ბჟანია ბიჭვინთაზე: მიწის რაიმე ფორმით გასხვისებაზე ლაპარაკიც ზედმეტია

ასლან ბჟანია, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფახაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის ბიჭვინთაში არსებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთის გადაცემას შეეხება.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთში მიწის არანაირი სახით გასხვისებაზე ლაპარაკიც კი არ არის. განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული.

"მოგმართავთ, საზოგადოებაში გაჩენილ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც სპეკულაციებით, ჭორებითა და ბანალური სიცრუითაა გამოწვეული ე.წ „მიწის გაყიდვის“ თემაზე. ჭორებზე კომენტარის გაკეთების გარეშე, ფაქტებს მივმართავ. ქვეყნის მთავარი კანონში - აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი" ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბჟანია ამბობს, რომ „პრეზიდენტი კონსტიტუციის“ აღსრულების გარანტია და ის, როგორც „სახელმწიფოს მეთაური“, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს სრული პასუხისმგებლობით „საპრეზიდენტო ვადის“ განმავლობაში.

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს აფხაზური საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.

შეთანხმებას „პარლამენტის“ მხრიდან რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანს წარმოადგენს ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად, ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც.