კვალს ვერ მიაკვლია.
16 წლის იყო, როცა 1994 წელს, თბილისის პირველ სამშობიაროში, ორსულობის 36-ე კვირას გოგო გააჩინა.
ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მშობიარობის მეცხრე დილას, ექიმებმა უთხრეს, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდაო, საღამოს კი მისი გარდაცვალება აცნობეს. მაიას ქმარი და მამა ბავშვის დასაკრძალად მეორე დღეს დაიბარეს, თუმცა, დილით მისულ მამას და ბაბუას უთხრეს, რომ ბავშვი უკვე დაკრძალული იყო.
ორი წლის თავზე, იმავე სამშობიაროში, მაიამ ბიჭი გააჩინა:
„ბავშვისთვის თვალიც არ მომიკრავს, როგორც კი გაჩნდა, ექიმმა, რომელმაც მამშობიარა, თქვა, ამ ბავშვს შინაგანი ორგანოების პრობლემა აქვსო და მაშინვე გაიყვანეს. არადა, მანამდე ექოსკოპიაზე, არასდროს უთქვამს რადიოლოგს, რომ ბავშვს რაიმე პრობლემა ჰქონდა. ორ საათში გვითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და გასაკვეთად და სიკვდილის ზუსტი დიაგნოზის დასადგენად ექსპერტიზაზე გავგზავნეთო. როგორც პირველი ბავშვის შემთხვევაში, გარდაცვლილი შვილის სხეული არც მაშინ გვინახავს“.
დაახლოებით ერთი თვის წინ, იუსტიციის სახლიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, მაია გორგაძემ აღმოაჩინა, რომ მეორე შვილის დაბადების მოწმობა, რომელიც დაიბადა 1996 წლის 8 აპრილს და იმავე დღეს, ორ საათში გარდაიცვალა, გაცემულია 12 აპრილს. რაც შეეხება დოკუმენტაციას პირველი ბავშვის შესახებ, პირველ სამშობიაროში მის შესახებ მხოლოდ არასრული ინფორმაცია იპოვა:
„პირველი ბავშვი საერთოდ არ ფიქსირდება იუსტიციის სახლიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში. ბავშვის ისტორია მისი დაბადებიდან ორი წლის თავზე მოვიკითხე სამშობიაროში, მაგრამ ისტორია იქ აღარ აღმოჩნდა. მხოლოდ „სიმართლის წიგნში“ იყო ჩანაწერი, რომ დაიბადა ქალი, გადაკეთებულია მონაცემი და 36 კვირის ნაცვლად წერია, 38 კვირა. გრაფაში, სადაც უნდა ეწეროს, რომ დედა გაეწერა ბავშვით, ცარიელია. გრაფაში, სადაც უნდა ეწეროს, რომ ბავშვი ან ცოცხალია და ან გარდაცვლილია, არის ცარიელი და ამ ჩანაწერს არ ახლავს არანაირი ხელმოწერა. რაც შეეხება მეორე ბავშვის დოკუმენტაციას, იუსტიციის სახლიდან გამოთხოვილ საბუთებში დაფიქსირებულია, რომ 8 აპრილს დაბადებული და 8 აპრილსვე გარდაცვლილი ბავშვის დაბადების მოწმობა გაცემულია 12 აპრილს და იმავე დღეს ხდება გარდაცვალების რეგისტრაციაც. დაბადების და გარდაცვალების მოწმობების რეგისტრაციის ასლში წერია, რომ ამ რეგისტრაციებს ითხოვს პირველი სამშობიაროს წარმომადგენელი კონკრეტული სახელითა და გვარით. მე ახლა სამი შვილი მყავს. მათი დაბადების მოწმობები გამოთხოვილია მამის მიერ. ეს არის მამის მიერ გასაკეთებელი საბუთი. თუმცა, მეორე შვილზე, იმავე საბუთს ითხოვს პირველი სამშობიაროს წარმომადგენელი. ხომ შეეძლოთ სამშობიაროში მოეთხოვათ, რომ ეს მოწმობები ჩვენ, ოჯახის წევრებს გაგვეკეთებინა, რატომ დაამზადებინეს თავად მათ? როგორ ფიქრობთ, არ მაქვს საფუძველი, მქონდეს ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩემი შვილები უკანონოდ გააშვილეს?“
თამუნა მუსერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ წლების წინ, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში არსებობდა ე.წ. კონსპირაციული ბინები, სადაც სამშობიაროდან წამოყვანილი, გარდაცვლილად გამოცხადებული და „გასაყიდად გამზადებული“ ბავშვები დროებით ჰყავდათ დაბინავებულები და ეს ბინები ბავშვების გაშვილების სქემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო.
ფეისბუკის ჯგუფში „ვეძებ“ გამოქვეყნებულ პოსტებში, ბოლო დღეებია გაჩნდა იმ მედპერსონალის სახელები და გვარებიც, რომლებიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში სხვადასხვა სამშობიაროში მუშაობდნენ. როგორც თამუნა მუსერიძე გვიხსნის, ამ დრომდე, ჯგუფის მომხმარებლები ერიდებოდნენ კონკრეტული ექიმების, ექთნებისა თუ ბებიაქალების ვინაობების გამჟღავნებას, თუმცა, მისი თქმით, ამჯერად, ჯგუფის პოლიტიკა შეიცვალა:
„ჩვენ მათ ბრალს არ ვდებთ. უბრალოდ მომხმარებლები წერენ, რომ მაგალითად, მან იმშობიარა ამა და ამ სამშობიაროში, გინეკოლოგი იყო ეს, ბებიაქალი ეს. ის არ წერს, რომ მაინც და მაინც ამ ადამიანებმა გააშვილეს მისი შვილი. ვწერთ მათ ვინაობებს იმიტომ, რომ იქნებ მშვილებელ ოჯახებს, აღმზრდელ მშობლებს ეცნოთ ამ ექიმების სახელები და გვარები და გამოეხმაურონ ბიოლოგიურ მშობლებს, რომლებიც შვილებს ეძებენ“.
თამუნა მუსერიძის თქმითვე, გაშვილებული მოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში მათი პირველადი სახელისა და გვარის ინფორმაციას ითხოვს, ამ მონაცემს სააგენტოსგან ვერ იღებს, რაც მისი თქმით იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში ბავშვების უდიდესი ნაწილი უკანონოდაა გაშვილებული:
„ტრეფიკინგის სააგენტოში არსებობს ბაზა, სადაც გაშვილებული ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულია მათი პირველადი სახელი და გვარი. თუმცა, ეს არ არის იმის გარანტი, რომ ამ სააგენტოში მისული, ამ ინფორმაციას მიიღებ, რადგან თუკი შენ არაოფიციალურად ხარ აყვანილი, ანუ ხარ ნაყიდი, ამ ბაზაში არანაირი მონაცემი არ იქნება დაფიქსირებული. საბუთს მიიღებს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ოფიციალურად, კანონიერი გზით არის აყვანილი. და ასეთი არის 10%. უმეტესობა გაშვილებულებისა, რომლებიც მიდიან ამ სააგენტოში, ვერ იღებენ პასუხს“.
რამდენად ხშირად აკითხავენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გაშვილებული მოქალაქეები, რომლებსაც პირველადი ვინაობის დადგენა სურთ და რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი დაბადების სააქტო ჩანაწერში ვერ პოულობენ მათ პირველად სახელსა და გვარს? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით მიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს. როგორც სააგენტოში გვითხრეს, ამ ინფორმაციის დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება და როგორც კი ეს მონაცემი მზად ექნებათ, მოგვაწვდიან.
სექტემბრის ბოლოს ფეისბუკ-ჯგუფის „ვეძებ“ ორგანიზებით, სხვადასხვა სამშობიაროსთან იგეგმება საპროტესტო აქციების გამართვაც. როგორც თამუნა მუსერიძე გვეუბნება, მათი მოთხოვნა იქნება, რომ დედებს, რომლებიც სამშობიაროებში გარდაცვლილი შვილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიდიან, სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ:
„დედები, რომლებიც სამშობიაროებში მიდიან ინფორმაციის გადასამოწმებლად, ხდებიან ძალიან დიდი აგრესიის მსხვერპლნი. ეუბნებიან, რომ აღარ არსებობს არქივი, განადგურდა, დაიწვა. მოვითხოვთ, რომ დედებს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, რათა რეალურად გაიგონ, იქნებ მართლა გარდაიცვალნენ მათი შვილები, იქნებ სადღაც მართლაც არსებობს მათი საფლავები და ჩვენ ამ ყველაფერს ვიგონებთ. გასცენ ამ ქალებს პასუხი“.
ასევე ნახეთ დედა, მე ნაშვილები ვარ? - ბიოლოგიური ოჯახის ძიებაში