ცხინვალი „საჰაერო სივრცის დარღვევის“ შესახებ აცხადებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ე.წ. საზღვრის დარღვევის კადრებს ავრცელებს

ცხინვალის ხედი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ.უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ იუწყება.

ვალერი ალიხანთიმ ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალან გაგლოევს ე.წ სამართალდამცავებთან შეხვედრის დროს მიაწოდა. მისი თქმით უპილოტო საფრენმა აპარატმა წინა ღამით, 28 აგვისტოს „სამხრეთ ოსეთის“ საჰაერო სივრცე, დასახლება უისტის ტერიტორიაზე დაარღვია. (უისტა, იგივე წნელისი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება)

„21 აგვისტოდან 28 აგვისტომდე ვითარება სამხრეთ ოსეთ- საქართველოს საზღვარზე სტაბილური და პროგნოზირებადი იყო. სასაზღვრო პატრული აგრძელებს ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების საქმიანობის აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკვირდებიან საზღვარს, ახორციელებენ ფოტო და ვიდეო გადაღებას სასაზღვრო ზონაში სხვადასხვა პოზიციიდან, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. “ – განაცხადა ალიხანთიმ.

მან აღნიშნა, რომ „გუშინ, 22:15 საათზე, სამხრეთ ოსეთის დასახლება უისტაში დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დაფრინავდა ქართული სოფლებიდან, საჩხერიდან, ჩორჩანიდან და არღვევდა საჰაერო სივრცეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ასევე მიღებული გვაქვს ინფორმაცია სასაზღვრო ზონისკენ მიმავალ გზებზე საქართველოს პოლიციის საკონტროლო პუნქტების მოწყობის შესახებ. ამგვარად, საგუშაგოები დგება დღის საათებში და "ტოიოტა ჰაილუქსის" მარკის მანქანაში 4-მდე თანამშრომელი ამოწმებს სასაზღვრო დასახლებებში მიმავალი პირების საბუთებს, რათა გამოირიცხოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრების ჩამოსვლა და მათი პროვოკაციული ქმედებები საზღვარზე“, -აღნიშნა ალიხანთიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ცოტა ხნის წინ ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ასახულია, როგორ ძვრებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართების ქვემოდან, მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას განმარტებით ვიდეო გადაღებულია დრონით, რაჭის რეგიონში ოკუპირებულ სოფელ ირთან, საიდანაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადმოდიან.

ქაცარავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამავე მონაკვეთზე რამდენიმე დღის წინ ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზი, ე.წ "რასტიაშკებით", მავთულზე მიმაგრებული ხელყუმბარებით დანაღმული ნახეს. ამ ფაქტის ფოტომასალაც უკვე გავრცლედა სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ რომ საკითხის შესახებ სუსი ფლობს ინფორმაციას. მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება, ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის თანათავმჯდომარეებს და საკითხი განიხილება ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში განცხადება გაავრცელა 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ცალ ბოძზე, აღმოჩენილი საბრძოლო მასალის - “F1” ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარის თაობაზე.

"პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, "F-1" ტიპის მსგავსი, ე.წ. "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული. საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით გრძელდება",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.