უკრაინა ხერსონის ოლქში კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ იუწყება

ილუსტირებული ფოტო.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი. ცნობას current time-თან სატელეფონო კომენტარში ადასტურებს უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი.

„იმის გათვალისსწინებით, რომ ასეთი პოზიტიურ ამბავს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, ჩვენ შეგვიძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, რომ ნამდვილად დაიწყო გარკვეული მოქმედებები. ძალიან გთხოვთ, მომავალში თავი შევიკავოთ და პედალირება არ მოვახდინოთ ამ მოვლენის, არ ჩაეძიოთ დამატებით დეტალებს, სამხედროების პროვოცირება არ მოვახდინოთ იმ მხრივ, რომ მათ გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც სინამდვილეში იქ ხდება. საკმარისია ის ცნობა, რომელიც უკვე გავრცელდა: არის გარღვევა და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მხრიდან ეს მოქმედებები განვითარდეს, ხოლო, მტრის ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია“, - თქვა ნატალია გუმენიუკმა. მან შენიშნა, რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას სიჩუმე სჭირდება.

გუმენიუკმა დააზუსტა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამხრეთით სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს შეტევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კონტრშეტევა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს - ეს არის მტრის შევიწროება და მისთვის წინსვლის შესაძლებლობის არმიცემა. დღეს კი ჩვენ დავიწყეთ შეტევითი მოქმედებები, მათ შორის, ხერხონის ოლქში“.

ოპერატიული სამხედრო დაჯგუფების, „კახოვკის“ ცნობით, რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ხერსონის ოლქში განადგურებულია თითქმის ყველა დიდი ხიდი.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აკსენოვი კი საკუთარ ტელეგრამ-არხზე იუწყება, რომ ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ „მორიგი „ფეიკია“ უკრაინული პროპაგანდის“.

ამავე დროს, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული „ხელმძღვანელის მოადგილემ" იური სობოლევსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

კახოვკის რაიონში რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის" ვლადიმირ ლეონტიევის თქმით, ნოვაია-კახოვკის მცხოვრებლებისთვის გამოცხადებულია ევაკუაცია სამუშაო ადგილებიდან, „ხალხი იმყოფება ქალაქში, თავშესაფრებში, რადგან განგაშის ხმა არ წყდება".