გასულ კვირას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს ენგურის ხიდზე საქონლის ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობა.
ეს ინფორმაცია ტელეგრამ-არხ RESPUBLICA-ს შეხვედრის მონაწილემ, ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა დაუდასტურა.
ხაშიგის თქმით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ტვირთების ტრანზიტის საკითხზე. მას აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა ხელმძღვანელობს. სამუშაო სხდომას ეკონომიკისა და საბაჟო-სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინალ ხაშიგი ამბობს: „სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ ასეთი ტრანზიტი აუცილებელია“ და პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიმართა რეკომენდაციით, მოხსნას შეზღუდვები ენგურის გასწვრივ დე ფაქტო საზღვარზე.
„სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია პრეზიდენტს, მოხსნას არსებული შეზღუდვები ენგურის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე“, - განაცხადა ინალ ხაშიგმა.
ამასთან, ჟურნალისტის თქმით, ქართულ მხარესთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აფხაზეთი თავად წყვეტს, რომელი საქონელი შედის მის ტერიტორიაზე და რომელიც გადის მისი ტერიტორიიდან.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ერთგვარ ჩიხად ვიქეცით. ყველა საქონელი გადის ერთსა და იმავე მარშრუტს: აფხაზეთიდან რუსეთში, რუსეთიდან აფხაზეთში. აფხაზეთს ტრანზიტით ფული პრაქტიკულად არ გამოუმუშავებია.
24 თებერვლის შემდეგ, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია და რუსეთს დაუწესდა უზარმაზარი რაოდენობის სანქციები, გლობალური ტრანსფორმაცია განიცადა როგორც ლოგისტიკამ, ასევე ლოგისტიკურმა ცენტრებმა.
ახლა, როცა ახალი ლოგისტიკური მარშრუტების ორგანიზების პროცესები მიმდინარეობს, ძალიან დიდი სისულელეა იმის მშვიდად ყურება, თუ როგორ გვეცლება ხელიდან ფული, რომელიც აფხაზეთს ძალიან სჭირდება.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, თურქული მიმართულება კი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი ჰაბი ხდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა ხაშიგმა RESPUBLICA-სთვის მიცემულ კომენტარში.
ჟურნალისტი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აფხაზეთი შეძლებს „სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთების მიღებას, რომლებიც მოდიან სომხეთიდან და თურქეთიდან“.
„ეს ასევე ეხება სხვადასხვა საქონელს საქართველოდან. ბოლოს და ბოლოს, გვაქვს სახელმწიფო სტანდარტი, რომელმაც უნდა მოახდინოს ამ საქონლის სერტიფიცირება აფხაზური წესებით“, - დასძინა მან.
- 2008 წელს აფხაზეთმა სრულად აკრძალა დე ფაქტო საზღვარზე საქონლის გადატანა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი.