უკრაინა კონტრშეტევაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 აგვისტოს

უკრაინა ხერსონის ოლქში კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი. ცნობას current time-თან სატელეფონო კომენტარში ადასტურებს უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი.

„იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პოზიტიურ ამბავს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, ჩვენ შეგვიძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, რომ ნამდვილად დაიწყო გარკვეული მოქმედებები. ძალიან გთხოვთ, მომავალში თავი შევიკავოთ და პედალირება არ მოვახდინოთ ამ მოვლენის, არ ჩაეძიოთ დამატებით დეტალებს, სამხედროების პროვოცირება არ მოვახდინოთ იმ მხრივ, რომ მათ გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც სინამდვილეში იქ ხდება. საკმარისია ის ცნობა, რომელიც უკვე გავრცელდა: არის გარღვევა და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მხრიდან ეს მოქმედებები განვითარდეს, ხოლო მტრის ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია“, - თქვა ნატალია გუმენიუკმა. მან დამატა, რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას სიჩუმე სჭირდება.

წაიკითხე მეტი.

უცხოელი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს 2 უცხოელი ექსპერტი შეხვდა. მათ გარდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ 3 საერთაშორისო სპეციალისტი შეაფასებს. სააკაშვილის დაცვის მხარე და მისი ოჯახი მოელიან, რომ ექსპერტების მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება პატიმარი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არ გამორიცხა მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება.

კიდევ ერთი ექსპერტიზის მიზანი მან ასე განმარტა: „...დაინტერესებული ვართ როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. ვინ ჩაატარებს, ამის შესახებ თუ იქნება მიღებული ჩვენი მხრიდან, შემდეგ გაიგებთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

წაიკითხე მეტი ლანა კოკაიას სტატიაში.

ოპოზიცია ზაფხულის შემდეგ - კომა თუ აქტიური მზადება?

6 სექტემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესია დაიწყება. პროცესში ჩართვას გეგმავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობაც“ და, პარალელურად, ქუჩის პროტესტისთვისაც ემზადება. პარტიაში არ იზიარებენ შეფასებებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ქრება და ოპოზიცია ამომრჩევლების დაკვეთას დაშორდა.

ივნის-ივლისში სამი ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ძირითადი ყურადღება პარლამენტისკენ, ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობის პრობლემური პროცესისკენ იყო მიმართული.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ, პარტია აპირებს, ერთი მხრივ, წარადგინოს საკუთარი კანონპროექტები ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესაბამისად და, მეორე მხრივ, დაელოდოს „ქართული ოცნების“ კანონპროექტებს.

„თუკი [„ქართული ოცნების“ მიერ] შესაბამისი კანონმდებლობა არ იქნება შემოტანილი, ვფიქრობთ, პოლიტიკურ პარტიებსაც და მთლიანად საზოგადოებასაც, რჩება ორი გზა, ეს არის საჯარო პროტესტი და ვადამდელი არჩევნები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური და იქვე ამატებს, რომ პარტია საჯარო პროტესტისთვის აქტიურად ემზადება და სხვა პარტიებიც, მისი ინფორმაციით, „განიხილავენ ასეთ შესაძლებლობას“.

რას აპირებს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას? გაიგე ლელა კუნჭულიას სტატიიდან.

რუსები ევროპაში - სავიზო გადასახადის გაზრდა, აკრძალვის ნაცვლად?

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იკრიბებიან. ორდღიან სამიტზე მთავარ განსახილველ თემად იქცა რუსეთის მოქალაქეებისთვის 2007 წლიდან მოქმედი გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ვიზის მისაღებად მეტი დრო და გაზრდილი სავიზო მოსაკრებლის გადახდა დასჭირდებათ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა რადიო თავისუფლებისათვის 29 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა საქმე მივიდეს ვიზების სრულ აკრძალვაზე.

ევროკავშირის წევრმა და რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებმა, პრაღის მინისტერიალამდე ერთი კვირით ადრე, განაცხადეს, რომ აუკრძალავენ რუს ტურისტებს თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლას, თუ ევროკავშირი არ მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას შეზღუდვების შესახებ. ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ფინეთის გეგმები გამოაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

როგორ მივიდა ევროპა ამ საკითხის განხილვამდე? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ექსპერტთა საერთაშორისო მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს.

29 აგვისტოს, გროსიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს დღე დადგა და უკვე გზაშია მისია, რომელმაც უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. საერთაშორისო მისიის ექსპერტები ადგილზე ამ კვირაში ჩავლენ.

27 აგვისტოს, გამოცემა The New York Times-ი წერდა, რომ მისია დაკომპლექტდა ძირითადად, „ნეიტრალური ქვეყნების“, მათ შორის ალბანეთის, მექსიკის, ჩრდილოეთ მაკედონიის, საფრანგეთის, იტალიისა და იორდანიის წარმომადგენლებით და ამასთან, მასში არიან უკრაინის აქტიური მხარდამჭერი პოლონეთისა და ლიეტუვის და რუსეთის მომხრედ მიჩნეული სერბეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებიც.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

„ბიჭვინთა პირველი ნაბიჯია, რიგში ენგურჰესი დგას“ - აფხაზური ოპოზიცია

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ მიხაილ შურგალინს, ადგილობრივი ვეტერანთა სამოქალაქო ორგანიზაცია „აიააირას“ შემდეგ ოპოზიციური სამოქალაქო გაერთიანება „აიდგილარაც“ აკრიტიკებს.

საქმე რუსი დიპლომატის პოზიციას ეხება, რომელიც მან „რია ნოვოსტისთან“ საუბარში გამოხატა, ყოფილი სახელმწიფო აგარაკის, „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.

„აიდგილარა“ „ელჩს“ „თავის გამონათქვამებსა და მსჯელობაში“ კორექტულობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ბიჭვინთის“ ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა არ შეესაბამება არც აფხაზეთის და არც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს. შეთანხმებაში ჩადებული ნორმები კი, „აფხაზეთის კონსტიტუციასთან“ წინააღმდეგობაშია.

„დარწმუნებული ვართ, მოქმედების მსგავსი ალგორითმი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რიგშია ობიექტები ენგურჰესი, საკალმახე მეურნეობა და ქვეყნის სხვა აქტივები“,- ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

NASA-მ გადადო მთვარეზე რაკეტის გაშვება

29 აგვისტოს საწვავის გაჟონვის გამო, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA იძულებული გახდა, გადაედო მთვარეზე თავისი ახალი საცდელი რაკეტის გაშვება.

შემდგომი გაშვება, სულ მცირე, 2 სექტემბრამდე არ მოხდება.

98-მეტრიანი Space Launch System-ის რაკეტა დილით ადრე უნდა გაეშვათ. ბორტზე სამი საცდელი მანეკენით მას დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო კაფსულა უნდა გაეშვა.

წაიკითხე მეტი.

ასობით ირანელმა მოაწერა ხელი საპროტესტო წერილს "ათწლეულების" განმავლობაში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ

ირანის 1000-ზე მეტმა მოქალაქემ და სამოქალაქო აქტივისტმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც პროტესტია გამოთქმული "ირანელი ქალების ჩაგვრის მიმართ ოთხი ათწლეულის განმავლობაში". განცხადებაზე ხელმოწერები გამოიწვია ერთ-ერთი ქალის - რომელმაც პროტესტი გამოთქვა თავსაბურავის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ - ბოლოდროინდელმა დაპატიმრებამ და სავარაუდო წამებამ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სეფიდე რაშნოს "იძულებითი აღიარება" სახელმწიფო ტელევიზიით წარმოადგენს მთავრობის სისტემატური ძალისხმევის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს ქალების საჯარო სივრცეებიდან განდევნას ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში.

წაიკითხე მეტი.

რას ედავებიან Evolution-ს თანამშრომლები, რას ამბობს კომპანია და რას იტყვის შრომის ინსპექცია?

ბიზნესკომპანიას, ონლაინკაზინოების სერვისების პროვაიდერ კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომლების ნაწილი არასათანადო სამუშაო პირობების გამო აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, დასაქმებულებს რთულ პირობებსა და ანტისანიტარიაში უწევთ მუშაობა.

თანამშრომელთა ბრალდებებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყოფს კომპანია „ევოლუშენ საქართველო“. ბიზნესკომპანიაში არსებულ სამუშაო პირობებს და თანამშრომელთა უფლებრივ მდგომარეობას სწავლობს შრომის ინსპექცია.

კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, დღევანდელი მონაცემებით, 7000-მდე თანამშრომელი ჰყავს. მათი საშუალო ასაკი 25 წელია. კომპანიაში უმეტესწილად სტუდენტები ან ისეთი ადამიანები არიან დასაქმებულნი, რომლებსაც ძირითადი სამსახურის გარდა, სურთ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ. ისინი კვირაში სამი დღე მუშაობენ. თავად ირჩევენ სამუშაო გრაფიკსაც. კომპანია ონლაინკაზინოებს ემსახურება, რაც გულისხმობს კაზინოებისთვის ლაივ-თამაშების წაყვანის მომსახურებას სპეციალურად მოწყობილი სტუდიებიდან. კომპანია ექვს შენობაშია განთავსებული. ოთხ მათგანში ის სტუდიებია მოწყობილი, საიდანაც ონლაინკაზინოების თამაშების ტრანსლირება ხდება. სწორედ სტუდიებში დასაქმებული თანამშრომლების ნაწილი აკრიტიკებს კომპანიას და ამტკიცებს, რომ დასაქმებულებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

გაიგე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიიდან.

კატერინა კოზაკი 4 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და უკრაინულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია Svitanok-ს ხელმძღვანელობს.

24 თებერვალს უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა შეცვალა კატერინას და "სვიტანოკის" საქმიანობაც, მთავარი მიზანი უკრაინელების დახმარება, მათი განთავსება და სამუშაოს ძიება გახდა.